ახალი ამბები

პარლამენტარები სამხრეთ ოსეთის არჩევნებზე კომენტარს აკეთებენ

პარლამენტის დეპუტატები მმართველი და ოპოზიციური პარტიებიდან აცხადებენ, რომ 12 ნოემბერს ცხინვალის რეგიონში ჩატარებულმა დე ფაქტო და ალტერნატიულმა საპრეზიდენტო არჩევნებმა და რეფერენდუმმა აჩვენა, რომ ედუარდ კოკოითის რეჟიმი არ გამოხატავს რეგიონის მთლიანი მოსახლეობის ინტერესებს.


საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი დავით ბაქრაძე აცხადებს, რომ სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის მოგვარებამდე იქ ჩატარებული ვერცერთი არჩევნები ვერ იქნება ლეგიტიმური.


“თუმცა თვითონ ის ფაქტი, რომ შედგა ალტერნატიული არჩევნები მიუთითებს იმაზე, რომ რეგიონის მოსახლეობის ძალიან დიდი ნაწილს აღარ სურს იყოს მანიპულირებული კოკოითის კრიმინალური რეჟიმის მიერ, იყოს მართული რუსეთიდან და ადამიანებს უბრალოდ სურთ მშვიდობა და მოლაპარაკება ქართულ მხარესთან“,  – განუცხადა ტელეკომპანია “იმედს“ 13 ნოემბერს დავით ბაქრაძემ.

უმრავლესობის ერთ–ერთმა ლიდერმა გიგა ბოკერიამ განაცხადა, რომ აბსოლუტურად სწორი პოზიცია დაიკავა თბილისმა, როცა ალტერნატიულ არჩევნებს ხელი არ შეუშალა.


“არანაირი გადაულახავი პრობლემა ჩვენს ოს და ქართველ თანამოქალაქეებს ამ რეგიონში არ აქვთ და ნებისმიერი პოლიტიკოსი, რომელსაც ექნება გზავნილი მშვიდობის, პოლიტიკური მოგვარების და თანაცხოვრების, მოიპოვებს მხარდაჭერას”, – განაცხადა ბოკერიამ.   


“პროცესი გახდა საინტერესო იმ თვალსაზრისით, რომ ცხინვალის რეგიონის მოსახლეობაში გამოიკვეთა ორი პოზიცია: პრორუსული და პროქართული. თუ ამ პროცესის გონივრულად განვითარება მოხდება, ეს იქნება მშვიდობიანი პროცესის დასაწყისი, გასაღები, თუმცა არის საფრთხეები, რომ ვინმემ იმ ტიპის პოლარიზაცია არ მოახდინოს ამ ორ მიმართულებას შორის, რომ კონფლიქტური და საბრძოლო მოქმედებების პროვოცირება და ესკალაცია მოხდეს“, – განაცხადა “ახალი მემარჯვენეების“ წარმომადგენელმა ფიქრია ჩიხრაძემ.


რესპუბლიკელი დეპუტატის დავით ბერძენიშვილის განცხადებით, საქართველოს ხელისუფლებამ ფრთხილად და მიზანმიმართულად უნდა იმოქმედოს.


“კოკოითი აქამდე ლაპარაკობდა, რომ ის არის ამ ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობის ინტერესების გამომხატველი, ამ არჩევნებმა და რეფერენდუმებმა დაადატურა, რომ ეს ასე არის“, – აცხადებს ბერძენიშვილი.


 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button