
ბაღაფში კმაყოფილია გაეროს დამკვირვებელთა გამოძიების შედეგებით
თვითგამოცხადებული აფხაზეთის ლიდერი სერგეი ბაღაფში კმაყოფილია გაეროს დამკვირვებელთა გამოძიების შედეგებით, რომლის მიხედვითაც დადგინდა, რომ 25 ოქტომბერს კოდორის ხეობის სოფელ აჟარას მიმართულებით “გრადის“ ტიპის ჭურვები ტყვარჩელის მხიდან არ უსვრიათ.
“გაეროს მისია ადასტურებს, რომ აფხაზეთის ტერიტორიიდან “გრადის“ სისტემიდან არანაირი გასროლა არ განხორციელებულა. თუ ჩვენ სროლა დაგვჭირდებოდა, ამას უფრო ზუსტად გავაკეთებდით“, – იუწყება “აფსნიპრესი“ 2 ნოემბერს ბაღაფშის სიტყვებზე დაყრდნობით.
25 ოქტომბერს კოდორში მომხდარი ამ ინციდენტის დროს ხეობაში საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ვანო მერაბიშვილი იმყოფებოდა.
ბაღაფშის განცხადებით, გაეროს დამკვირვებელთა ვერსიას იმის თაობაზე, რომ სროლა არა ტყვარჩელიდან, არამედ აჟარას სამხრეთით მდებარე ფერდობიდან განხორციელდა, ადასტურებს ემზარ კვიციანის სატელევიზიო მიმართვა, სადაც ის თავის თავზე იღებს მომხდარ ინციდენტს.
ბაღაფშის ამ განცხადებამდე თვითგამოცხადებული აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტრომ ეჭვი შეიტანა გაეროს დამკვირვებელთა გამოძიების ობიექტურობაში იმის გამო, რომ ამ პროცესში არ მონაწილეობდნენ რუსი სამშვიდობოები და აფხაზური მხარე.
This post is also available in: English