skip to content
ახალი ამბები

პრეზიდენტი “ბადაგონის” გამო სოფლის მეურნეობის სამინისტროს საყვედურობს

პრეზიდენტ სააკაშვილის განცხადებით, მან სოფლის მეურნეობის სამინისტროს შენიშვნა მისცა იმის გამო, რომ ღვინის მწარმოებელ კომპანია “ბადაგონში“ ჩატარებული ე.წ ფალსიფიკაციის საწინააღმდეგო აქცია იყო “არაკორექტული“.


14 ნოემბერს ფინანსური პოლიციისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაქვემდებარებაში მყოფი ვაზისა და ღვინის დეპარტამენტის –  სამტრესტის წარმომადგენლებმა იტალიური ინვესტიციით აშენებული ქარხანა “ბადაგონი“, რომელიც პრეზიდენტმა 27 ოქტომბერს საზეიმოდ გახსნა, დალუქეს და 100 ტონაზე მეტი ღვინო დაღვარეს. სოფლის მეურნეობის ახლადდანიშნულმა მინისტრმა პეტრე ცისკარიშვილმა განაცხადა, რომ ეს ღვინო ფალსიფიცირებული იყო, თუმცა კომპანიის ხელმძღვანელობამ ეს უარყო და განაცხადა, რომ სამტრესტს სასამართლოში უჩივლებს.


“ეტყობა გადაწყვიტეს, რომ ახალ მინისტრს დაუმტკიცონ ერთგულება და ის, რაც გაკეთდა “ბადაგონთან“ მიმართებაში იყო არაკორექტული და არასწორად იყო გაკეთებული. საქართველოში ფალსიფიცირებულ ღვინოს მთავრობა აღარ დაუშვებს… მაგრამ არავის არ ქონდეს იმის ილუზია, რომ ეს ყველაფერი შეიძლება მოხდეს კამპანიებით, ტელეკამერებით… თუ იყო იქ [“ბადაგონში“] ფალსიფიცირებული ღვინო ან რაღაც დარღვევები, ეს ხდება წინასწარი შეტყობინების პროცედურით, რამდენჯერმე გაფრთხილებით, კონსულტაციებით, მეგობრული რჩევებით და თუ საჭირო გახდა კანონის ფარგლებში ამ პროდუქციის ამოღებით და კონფისკაციით, ოღონდ მაქსიმალურად სასურველია, რომ კომპანიის სახელს და რეპუტაციას ჩრდილი არ მიადგეს“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.


მან კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი, რომ მთავრობის ამოცანაა ინვესტორებს დაუდგეს გვერდით. “იმედი მაქვს, რომ პეტრე ცისკარიშვილი მომავალში არ დაუშვებს რაიმე მსგავსის გამეორებას“, – დასძინა პრეზიდენტმა.


“ეს ეხება ბადაგონს და ნებისმიერ სხვა კომპანიას საქართველოში. ეს ხალხი არის ჩვენთვის ყველაზე ძვირფასი პარტნიორები, ვინც ფულს დებს საქართველოში“, – განაცხადა პრეზიდენტმა.

დღესვე პრეზიდენტის დავალებით კომპანია “ბადაგონს”, რომელიც კახეთის რეგიონში მდებარეობს, პრემიერ–მინისტრი ზურაბ ნოღაიდელი ეწვევა და ადგილზე გაეცნობა შექმნილ ვითარებას.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button