ახალი ამბები

სააკაშვილმა და ოქრუაშვილმა ერთობლივი განცხადება გააკეთეს

“მე მივდვარ, მაგრამ ძალიან მალე დავბრუნდები იქ სადაც დარჩა ჩემი გული – ქართულ არმიაში“, – განაცხადა ირაკლი ოქრუაშვილმა 20 ნოემბერს.


მან ამის შესახებ განცხადება პრეზიდენტთან და მისი ადმინისტრაციის ხელმძღვანელთან გიორგი არველაძესთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა. არველაძე დღეს პრეზიდენტმა ახალ ეკონომიკის მინისტრად წარადგინა, რომელმაც ამ პოსტზე 10 ნოემბერს დანიშნული ირაკლი ოქრუაშვილი შეცვალა. მინისტრობაზე ოქრუაშვილმა დანიშვნიდან ერთი კვირის თავზე თქვა უარი.


“მიზეზი, რის გამოც მე დღეს აქ ვარ და ეს გადაწყვეტილება მიღებული მაქვს, მდგომარეობს ჩვენ გერბზე გამოსახულ სიტყვებში: ძალა ერთობაშია.  და ალბათ ამ სიტყვების სისრულეში მოყვანის გარეშე შეუძლებელია იმ ოცნების ასრულება, რომელიც თითოეულ ქართველს და მათ შორის მეც გამაჩნია, ეს არის ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა…მე მივდივარ, მაგრამ ძალიან მალე დავბრუნდები იქ, სადაც დარჩა ჩემი გული. დავბრუნდები იმისთვის, რომ დავამთავროთ ის საქმე, რომელიც დაუმთავრებელი დაგვრჩა… ოღონდ მნიშვნელობა არ აქვს მინისტრად თუ ჯარისკაცად“, –   განაცხადა ოქრუაშვილმა, რომელიც მთავრობაში საკადრო ცვლილებებამდე თავდაცვის სამინისტროს უდგა სათავეში. 


სანამ თავდაცვის ყოფილი მინისტრი ამ განცხადებებს გააკეთებდა, მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ ოქრუაშვილი უცხოეთში განათლების მისაღებად გეგმავს წასვლას.


“თავიდანვე ირაკლი მეუბნებოდა, რომ უნდოდა თავდაცვის მინისტრობიდან წასვლა, რათა გაეგრძელებინა განათლება და კვალიფიკაციის ამაღლება სამხედრო–პოლიტიკურ სფეროში საზღვარგარეთ. მაშინ მე ვთხოვე, რომ ამას ჯობდა ეკონომიკის მინისტრად გადასვლა. თავიდან შევთანხმდით, ვინაიდან მაინც მოდიოდა თავდაცვის სამინისტროდან, მაგრამ მერე მაინც თავისივე აზრზე დარჩა და პრინციპში მე ამას პატივს ვცემ, ძალიან მიყვარს ირაკლი და მიმაჩნია, რომ მისი ნებისმიერი არჩევანი ჩემთვის არის გასაზიარებელი, თუმცა ჩვენ კარგი გეგმები დავაწყვეთ და მიმაჩნდა, რომ ის იქნებოდა და იქნება კარგი ეკონომიკის მინისტრი“, – განაცხადა სააკაშვილმა.


მისი თქმით, ოქრუაშვილს ბევრი შეთავაზება აქვს სწავლასთან დაკავშირებით.
 
“ნახეთ რა მომღიმარი და კმაყოფილია ოქრუაშვილი“, – განაცხადა პრეზიდენტმა.


მან კატეგორიულად უარყო მოსაზრება, რომ მთავრობაში განხორციელებულმა ცვლილებებმა კრიზისის ნიშნები გააჩინა.


“მგონი დაგავიწყდათ, როგორ გამოიყურება ნამდვილი კრიზისი და ღმერთმა აღარ გაგახსენოთ და ჩვენ სანამ ამ კაბინეტებში ვსხედვართ ნამდვილად ვეღარ დავუშვებთ, რომ კრიზისი ვინმემ თავზე მოახვიოს საქართველოს. კრიზისები აქვს იმ ქვეყნებს, ვინც საქართველოს უქმნიან პრობლემებს, ჩვენ კრიზისები არ გვექნება მათი მცდელობის მიუხედავად“, – განაცხადა სააკაშვილმა.
 



 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button