ახალი ამბები

Transparency International-ი საქართველოს ხელისუფლების დანაწილების გამო აკრიტიკებს

“ვარდების რევოლუციიდან” სამი წლის შემდეგ “საქართველოში პრაქტიკულად არ ხდება ძალაუფლების ან კომპეტენციების გადანაწილება“ და “არც ერთი ინსტიტუტი არ არის დაცული ჩარევისგან, რეალურად  მაინც, თუ იურიდიულად არა“, ნათქვამია Transparency International-ის მიერ გავრცელებულ მოხსენებაში  – “საქართველოში ხელისუფლების დანაწილება“.


მოხსენება, რომელიც საქართველოს მიერ საერთაშორისო ვალდებულებების შეფასების პროგრამის ფარგლებში  ფინეთის მთავრობის მხარდაჭერით მომზადდა, განიხილავს ხელისუფლების დანაწილებას როგორც ჰორიზონტალურად – ცენტრალურ დონეზე ხელისუფლების შტოებს შორის, ისე ვერტიკალურად – ცენტრალურ და ადგილობრივ დონეებს შორის.


“ის, რაც საქართველოს აქვს, არის ზესაპრეზიდენტო სისტემა, რომელიც ძალიან ჰგავს რუსეთის ფედერაციას და ცენტრალური აზიის ქვეყნებში არსებულ სისტემებს… მთავრობის (მინისტრთა კაბინეტის) შექმნით არსებული საკონსტიტუციო მოდელი შეიცვალა. ფორმალურად ნახევრად საპრეზიდენტო სისტემის შემოღებით იგი საპრეზიდენტო მმართველობას ჩამოშორდა. თუმცა, მთავრობას, როგორც სახელმწიფო ორგანოს, რეალური დამოუკიდებლობა არ გააჩნია… რეალურად, ხელისუფლების შტოები გამიჯნული არ არის და ერთმანეთზე ზედამხედველობის განსახორციელებლად თანაბარი ძალა არ აქვთ“, – ნათქვამია მოხსენებაში.


მოხსენების თანახმად, პარლამენტს არ აქვს საკმარისი ძალაუფლება აღმასრულებელი ხელისუფლების დასაბალანსებლად და ფაქტობრივად “პრეზიდენტის კეთილ ნებაზეა დამოკიდებული“.


ხელისუფლებამ ვერ შეძლო ადგილობრივი თვითმმართველობის სისტემის გაძლიერება, რადგანაც “მთავრობა, თითქოს, არ არის დაინტერესებული ეფექტურ თვითმმართველობაში“, – ნათქვამია მოხსენებაში. 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button