ახალი ამბები

ჩრდილოეთ ოსეთის პარლამენტმა “გენოციდზე“ განცხადება მიიღო

ჩრდილოეთ ოსეთის რესპუბლიკის პარლამენტმა 28 ოქტომბერს მიიღო განცხადება, რომელშიც მოუწოდებს რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს აღიაროს “საქართველოს ნაციონალურ-ექსტრემისტული ძალების“ მიერ 1920 წელს სამხრეთ ოსეთის მოსახლეობის საწინააღმდეგო მოქმედებები როგორც ოსი ხალხის გენოციდი, იტყობინებიან საინფორმაციო სააგენტოები “რეგნუმი“ და “კავკაზკი უზელი“.


“ოსი ხალხის წინააღმდეგ განხორციელებული რეპრესიების მასშტაბები და სისტემატიური ხასიათი იძლევა საბაბს იმ დასკვნის გასაკეთებლად, რომ ეს რეპრესია არის გენოციდი“, – ნათქვამია ჩრდილოეთ ოსეთის პარლამენტის განცხადებაში.


რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა რამდენჯერმე აღნიშნა თავის ბოლოდროინდელ განცხადებებში, რომ სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლება ქართველებს “ეთნიკურ წმენდაში“ ადანაშაულებს.


ამჟამად, საქართველოში 1918-20 წლებში ცხინვალის რეგიონში განვითარებული მოვლენები ფართო მსჯელობის საგანს არ წარმოადგენს. ზოგიერთი ქართველი ისტორიკოსი აცხადებს, რომ მაშინ ახლად შექმნილ საქართველოს რესპუბლიკას  ჯარების გაგზავნა ცხინვალში, ჯავასა და როკის უღელტეხილის მახლობლად მდებარე სოფლებში აჯანყებულების წინააღმდეგ მოუხდა, რომელთაც რუსმა ბოლშევიკებმა შთააგონეს ქართველების წინააღმდეგ ბრძოლა, თავად რუს ბოლშევიკებს კი საქართველოს ხელში ჩაგდება სურდათ.  

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button