skip to content
ახალი ამბები

სასამართლომ ოპოზიციის საარჩევნო სარჩელი არ დააკმაყოფილა

დღეს თბილისის საქალაქო სასამართლომ არ დააკმაყოფილა რესპუბლიკელებისა და კონსერვატორების საარჩევნო ბლოკის სარჩელი ოპოზიციური პარტია მრეწველების ხარჯზე თბილისის საკრებულოში დამატებით ერთი მანდატის მიღების თაობაზე.


შედეგად ძალაში დარჩა პოლიტიკურ სუბიექტებზე მანდატების განაწილების სტუქტურა თბილისის საკრებულოში, სადაც რესპუბლიკელებისა და კონსერვატორების საარჩევნო ბლოკი, ლეიბორისტები და მრეწველები თითო–თითო დეპუტატით არიან წარმოდგენილები, დანარჩენი 34 ადგილი კი მმართველ პარტიას უკავია.


რესპუბლიკელთა ლიდერის დავით უსუფაშვილის განცხადებით, სასამართლოს დღევანდელი გადაწყვეტილება გასაჩივრდება ჯერ საკონსტიტუციო სასამართლოში, შემდეგ კი სტრასბურგში, ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში.

12 ოქტომბერს ორმა არასამთავრობო ორგანიზაციამ – სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ და საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ ერთობლივი განცხადება გამოქვეყნეს, რომელშიც დაგმეს ცესკო-ს გადაწყვეტილება და თბილისის საკრებულოში მანდატების საარჩევნო კოდექსის საფუძველზე გადანაწილებისკენ მოუწოდეს.


“მიგვაჩნია, რომ ცენტრალური საარჩევნო კომისიის ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება წარმოადგენს საქართველოს საარჩევნო კანონის ნორმების დარღვევას.შესაბამისად, მივმართავთ სასამართლო ხელისუფლებას გამოავლინოს ობიექტურობა, გამოასწოროს ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ ჩადენილი კანონდარღვევა და საკუთარ გადაწყვეტილებაში განუხრელად დაიცვას საარჩევნო კანონმდებლობის მოთხოვნები”, – ნათქვამია განცხადებაში.


 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button