ახალი ამბები

საპარლამენტო კომისია რუსეთში ქართველების უფლებათა დარღვევის საკითხებს შეისწავლის

საქართველოს პარლამენტმა 24 ოქტომბერს სპეციალური კომისია შექმნა, რომელიც რუსეთიდან დეპორტირებული საქართველოს მოქალაქეების უფლებათა დარღვევების საკითხებს შეისწავლის.


15-წევრიანი კომისია მონაცემთა ბაზას შექმნის, რუსეთში ეთნიკური ქართველების უფლებათა დარღვევებს პოლიტკურ და სამართლებრივ შეფასებას მისცემს და ინფორმაციას საერთაშორისო ორგანიზაციებს მიაწვდის, განაცხადა დეპუტატმა ნიკა გვარამიამ ნაციონალური მოძრაობიდან.


იგი მმართველმა პარტიამ კომისიის თავმჯდომარედ წარადგინა. კომისიაში ასევე შევლენ ოპოზიციონერი დეპუტატებიც.


საპარლამენტო ოპოზიცია მიესალმა კომისიის შექმნას. მათი განცხადებით, რუსეთში მცხოვრები და დეპორტირებული საქართველოს მოქალაქეების დახმარების მიზნით უფრო ქმედითი ნაბიჯები უნდა გადადგას აღმასრულებელმა ხელისუფლებამ. 


“ეს საპარლამენტო კომისია არის პოლიტიკური ინსტრუმენტი, მაგრამ დღეს არიან ქართველები, რომელთაც კონკრეტული პრობლემები აქვთ და ამ პრობლემებს კონკრეტული მოგვარება სჭირდება. მივმართავთ პრეზიდენტს, რომ თავისი სარეზერვო ფონდიდან გამოყოს თანხები დეპორტირებულთა დასახმარებლად… ასევე რუსეთში საქართველოს საკონსულოს დაუმატოს კადრები. მოგეხსენებათ, რომ საკონსულოს საქმიანობა პრაქტიკულად მოსკოვს არ სცილდება, პრობლემა კი მთელი რუსეთის ტერიტორიაზეა”,–განაცხადა თინა ხიდაშელმა რესპუბლიკური პარტიიდან 24 ოქტომბერს.


მისი თქმით, ქართველების უფლებების სასამართლოში დაცვის მიზნით ხელისუფლებამ რუსეთის ტერიტორიაზე კვალიფიციური ადვოკატების გუნდის დაქირავებაზეც უნდა იზრუნოს.  


ამავდროულად, ოპოზიციური პარტიის საქართველოს გზა ლიდერი სალომე ზურაბიშვილი რუსეთიდან დეპორტირებული ქართველების დახმარების მიზნით სპეციალური ფონდის შექმნის ინიციატივით გამოვიდა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button