ახალი ამბები

“რუსთავი 2″–ის ირგვლივ მსხვილი მედიაჰოლდინგი იქმნება

ტელეკომპანიების “რუსთავი 2”–ის,  “მზისა” და “პირველი სტერეოს“ გაერთიანების შედეგად მსხვილი მედიაჰოლდინგი შეიქმნება – ეს ინფორმაცია “რუსთავი 2“–ის გენერალურმა დირექტორმა კობა დავარაშვილმა დღეს გადაცემა “ბიზნესკურიერში“ დაადასტურა.


გადაცემაში ასევე დადასტურდა გავრცელებული ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ “რუსთავი 2“–ის აქციათა 78%–ის მფლობელი კომპანია “ჯეოტრანსი“ გახდა, რომელმაც აქციათა ეს ოდენობა ბიზნესმენ ქიბარ ხალვაშისაგან შეისყიდა, რომელიც ეკონომიკის ყოფილი მინისტრის ირაკლი ოქრუაშვილის ახლო მეგობარია.


გარდა ამისა, ჰოლდინგის შიგნით წილების ფლობა იცვლება. ამ ეტაპზე ჰოლდინგის ღერძი საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფია, რომელიც “რუსთავი2”-სა და “მზე”-ში 22%-22%-ს ფლობს, ხოლო “პირველ სტერეოში” 65%-ს. ასევე არ არის გამორიცხული, რომ “ჯეოტრანსმა” დამატებითი კაპიტალის მოსაზიდად საკუთარი წილის ნაწილი გაასხვისოს.

თუმცა ტელეკომპანიის ხელმძღვანელის თქმით, ამ ინფორმაციების გამჟღავნება ახალი წლისათვის იგეგმებოდა და ხელმძღვანელობა იძულებული გახდა ჰოლდინგის შექმნის პროცესის დასრულებამდე გაეხმოვანებინა გეგმები მას შემდეგ, რაც ტელეკომპანია  “იმედის” მეშვეობით ინფორმაციამ “გაჟონა”.   


“უკვე შეთანხმება მიღწეულია, ეს სამი არხი ერთიანდება და ჩვენ ვიქნებით საკმაოდ ძლიერი და ქართულ ბაზარზე არნახული მედიაჰოლდინგი“, – განაცხადა დღეს კობა დავარაშვილმა “ბიზესენკურიერთან“ ინტერვიუში.


“ბიზნესკურიერის“ ცნობით, ახალი მედია ჰოლდინგი ქართული მედია ბაზრის ნახევარზე მეტს დაიკავებს.


კითხვაზე შეძლებს თუ არა “იმედი“ ახალი მედიაჰოლდინგისთვის კონკურენციის გაწევას, კობა დავარაშვილმა უპასუხა, რომ “ჩვენთან ბრძოლა ამ ყველაფრის შედეგად უფრო საინტერესო და უფრო რთული იქნება… ეს ჩვენი კონკურენტების სადარდებელია, როგორი იქნება ჩვენთან კონკურენტული თამაში“.


მისი თქმით, მედიაჰოლდინგთან დაკავშირებული ტექნიკური საკითხები განხილვის პროცესშია, თუმცა არხის მენეჯმენტში ცვლილებები არ იქნება. “სტრუქტურა ჰოლდინგისათვის მორგებადი გახდება“, – დასძინა დავარაშვილმა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button