skip to content
ახალი ამბები

“ახალი მემარჯვენეების“ 6 შეკითხვა საქართველოს პრეზიდენტს

დღეს “ახალი მემარჯვენეების“ ლიდერმა დავით გამყრელიძემ გაეროს უშიშროების საბჭოს მიერ 13 ოქტომბერს აფხაზეთის შესახებ მიღებულ რეზოლუციას ქართული პოლიტიკური სპექტრისათვის “მოულოდნელი“ გადაწყვეტილება უწოდა და პრეზიდენტისა და პარლამენტის თავმჯდომარის მისამართით ექვსი შეკითხვა გააგზავნა:



1. “რას ემსახურებოდა საპრეზიდენტო უმრავლესობის მიერ ერთხმად მიღებული პარლამენტის 2006 წლის 18 ივლისის “ისტორიული“ დადგენილება საქართველოს ტერიტორიიდან რუსი სამშვიდობოების გაყვანის შესახებ და რატომ არ ასრულებს საქართველოს პრეზიდენტი ამ “ისტორიულ“ დადგენილებას?


2. როდესაც პრეზიდენტი სააკაშვილი საუბრობს ოპოზიციასთან კონსტრუქციულ თანამშრომლობაზე, რატომ უკეთებს იგნორირებას ჩვენს მართლაც კონსტრუქციულ წინადადებებს რუსი სამშვიდობოებისთვის ცალმხრივად მანდატის შეწყვეტისა და დსთ–დან საქართველოს გამოსვლის აუცილებლობის შესახებ?


3. რას ემსახურებოდა ბოლო პერიოდში რუსების წინააღმდეგ გადადგმული უწვავესი ნაბიჯები, თუ საქართველო კვლავ რჩება  დსთ–ს წევრი, ხოლო საქართველოს ტერიტორიაზე აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში ისევ ყველაფერს კანონიერად განაგებენ რუსი სამხედროები. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ამ გამწვავებას მოჰყვა რუსეთის მხრიდან საქართველოს სრული ბლოკადა და ქართველების დამამცირებელი დეპორტაციები რუსეთიდან.


4. რას  აპირებს საქართველოს პრეზიდენტი ე.წ სამხრეთ ოსეთში 12 ნოემბერს დაგეგმილი დამოუკიდებლობის რეფერენდუმთან დაკავშირებით?


5. რას დაუპირისპირებს ბატონი სააკაშვილი რუსეთს, თუ ამ უკანასკნელმა გადაწყვიტა აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის დამოუკიდებლობის აღიარება?


6. ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში ბატონ ხავიერ სოლანას განცხადების შემდეგ, ხომ არ გახდება კოსოვოს დამოუკიდებლობის აღიარება ოფიციალური საფუძველი მთელი რიგი ქვეყნებისათვის, პირველ რიგში რუსეთისათვის, აფხაზეთისა და ე.წ სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის ცნობისა?“.


ამასთან, დავით გამყრელიძის შეფასებით, გაეროს რეზოლუციამ აფხაზეთის კონფლიქტის ზონაში კოდორის სპეცოპერაციის შემდეგ გამწვავებულ ვითარებაზე მთელი პასუხისმგებლობა საქართველოს დააკისრა, ასევე გააგრძელა გაეროს დამკვირვებელთა მისიის მანდატი 6 თვით, რაც “ავტომატურად ნიშნავს რუსი სამშვიდობოების მანდატის გაგრძელებას“, რომელთა როლიც გაერომ შეაფასა, როგორც “მასტაბილიზირებელი“.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button