skip to content
ახალი ამბები

მოსკოვმა თბილისს მაჰმადიანი მესხების პრობლემა შეახსენა

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ თბილისს მაჰმადიანი მესხების რეპატრიაციის თაობაზე ვალდებულების შეუსრულებლობა შეახსენა მას შემდეგ, რაც ცოტა ხნის წინ პრეზიდენტმა სააკაშვილმა რუსეთიდან ქართველების დევნის საპასუხოდ განაცხადა, რომ მზად არის უკან მიიღოს ყველა ეროვნების მოქალაქე, რომელიც ოდესმე საქართველოში ცხოვრობდა.


რუსეთის საგარეო უწყების ოფიციალური წარმომადგენლის მიხეილ კამინინის განცხადებით, თბილისს ჯერ კიდევ არ შეუსრულებია ევროპის საბჭოს მიმართ 1999 წელს აღებული ვალდებულება ე.წ თურქი მესხების რეპატრიაციის თაობაზე.


“შეუსრულებელი დარჩა დაპირება 2005 წლის ბოლომდე თურქი მესხების რეპატრიაციის თაობაზე კანონის მიღებასთან დაკავშირებითაც… ამასთან, თბილისი არ მალავს, რომ თურქი მესხების დასახლებას აპირებს არა მათ ისტორიულ ადგილზე, არამედ საქართველოს სხვადასხვა რაიონებში “, – დასძენს კამინინი.


“საქართველოს ხელისუფლების ასეთი უპასუხისმგებლო დამოკიდებულება საერთაშორისო ვალდებულებების მიმართ დემონსტრირებაა იმ რეალური მიდგომისა, რომელსაც თბილისი ეროვნული უმცირესობების პრობლემების გადაწყვეტისას ავლენს“, – აცხადებს რუსეთის საგარეო უწყების ოფიციალური წარმომადგენელი.


 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button