ახალი ამბები

ფინანსთა სამინისტროში “შემოსავლების სამსახური” მომავალი წლიდან ამოქმედდება

2007 წლიდან საგადასახადო, საბაჟო დეპარტამენტებისა და ფინანსური პოლიციის გაერთიანების შედეგად ფინანსთა სამინისტროში ახალი სტრუქტურული ერთეული  – “შემოსავლების სამსახური“ შეიქმნება, განაცხადა ფინანსთა მინისტრმა ლექსო ალექსიშვილმა 9 ნოემბერს გამართულ პრესკონფერენციაზე.


ფინანსთა სამინისტროში სტრუქტურული რეორგანიზაციის ინიციატივა პრეზიდენტ სააკაშვილს ეკუთვნის. შესაბამის საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტს პარლამენტი საშემოდგომო სესიაზე განიხილავს.


ალექსიშვილის თქმით, ჯერ–ჯერობით ნაადრევია საუბარი “შემოსავლების სამსახურს“ ვინ ჩაუდგება სათავეში. თუმცა ერთ–ერთ კანდიდატად ფინანსური პოლიციის ამჟამინდელი ხელმძღვანელი დავით კეზერაშვილი სახელდება.


კანონპროეტის მიხედვით, შემოსავლების სამსახური დაიყოფა  მომსახურების; კონტროლისა და გამოძიების;  საინფორმაციო უზრუნველყოფის მიმართულებების მიხედვით და მის ფუნქციაში შევა:

– საგადასახადო და საბაჟო კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებების აღსრულება;
–  საბაჟო–საგადასახადო და სხვა გადასახადების ადმინისტრირება;
–  გადასახადების გადამხდელთა ინფორმირება;
–  დანაშაულებებზე და სამართალდარღვევებზე სისხლის სამართლებრივი დევნა და ადმინისტრირება;
–  სამოხელეო და კორუფციული დანაშაულის პრევენცია და გამოვლენა;
– ექსპერტიზა. 


“ერთის მხრივ, სრული მომსახურება გაეწევა გადასახადების გადამხდელებს, მეორეს მხრივ კი გაგრძელდება მუშაობა ეკონომიკური დანაშაულის წინააღმდეგ“, – განაცხადა ფინანსთა მინისტრმა.


მისი ინფორმაციით, ახალ სტრუქტურის შექმნას არსებული შტატების შემცირება არ მოჰყვება.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button