skip to content
ახალი ამბები

უკრაინა, ესტონეთი და პოლონეთი საქართველოს მხარდაჭერას უცხადებენ

ესტონეთის და უკრაინის პრეზიდენტებმა და ასევე პოლონეთის სეიმის თავმჯდომარემ საქართველოს და მის სწრაფვას ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ მხარდაჭერა აღუთქვეს.


სამივე ოფიციალური პირი საქართველოში “ვარდების რევოლუციის“ სამი წლის იუბილის აღსანიშნავად ჩამოვიდა და საქართველოს პარლამენტში სიტყვით გამოვიდა.  


“უკრაინა მხარს დაუჭერს საქართველოს განვითარებას და მისი ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესს… კიევი რუსეთსა და საქართველოს შუამავლობას სთავაზობს დაძაბულობის განმუხტვის მიზნით“, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა ვიქტორ იუშჩენკომ.


ესტონეთის პრეზიდენტმა თომას ჰენდრიკ ილვესმა განაცხადა, რომ ესტონეთს კარგად ესმის საქართველოს წუხილები მეზობელი ქვეყნის მიერ ზეწოლის განხორციელების გამო, რადგანაც ესტონეთმა თავად განიცადა ანალოგიური პრობლემები 90-იან წლებში.


ესტონეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ის სთხოვს აშშ-ს პრეზიდენტ ჯორჯ ბუშს ტალინში 28 ნოემბერს დაგეგმილი მოლაპარაკებების დროს მხარი დაუჭიროს საქართველოს მისწრაფებას ნატოსკენ.


“პოლონეთის ინტერესებში შედის დაეხმაროს საქართველოს ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციაში… რუსეთმა უნდა მიიღოს საქართველოს დემოკრატიული მისწრაფებები და უნდა განაახლოს დიალოგი საქართველოსთან. კონფრონტაცია მხოლოდ ზიანს მოუტანს მთელ რეგიონს“, – განაცხადა პოლონეთის პარლამენტის სპიკერმა მარეკ იურეკმა.


პარლამენტის თავმჯდომარემ ნინო ბურჯანაძემ განაცხადა, რომ ამ მაღალი დონის სტუმრების “ვარდების რევოლუციის“ იუბილეზე დასწრება “ნიშნავს, რომ ჩვენ სანდო მეგობრები გვყავს და ჩვენი ერთობა აქ ნიშნავს, რომ ჩვენ გავამართლეთ ჩვენი ხალხის მოლოდინი ვარდების რევოლუციის შემდეგ“.


“თუმცა, ჯერ კიდევ ბევრი რამ დარჩა გასაკეთებელი, მათ შორის ჩვენი მთავარი ამოცანა – ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა“, – დასძინა მან. 
 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button