ახალი ამბები

დეპუტატი ქრთამის მიცემის ფაქტზე დააკავეს

დეპუტატი ნაციონალური მოძრაობიდან გია ნუცუბიძე 27 ოქტომბერს ქრთამის სახით განათლების სამინისტროს თანამდებობის პირისათვის 50 000 ლარის მიცემის ფაქტზე დააპატიმრეს. ამის შესახებ თბილისის მთავარმა პროკურორმა გიორგი ღვინიაშვილმა განაცხადა.


მისი თქმით, ნუცუბიძე იმ სამშენებლო კომიანიას ლობირებდა, რომელსაც განათლების სამინისტროსთან საქართველოს რამდენიმე რაიონში სკოლების რეაბილიტაციის მიზნით 4 მილიონ ლარიანი ხელშეკრულება ჰქონდა დადებული. თუმცა, კომპანიამ თავისი ვალდებულებები დათქმულ დროში ვერ შეასრულა, რის გამოც სამინისტრომ გადაწყვიტა მასთან კონტრაქტი გაეუქმებინა.


“განათლების სამინისტროს გადაწყვეტილების შემდეგ დეპუტატმა ნუცუბიძემ 500 000 ლარი შესთავაზა სამინისტროს თანამშრომელს კომპანიასთან კონტრაქტის გაგრძელების სანაცვლოდ… ამ თანამშრომელმა და განათლების სამინისტრომ აქტიურად ითანამშრომლეს გენერალურ პროკურატურასთან… შედეგად, დეპუტატი ნუცუბიძე 50 000 ლარის გადაცემის მომენტში დააკავეს, რაც ქრთამის მთლიანი თანხის ნაწილი იყო“, – განაცხადა თბილისის მთავარმა პროკურორმა 27 ოქტომბერს გამართულ პრესკონფერენციაზე.


პარლამენტმა დეპუტატ გია ნუცუბიძისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების მოხსნის საკითხი პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე 48 საათში უნდა განიხილოს.


“ძალიან ცუდია რაც მოხდა, შოკში ვარ“, – განაცხადა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, დეპუტატმა ლევან ბეჟაშვილმა.


გია ნუცუბიძე პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტისა და განათლების კომიტეტის წევრია.       

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button