ახალი ამბები

სეპარატისტ ლიდერებს სააკაშვილთან და პუტინთან მაღალი დონის მოლაპარაკებები სურთ

სამხრეთ ოსეთის ლიდერი ედუარდ კოკოითი 2 ნოემბერს სოხუმში ვიზიტის დროს აფხაზეთის ლიდერს სერგეი ბაღაფშს შეხვდა და ორმხრივი თანამშრომლობის და კონფლიქტების მოგვარების საკითხები განიხილა, იტყობინება “აფსნიპრესი”.


მოლაპარაკებების შემდეგ ხელმოწერილ ერთობლივ კომუნიკეში კოკოითი და ბაღაფში ოთხმხრივი მოლაპარაკებებისკენ მოუწოდებენ, რომელშიც მონაწილეობას მათთან ერთად საქართველოსა და რუსეთის პრეზიდენტები მიიღებენ.


“[ბაღაფშის და კოკოითის] შეხვედრის დროს ასევე იქნა განხილული საქართველოს პრეზიდენტის წინადადება სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტთან შესაძლო შეხვედრის თაობაზე. ამ შეხვედრის გამორიცხვის გარეშე, აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტებმა გაიხსენეს ასევე რუსული მხარის ინიციატივა სოჭში ოთხმხრივი შეხვედრის ორგანიზების თაობაზე… თუმცა, მაშინ ბატონი სააკაშვილი მზად არ აღმოჩნდა ამ ტიპის შეხვედრისთვის… კონფლიქტის მხარეებს შორის ნდობის უკიდურესად დაბალი დონის ფონზე, ამგვარმა შეხვედრამ შესაძლოა არსებული შეთანხმებების შესრულების საქმეში მნიშვნელოვანი გარანტის როლი ითამაშოს“, – ნათქვამია კოკოითის და ბაღაფშის მიერ ხელმოწერილ კომუნიკეში.


სეპარატისტმა ლიდერებმა ასევე მოუწოდეს თბილისს ყოველგვარი წინაპირობების გარეშე ხელი მოაწეროს  შეთანხმებებს აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან ცეცხლის განუახლებლობის თაობაზე.


შეხვედრის დროს სამხრეთ ოსეთის და აფხაზეთის ლიდერებმა დაგმეს აფხაზეთის ლეგიტიმური მთავრობის ზემო კოდორის ხეობაში განლაგების ფაქტი და თბილისის გეგმები სამხრეთ ოსეთში “ალტერნატიული საპრეზიდენტო არჩევნების გამართვის თაობაზე”, იტყობინება “აფსნიპრესი“.


სეპარატისტმა ლიდერებმა ასევე დაგმეს “რეგიონში მზარდი დაძაბულობა, რასაც საქართველოს ხელმძღვანელობის მილიტარისტული ქმედებები იწვევს“.   
 


 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button