ახალი ამბები

ევროკავშირის როლის ზრდაზე თბილისის იმედი “არარეალურია“

საქართველოს მოლოდინი ევროკავშირის როლის ზრდაზე სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის მოგვარების საქმეში “შესაძლოა არარეალურად დიდი იყოს“, – განაცხადა ფინეთის მინისტრმა ევროპის საკითხებში პაულა ლეჰტომაეკმა 25 ოქტომბერს. ამის შესახებ რადიო “თავისუფლება“ იტყობინება.


სტრასბურგში სამხრეთ ოსეთის და დნესტრისპირეთის შესახებ ევროპარლამენტის დებატებზე გამოსვლისას, პაულა ლეჰტომაეკმა საქართველოს ხელისუფლებას “მოთმინებისკენ“ მოუწოდა.


“ამჟამად ევროკავშირში მიდის განხილვა ევროკავშირის როლის ზრდაზე, თუმცა საქართველოს მოლოდინი შესაძლოა ძალიან დიდი იყოს… ევროკავშირი მოუწოდებს საქართველოს ხელმძღვანელობას მოთმინება გამოიჩინოს. თავიდან უნდა იქნას აცილებული სწრაფი, ძალიან სწრაფი გადაწყვეტილებები სამხრეთ ოსეთის და აფხაზეთის სამშვიდობო პროცესებთან მიმართებაში, რადგანაც ამან შესაძლოა საფრთხე შეუქმნას გაეროს და ეუთოს ყოფნას რეგიონში“, – განაცხადა პაულა ლეჰტომაეკმა, თან იქვე დასძინა, რომ ამან შესაძლოა საშიში “ვაკუუმი” შექმნას კონფლიქტების ზონებში.


თუმცა, საქართველოს კონფლიქტებისგან განსხვავებით, ევროკავშირის როლი დნესტრისპირეთის სამშვიდობო პროცესში კვლავ მნიშვნელოვანი იქნება, იტყობინება რადიო “თავისუფლება”.


25 ოქტომბერს EUobserver.com იტყობინება, რომ ევროპის პარლამენტარები დღეს კენჭს უყრიან რეზოლუციის პროექტს საქართველოს და მოლდოვას მიმართ რუსეთის პოლიტიკის თაობაზე და მოუწოდებენ გაეროს და ევროკავშირს სამშვიდობო ძალები გააგზავნონ სამხრეთ ოსეთში.


საქართველოს საკითხს ასევე ევროკავშირი-რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრების 3 ნოემბრის შეხვედრასა და ევროკავშირი-რუსეთის 24 ნოემბრის სამიტზეც განიხილავენ.  

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button