skip to content
ახალი ამბები

ბურჯანაძე დსთ-ს არაეფექტურობაზე საუბრობს

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ნინო ბურჯანაძემ 16 ნოემბერს სანკტ-პეტერბურგში დსთ-ს საპარლამენტო ასამბლეის სხდომაზე გამოსვლისას ორგანიზაცია მწვავედ გააკრიტიკა და მას “არაეფექტური” უწოდა.


თავის გამოსვლაში ბურჯანაძემ აფხაზეთის კონფლიქტის ზონაში დსთ-ს ეგიდით განლაგებული რუსი სამშვიდობოებიც გააკრიტიკა და განაცხადა, რომ ამ ძალებმა “კონფლიქტის შემდგომ გაყინვას“ შეუწყვეს ხელი. თუმცა, მან ასევე მიანიშნა, რომ საქართველო ჯერ არ გეგმავს ორგანიზაციიდან გამოსვლას.    


“როგორ შეიძლება დსთ-ს ეფექტურობაზე საუბარი, როდესაც დღეს ამ დარბაზში საუბარი იყო ორგანიზაციის დღის წესრიგზე და ერთი სიტყვაც კი არ თქმულა იმასთან დაკავშირებით, რომ დსთ-ს ორი სახელმწიფო პრაქტიკულად ომის ზღვარზე იმყოფება. როგორ შეიძლება ისაუბრო ამ ორგანიზაციის ეფექტურობაზე, როდესაც დსთ არაფერს აკეთებს იმისათვის, რომ დაარეგულიროს ურთიერთობები ორ სახელმწიფოს შორის, როდესაც დსთ არ რეაგირებს იმაზე, რომ დღეს ირღვევა დსთ-ს ყველა ძირითადი პრინციპი“, – განაცხადა ბურჯანაძემ დსთ-ს საპარლამენტო ასამბლეის სხდომაზე გამოსვლისას.


“დღეს ამ დარბაზში ჩემი დელეგაციის შემადგენლობაში იმყოფება საპარლამენტო ოპოზიციური ფრაქციის ერთ-ერთი ლიდერი [დავით ბერძენიშვილი]. სწორედ ეს ფრაქცია იყო ინიციატორი, რომელიც მოითხოვდა მმართველი პარტიისგან საქართველოს დსთ-დან გამოსვლისთვის დაეჭირა მხარი. რა არგუმენტები გამაჩნია დღეს მე იმისათვის, რომ დავუმტკიცო ჩემს კოლეგებს, რომ დსთ-დან გამოსვლა არ არის კარგი, რომ დსთ-ში დარჩენას რაღაც აზრი მაინც აქვს. მმართველ პარტიას და პირადად მე ძალიან გაგვიჭირდა დაგვემტკიცებინა ოპონენტებისთვის, თუ რატომ არ უნდა დატოვოს საქართველომ ეს ორგანიზაცია დღეს. თუმცა, ჩემი აქ ყოფნა დღეს და ის ფაქტი, რომ საქართველოს პრეზიდენტმა მიიღო გადაწყვეტილება მონაწილეობა მიიღოს დსთ-ს ლიდერთა სამიტში იმაზე მეტყველებს, რომ საქართველოს მთავარი მიზანი არის გამოიყენოს ყველა დიპლომატიული და პოლიტიკური მექანიზმი, რათა მოძებნოს დსთ-ს ფარგლებში და რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებში არსებული ყველაზე ურთულესი პრობლემების მოგვარების გზები“, – განაცხადა მან. 


“რატომ დუმს დსთ, როდესაც ერთი სახელმწიფო ემუქრება მეორე წევრ სახელმწიფოს. რატომ არავინ რეაგირებს იმაზე, რომ რუსეთის საჰაერო ძალების უფროსმა გუშინ თითქმის გამოხატა მზადყოფნა, რომ დაბომბოს საქართველო. თუ დღეს ეს საქართველოს ეხება, ხვალ ნებისმიერი თქვენგანი შეიძლება აღმოჩნდეს იგივე სიტუაციაში. დსთ-ს აქტიური მხარდაჭერა შესაძლოა დახმარებოდა როგორც საქართველოს, ისე რუსეთს გამოენახათ საერთო ენა, საერთო ინტერესები და მოეგვარებინათ ის პრობლემები, რომლებიც ნამდვილად გვაწუხებს. სამწუხაროდ, დსთ-მ ძირითადად დამკვირვებლის პოზიცია ამოირჩია. სამწუხაროდ, დსთ-ს ყველაზე მნიშვნელოვანმა ძალებმა – სამშვიდობოებმა ვერ მოაგვარეს ვითარება ვერც ერთ კონფლიქტის ზონაში პოსტ-საბჭოთა სივრცეში. დსთ-ს სამშვიდობოები არაეფექტურები არიან. უფრო მეტიც, ისინი ხელს უწყობენ იმ კონფლიქტების გაყინვას, რომლებიც საქართველოში და დსთ-ს სხვა ქვეყნებში არსებობს,“ – განაცხადა ბურჯანაძემ.


ამის საპასუხოდ, რუსეთის ფედერაციის საბჭოს თავმჯდომარემ სერგეი მირონოვმა ბურჯანაძეს განუცხადა, რომ მისი “გულწრფელი“ კრიტიკა და შესაძლებლობა გამოთქვას საქართველოს პრეტენზიები უკვე არის არგუმენტი დსთ-ს სასარგებლოდ.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button