ახალი ამბები

მმართველი პარტია და ოპოზიცია საარჩევნო დარღვევებზე საუბრობენ

“ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლის, დეპუტატ გიგა ბოკერიას განცხადებით, არჩევნებზე სერიოზულ დარღვევას ადგილი არ ჰქონია მაშინ, როცა რესპუბლიკელებისა და კონსერვატორების ოპოზიციური ბლოკი  მმართველი პარტიის მხრიდან “მასიურ ზეწოლაზე“ საუბრობს.


ოპოზიციური ბლოკის “დავითაშვილი, ხიდაშელი, ბერძენიშვილი“ წარმომადგენლის, დეპუტატ ზვიად ძიძიგურის განცხადებით, საარჩევნო უბნის შესასვლელებთან ნაციონალური მოძრაობის აქტივისტები  ზეწოლას ახდენენ ამომრჩეველზე. “ეს ხდება მასიურად, განსაკუთრებით იმ ოლქში, გლდანში, სადაც ჩვენი მერობის კანდიდატი კობა დავითაშვილი იყრის კენჭს“, – აცხადებს ზვიად ძიძიგური.


რესპუბლიკელთა ლიდერის დავით უსუფაშვილის განცხადებით, “ძალიან მძიმე“ მდგომარეობაა ამომრჩეველთა სიებთან დაკავშირებით, “უამრავი ადამიანი არ არის შეყვანილი სიაში“. 


დღეს გამართულ ბრიფინგზე გიგა ბოკერია მიესალმა საქართველოს მასშტაბით “მაღალ აქტივობას“ და განაცხადა, რომ “დღეს პირველად ვირჩევთ რეალურ თვითმმართველობას და ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ ყველაფერმა ჩაიაროს მშვიდად ისე, როგორც ეს დემოკრატიულ ქვეყანას შეეფერება“.


ბოკერიას განცხადებით,  ჯერ–ჯერობით სერიოზულ დარღვევებს ადგილი არ აქვს, თუმცა  მან ზუგდიდის საარჩევნო ოლქში მომხდარ შემთხვევაზე გაამახვილა ყურადღება, სადაც  უბანზე დაგვიანების გამო ერთ–ერთი ოპოზიციური პარტიის დამკვირვებლები არ შეუშვეს.


“ესაა დარღვევა… მე ვთვლი, რომ ცესკომ ამ შემთხვევაზე და იმ თავმჯდომარეზე, ვინც ეს გადაწყვეტილება მიიღო უნდა იმსჯელოს შემდგომში“, – განაცხადა ბოკერიამ.


ცესკო–ს თავმჯდომარე გურამ ჩალაგაშვილი დღევანდელ ბრიფინგზე ასევე გამოეხმაურა ზუგდიდის ინციდენტს და განაცხადა, რომ საარჩევნო უბნის თავმჯდომარე მკაცრად დაისჯება და მას აეკრძალება საარჩევნო სისტემაში მუშაობა მომავალში.



 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button