skip to content
ახალი ამბები

სააკაშვილი: ემბარგოს მიუხედავად საქართველო წინ მიდის

პრეზიდენტმა სააკაშვილმა 27 ოქტომბერს განაცხადა, რომ რუსეთის ეკონომიკური ემბარგო საქართველოს კიდევ უფრო აძლიერებს, თუმცა ამავე დროს მზადყოფნა გამოთქვა “უმაღლეს დონეზე“ დიალოგი გამართოს მოსკოვთან დაძაბულობის განმუხტვის მიზნით. 


სააკაშვილმა ეს განცხადება კახეთში სტუმრობის დროს გააკეთა, სადაც ღვინის ახალი ქარხნის გახსნის ცერემონიას დაესწრო, რომელიც 12 მილიონი ევროს ოდენობის იტალიური ინვესტიციით აშენდა.


სააკაშვილის თქმით, “ახლადგახსნილი ულტრათანამედროვე ქარხანა არის ძალიან მნიშვნელოვანი სიმბოლური ნაბიჯი არა მხოლოდ ამ რაიონისთვის, არამედ მთელი საქართველოსთვის“ ქვეყნის წინააღმდეგ რუსეთის ემბარგოს ფონზე.


რუსეთმა საქართველოდან ღვინის იმპორტი 2006 წლის მარტში აკრძალა.


“ღვინო კახეთში მთავარი შემოსავლის წყაროა. ამ აქციის ინიციატორებს ერთი მიზანი ჰქონდათ. მათ იციან, რომ კახეთი და მევენახეობის ქართული რეგიონები არის ტრადიციული დასაყრდენი ქართული სახელმწიფოებრიობის, ქართული საბრძოლო სულისკვეთების და პირველ რიგში დარტყმა მოვიდა ამ რეგიონებზე. გათვლა იყო ძალიან მარტივი: ხალხი უნდა გაბრაზებულიყო საკუთარ მთავრობაზე, უნდა გამოსულიყო ქუჩაში, დაედანაშაულებინა მთავრობა, რომ მთავრობის ბრალია, რომ ხორციელდება საქართველოს წინააღმდეგ ემბარგო… მაგრამ მათ დიდი შეცდომა დაუშვეს“, – განაცხადა სააკაშვილმა.


“ეს ქარხანა არის ჩვენი პასუხი ემბარგოზე“, – დასძინა მან.


სააკაშვილმა განაცხადა, რომ ქართულმა საზოგადოებამ და ბიზნესმა “სოლიდარობის უზარმაზარი გრძნობა“ გამოიჩინეს და დიდი რაოდენობით ყურძენი შეისყიდეს.


მისი თქმით, 2004 წელს ღვინის ქარხნებმა 35 ათასი ტონა ყურძენი შეისყიდეს, 2005 წელს – 60 ათას ტონაზე მეტი, ხოლო წელს 43 ათასი ტონა. 120 ტონაზე მეტი ყურძენი კი  სხვა, მათ შორის წვენის მწარმოებლებმა ქარხნებმა შეისყიდეს.


“ეს ნიშნავს, რომ ემბარგოს მიუხედავად კახეთში მთელი ყურძენი გავყიდეთ“, – განაცხადა სააკაშვილმა.


ეს არის მეორე საუკეთესო მაჩვენებელი დამოუკიდებლობის შემდეგ ურთულესი ბლოკადის პირობებში.


“არ არის გამოუვალი სიტუაციები, თუ ჩვენ ერთმანეთს გვერდზე დავუდგებით. ჩვენი არაკეთილმოსურე ვერასოდეს ვერ დაამარცხებს საქართველოს ეკონომიკური ზომებით. პირიქით, გავა წლები და ჩვენ მადლობას ვეტყვით ეკონომიკური ემბარგოს ინიციატორებს იმიტომ, რომ მათ გვასწავლეს ახალი ბაზრების მოპოვება, უფრო კონკრენტუნარიანი პროდუქციის გამოშვება. მათ მიიღეს ზუსტად იმის საწინააღმდეგო შედეგი, რისი მიღებაც უნდოდათ“, – განაცხადა სააკაშვილმა. 


“საქართველოს აქვს პერსპექტივა და საქართველო მიდის წინ. და ამ წინსვლას ვერაფერი ვერ შეაჩერებს… ჩვენ ახლა გაჩერების უფლება არ გვაქვს, რადგანაც ვიცით, რომ მშვიდობა და აყვავება გვინდა. ეს არის ჩვენი პლატფორმა და სამოქმედო გეგმა. ვერავინ ვერ შეძლებს გვაიძულოს მცდარი მიმართულებით წავიდეთ“, – განაცხადა მან.    


მან ასევე დაგმო ანტიქართული კამპანია რუსეთში და განაცხადა, რომ ის პირველ რიგში თავად რუსეთს აყენებს ზიანს.


“ჩვენ, რა თქმა უნდა, დიდი სიამოვნებით განვაახლებთ დიალოგს ყველა დონეზე რუსეთის ფედერაციასთან იმიტომ, რომ ნამდვილად არანაირი სურვილი არა გვაქვს მიზეზგარეშე და ყოველგვარი მოსაზრებებით შევიქმნათ დამატებითი პრობლემები“, – განაცხადა პრეზიდენტმა.


მისი თქმით, ამ ზამთარს ენერგომომარაგებაში რაიმე შეფერხება მოსალოდნელი არ არის, “რადგანაც ჩვენ მომზადებული ვხვდებით ზამთარს“.    


 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button