skip to content
ახალი ამბები

BP ბაქო–სუფსას ნავთობსადენის ფუნქციონირებას დროებით აჩერებს

“ბრითიშ პეტროლიუმმა“ (BP) დროებით შეაჩერა ნავთობის გადინება ბაქო–სუფსას ნავთობსადენის მეშვეობით მას შემდეგ, რაც მილებზე გარკვეული “ანომალიები” აღმოაჩინა.


155 ათასი ბარელი ნავთობი, რომელიც ყოველდღიურად გადაიქაჩებოდა ბაქოდან სუფსამდე, გადამისამართებული იქნება BP–ის მეორე, ბაქო–თბილისი–ჯეიჰანის ნავთობსადენზე, განუცხადა “სივილ ჯორჯიას“ BP–ის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენელმა თამილა ჩანტლაძემ.


“გარდა ამისა, ნავთობგადაზიდვებისათვის გამოყენებული იქნება რკინიგზაც. ამდენად, გადაზიდვებში არანაირი შეფერხება არ იქნება“, – დასძინა მან.


მან ასევე აღნიშნა, რომ ოქტომბერში ნავთობსადენის გეგმიური შემოწმების დროს “მცირე ანომალიები“ იქნა აღმოჩენილი. თუმცა არც ამ ანომალიების დეტალები და არც ნავთობსადენის რეაბილიტაციის დასრულების თარიღი ცნობილი არ არის.


გავრცელებული ინფორმაციით, ნავთობსადენი რუსთავი–ხაშურის მონაკვეთზეა დაზიანებული.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Back to top button