skip to content
ახალი ამბები

თავდაცვის სამინისტრო: ოქრუაშვილის ინტერვიუ რუსულ გაზეთთან არ შემდგარა

დღეს თავდაცვის სამინისტრომ გაავრცელა განცხადება, სადაც უარყოფს პრესაში გავრცელებული ინფორმაციას იმის თაობაზე, რომ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ოქრუაშვილმა ინტერვიუ მისცა რუსულ გაზეთ “ვერსიას“, სადაც ისაუბრა კონფლიქტის ზონებში სიტუაციის მოსალოდნელ დაძაბვაზე და საომარი მოქმედებების დაწყებაზე.


რუსული საინფორმაციო სააგენტოები 16 ოქტომბერს აქტიურად აშუქებდნენ ოქრუაშვილის ინტერვიუს.

აღსანიშნავია, რომ რუსულ გაზეთ “ვერსიის” ვებ–გვერდზე ინტერვიუ  16 ოქტომბერს არ იყო განთავსებული და ის ხელმისაწვდომი მხოლოდ 17 ოქტომბერს გახდა.


“აღნიშნული ინტერვიუ არ შემდგარა და ეს არის დაინტერესებული მხარის მიერ დაგეგმილი მორიგი პროვოკაცია, რომელიც საეჭვოდ დაემთხვა მოსკოვში ნატო-ს გენერალიტეტის სტუმრობას“, – აცხადებს თავდაცვის სამინისტრო.  


თუმცა “რია ნოვოსტისთან” საუბარში გაზეთ “ვერსიის” ჟურნალისტმა და ოქრუაშვილთან ინტერვიუს ავტორმა რუსლან გორევოიმ განაცხადა, რომ მას აქვს ინტერვიუს აუდიო–ჩანაწერი.


მისი თქმით, საქართველოში უკრაინელ ჟურნალისტებთან ერთად იმყოფებოდა, რომლებიც საქართველოს ხელისუფლებამ მიიწვია. გორევოის განცხადებით, იგი უკრაინული ჯგუფის წევრი იყო და ოქრუაშვილმა არ იცოდა, რომ რუსული გაზეთს “ვერსიას” წარმოადგენდა.

რუსეთის ოფიციალურმა პირებმა კომენტარები გააკეთეს ოქრუაშვილის მწვავე გამონათქვამებთან დაკავშირებით.


რუსეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსმა იური ბალუევსკიმ ნატოს სამხედრო კომიტეტის წარმომადგენელთან რაიმონ ენოსთან გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ სოხუმსა და ცხინვალში საომარი მოქმედებების დაწყების შემთხვევაში მთელი პასუხისმგებლობა ირაკლი ოქრუაშვილს დაეკისრება.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა კი თითქოს ოქრუაშვილის მიერ გაკეთებული განცხადების საპასუხოდ, რომ კოსოვოს პრეცედენტს გავლენის მოხდენა არ შეუძლია საქართველოს კონფლიქტების მოგვარებაზე, განაცხადა: “საერთაშორისო ურთიერთობებში პრეცედენტები ვინმეს სურვილის გამო არ იქმნება”.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button