skip to content
ახალი ამბები

კომერსანტი: პუტინის ყოფილი თანაშემწე შესაძლოა სააკაშვილის მრჩეველი გახდეს

რუსული გაზეთი “კომერსანტი” 30 ოქტომბერს იტყობინება, რომ ანდრეი ილარიონოვი, რუსეთის პრეზიდენტის ყოფილი თანაშემწე, შესაძლოა პრეზიდენტ სააკაშვილის მრჩეველი გახდეს ეკონომიკურ საკითხებში.


თუმცა, ილარიონოვმა, რომელმაც თბილისში 25-27 ოქტომბერს გამართულ  საერთაშორისო კონფერენციაში “თავისუფლება, ვაჭრობა და მშვიდობა: რეგიონალური დღის წესრიგი“ მიიღო მონაწილეობა, უარყო ეს ინფორმაცია. “ეს მორიგი სპეკულაციის საბაბია“, – განუცხადა მან “კომერსანტს“.


თბილისში ილარიონოვი პრეზიდენტ სააკაშვილს შეხვდა, თუმცა მან თავი შეიკავა კომენტარისაგან საკითხზე – შესთავაზა თუ არა სააკაშვილმა მას ეს თანამდებობა.


ილარიონოვი, რომელიც ამჟამად ინსტიტუტ კატოს წევრია, რუსეთის პრეზიდენტის მრჩეველი იყო ეკონომიკის საკითხებში, თუმცა 2005 წლის დეკემბერში მან ეს თანამდებობა დატოვა, როგორც მან ახსნა, პოლიტიკური რეფორმების დასრულების გამო.


ამჟამად, საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველი ეკონომიკურ საკითხებში არის ესტონეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი მარტ ლაარი. იგი მომავალ წელს ესტონეთში დაგეგმილ არჩევნებში პრემიერ-მინისტრის პოსტზე აპირებს კენჭისყრას. 

This post is also available in: English

Back to top button