skip to content
ახალი ამბები

გაეროს დამკვირვებლები: “გრადის“ ტიპის ჭურვები კოდორში ტყვარჩელიდან არ უსვრიათ

გაეროს დამკვირვებლებმა დაადასტურეს, რომ 25 ოქტომბერს ზემო კოდორის ხეობის სოფელ აჟარის მახლობლად მართლაც ჩამოვარდა “გრადის“ ტიპის ჭურვები, თუნცა განაცხადეს, რომ ჭურვები ტყვარჩელიდან არ ყოფილა ნასროლი.


საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა განაცხადა, რომ 25 ოქტომბერს სოფელ აჟარის მიმართულებით “გრადის“ ტიპის სამი ჭურვი ტყვარჩელიდან ისროლეს. ქართულმა მხარემ დაუყოვნებლივ დაადანაშაულა აფხაზური მხარე ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების დარღვევაში. აფხაზურმა მხარემ უარყო ბრალდებები და განაცხადა, რომ ინციდენტის უკან შესაძლოა ემზარ კვიციანის მხარდამჭერები ყოფილიყვნენ. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ კი თავად ფაქტი დააყენა კითხვის ნიშნის ქვეშ და განაცხადა, რომ რუს სამშვიდობოებს არანაირი სროლა 25 ოქტომბერს არ დაუფიქსირებიათ. საქართველოში გაეროს დამკვირვებელთა მისიამ 26 ოქტომბერს განაცხადა, რომ დამოუკიდებლად გამოიძიებდა ინციდენტს.  


“ჭურვის ჩამოვარდნის ერთ-ერთ ადგილას გაკეთებული დასკვნა შეესაბამება ინფორმაციას იმის თაობაზე, რომ ჩამოვარდნილი ჭურვები “გრადის (BM-21) ტიპის იყო. თუმცა, ჭურვების მწარმოებელი ქვეყნის დადგენა ვერ მოხერხდა. [ჭურვების ჩამოვარდნის] ორივე გამოკვლეულ ადგილას აფეთქების ნიშნები არ ჩანდა. საქართველოს ოფიციალურმა პირებმა აცნობეს გაეროს დამკვირვებელთა მისიას, რომ აფეთქება არც მესამე ადგილას შეინიშნებოდა. საგამოძიებო ჯგუფმა დაადგინა, რომ ჭურვები ინციდენტის ადგილის სამხრეთიდან იქნა გამოსროლილი“, – ნათქვამია გაეროს დამკვირვებელთა მისიის მიერ 1 ნოემბერს გავრცელებულ პრეს-რელიზში.


გაეროს დამკვირვებელთა მისიამ შესწავლის შედეგად ასევე დაადგინა, რომ ჭურვები არ იყო ნასროლი სატვირთო მანქანაზე დამონტაჟებული BM-21-ტიპის სარაკეტო დანადგარიდან.


“საგამოძიებო ჯგუფმა დაასკვნა, რომ ყველაზე სავარაუდო სცენარი, რომელიც შეესაბამება ადგილზე არსებულ ტოპოგრაფიულ და ბალისტიკურ მონაცემებს არის ის, რომ ჭურვები ისროლეს თვითნაკეთი სარაკეტო დანადგარით სამხრეთით მდებარე ფერდობიდან [რომელიც სოფელ აჟარას მოპირდაპირე მხარეს 1200-1400 მეტრ სიმაღლეზეა აზიდული ], – განაცხადა გაეროს დამკვირვებელთა მისიამ. 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button