ახალი ამბები

კეზერაშვილი: ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა მთავარ ამოცანად რჩება

ტელეკომპანია “რუსთავი 2“-ისთვის მიცემულ ინტერვიუში ახალმა თავდაცვის მინისტრმა დავით კეზერაშვილმა, რომელმაც ამ თანამდებობაზე ირაკლი ოქრუაშვილი შეცვალა, განაცხადა, რომ ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა მთავარ ამოცანად რჩება.


ქვემოთ მოცემულია კეზერაშვილის ინტერვიუ, რომელიც ჟურნალისტმა დავით კიკალიშვილმა ჩაწერა და რომელიც 12 ნოემბერს გადაიცა “რუსთავი 2“-ის ეთერით.


პირველი კითხვა, რომელიც მინდა დაგისვათ ეხება თქვენს საახალწლო გეგმებს. სად აპირებთ ახალი წლის აღნიშვნას? [თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა ირაკლი ოქრუაშვილმა მაისში განაცხადა, რომ იგი ან ცხინვალში შეხვდება 2007 წლის 1 იანვარს, ან თანამდებობიდან გადადგება].


ახალ წელს აუცილებლად შევხვდები საქართველოში. თუ რომელ კუთხეში და რა ადგილას ამას საიდუმლოდ დავტოვებ ამ შემთხვევაში. მაგრამ ზუსტად ვიცი, რომ ახალ წელს საქართველოში შევხვდები.


რამდენად მოულოდნელი იყო პრეზიდენტის ეს წინადადება [თავდაცვის მინისტრად დანიშვნის თაობაზე] თქვენთვის?


საკმაოდ მოულოდნელი იყო.


გადაწყვეტილების მიღება თუ გაგიჭირდათ?  


არა, გადაწყვეტილების მიღება არ გამჭირვებია იქიდან გამომდინარე, რომ მიჩვეული ვარ იყო იქ, სადაც სჭირდება ქვეყანას და სადაც დამავალებს პრეზიდენტი.


რუსულ პრესაში მუსირებდა ესეთი აზრი და ისმოდა კითხვა, საქართველოს ხელისუფლებაში რომელმა პარტიამ მოიგო [მთავრობაში განხორციელებული ცვლილებების შედეგად] – “მშვიდობის პარტიამ“ თუ “ომის პარტიამ“?


საქართველოს მთავარი ამოცანა არის აღადგინოს თავისი ტერიტორიული მთლიანობა და ეს ამოცანა მთავარ ამოცანად რჩება. საქართველოს არაკეთილმოსურნეებს ნუ გაუჩნდებათ იმის ილუზია, რომ აქ რაღაც შეიცვალა.


ოპოზიციის რეაქციაზე [მთავრობაში განხორციელებულ ცვლილებებთან დაკავშირებით] რას იტყოდით?


ოპოზიციის რეაქციაზე მე კომენტარს არ გავაკეთებ.


ფიქრობთ თუ არა, რომ თქვენი მოსვლით თქვენ რაღაც აქცენტებს დასვამთ?


ჩემი ამოცანაა ბოლომდე მივიყვანო საქართველოს ჯარის მშენებლობა. საქართველოს არმიას უნდა შეეძლოს დაიცვას ქვეყნის ინტერესები. საქართველოს ჯარს უნდა შეეძლოს ყველა ამოცანის შესრულება, რომელიც მას შესაძლოა ოდესმე დაეკისროს.


როგორ ფიქრობთ თქვენი ძველი სამსახურიდან [ფინანსური პოლიციიდან] წამოსვლით შვებით ამოისუნთქავენ თუ არა ბიზნესმენები და არგადამხდელები?


არა მგონია, იქიდან გამომდინარე, რომ იქ დარჩა ხალხი, რომლებიც გააგრძელებენ იმ საქმეს, რომელსაც ჩვენ ვაკეთებდით ერთად.  შესაბამისად, არგადამხდელებს და კანონის დამრღვევებს არ ვურჩევ, რომ შვებით ამოისუნთქონ. 


ცოტა პირადული კითხვა: იარაღთან რა ურთიერთობა გაქვთ?


იარაღი, როგორც ქართველების უმრავლესობას, ძალიან მიყვარს, ცივი იარაღი ამ შემთხვევაში. მაქვს ჩემი საყვარელი ხმალი.    

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button