skip to content
ახალი ამბები

ცესკო ამომრჩეველთა “მაღალ“ აქტივობაზე საუბრობს







რამდენიმე ამომრჩეველმა თავისი თავი სიებში
ვერ აღმოაჩინა. 

5 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში 14 საათისათვის ამომრჩეველთა 20,8%–მა მიიღო მონაწილეობა, აცხადებს ცენტრალური საარჩევნო კომისია (ცესკო).

17 საათისათვის თბილისში ამომრჩეველთა 28,81%–ის აქტიურობა დაფიქსირდა.


“ეს მაჩვენებელი საშუალებას გვაძლევს განვაცხადოთ, რომ ამომრჩეველთა აქტიურობა საკმაოდ მაღალია“, – განაცხადა ცესკო-ს თავმჯდომარემ გურამ ჩალაგაშვილმა ბრიფინგზე.


ყველაზე მაღალია აქტივობა ჩოხატაურში – 34%, ხოლო დაბალი აქტივობით რუსთავი გამოირჩა  – 8,9%.

ამასობაში, ზოგიერთმა ოპოზიციურმა პარტიამ უკვე გამოთქვა პრეტენზიები ამომრჩეველთა სიებთან დაკავშირებულ პრობლემებზე.


ცესკო-ს თავმჯდომარემ ასევე აღნიშნა, რომ ხმის მიცემის დროს ის შეხვდა რამდენიმე ამომრჩეველს, რომელთაც გამოთქვეს პრეტენზიები, რომ არჩევნებამდე სიებში გადაამოწმეს მონაცემები და იყვნენ სიებში, თუმცა არჩევნების დღეს თავიანთი გვარები საარჩევნო სიებში ვეღარ აღმოაჩინეს.


არჩევნების დღეს ამომრჩეველთა რეგისტრაცია გაუქმებულია. ამომრჩევლებს ჰქონდათ საშუალება  თავიანთი გვარები სიებში 12 სექტემბრამდე გადაემოწმებინათ. არასამთავრობო ორგანიზაციამ “ახალი თაობა – ახალი ინიციატივა“ განაცხადა, რომ ამომრჩეველთა სიებში უამრავი ხარვეზი იყო, თუმცა ცესკო-მ მათი უმეტესობა გამოასწორა.    


ჩალაგაშვილის განცხადებით, “ყველაზე სერიოზული დარღვევა“, რომელიც ამ ეტაპზე გამოვლინდა, არის საარჩევნო ადმინისტრაციის წარმომადგენლის მიერ დამკვირვებლის არშეშვება ზუგდიდის საარჩევნო ოლქში. ამ საარჩევნო ოლქის ხელმძღვანელი გათავისუფლებული იქნება თანამდებობიდან, განაცხადა ჩალაგაშვილმა.








საარჩევნო უბანი თბილისში, 5 ოქტომბერი.
ცესკო–ს მონაცემებით 3,2 მლნ–მდე
ამომრჩეველია რეგისტრირებული. 
თბილისის თითოეულ უბანში ვიდეოკამერებია დამონტაჟებული, რომლის საშუალებითაც საარჩევნო პროცესი იწერება. ოფიციალური პირების განცხადებით, ამ ჩანაწერის ნახვა ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შეეძლება.

5 ოქტომბერს ამომრჩეველი ქვეყნის მასშტაბით ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებს  – საკრებულოებს – აირჩევს შერეულ მაჟორიტარულ-პროპორციული წესით. 
 
ცესკო–ს მონაცემებით, საქართველოს მასშტაბით 3 005–ვე საარჩევნო უბანი დილის 8 საათზე გაიხსნა, მათ შორის ზემო კოდორის ხეობაში და ცხინვალის რეგიონის  ქართულ სოფლებში.   
 
მოსალოდნელია, რომ ცესკო არჩევნების წინასწარ შედეგებს ხმის მიცემის დასრულების შემდეგ, შუაღამისას გამოაქვეყნებს.

69 საკრებულოში 1 736 მანდატისთვის ექვსი პოლიტიკური სუბიექტი – მმართველი პარტია და ხუთი ოპოზიციური გაერთიანება იბრძოლებს.
 
თუმცა, საქართველოს მასშტაბით 1 025 მაჟორიტარული ადგილიდან 282, ხოლო 69 პროპორციული ადგილიდან 6 კონკურენტგარეშეა, რადგანაც იქ მხოლოდ ერთი კანდიდატი ან პარტიული სიაა წარდგენილი – უმეტესად მმართველი პარტიიდან. 
 
ოთხი ძირითადი ოპოზიციური სუბიექტი (მრეწველები, ლეიბორისტული პარტია, საქართველოს გზა და რესპუბლიკელების და კონსერვატორების საარჩევნო ბლოკი) ადგილობრივ არჩევნებში დამოუკიდებლად იღებენ მონაწილეობას, რაც, როგორც მოსალოდნელია, მმართველ პარტიას ქვეყნის მასშტაბით საკრებულოს მანდატების უმეტესობის მოპოვებაში დაეხმარება. 
 
ერთის მხრივ, ეს არჩევნები აღიქმება როგორც სააკაშვილის ადმინისტრაციის დემოკრატიაში გამოცდა; მეორეს მხრივ, კი არჩევნებმა ხელისუფლების პოპულარულობის დონე უნდა განსაზღვროს.

მიმომხილველების უმეტესობა მიიჩნევს, რომ მმართველი პარტიის წარმატება იმ შემთხვევაში დაიჩრდილება, თუ ოთხი ოპოზიციური პარტიისთვის მიცემული ხმების საერთო რაოდენობა ნაციონალური მოძრაობისთვის მიცემულ ხმებს გაუთანაბრდება.  
 
წინასაარჩევნო კამპანიის ეპიცენტრი საქართველოს დედაქალაქი იყო, სადაც ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის (ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით 3 201 168) დაახლოებით ერთი-მესამედი ცხოვრობს. 
 
თბილისში 37-წევრიანი საკრებულო აირჩევა, რომელიც შემდეგ თავისივე შემადგენლობიდან  დედაქალაქის მერს აირჩევს. 
 
ამ თანამდებობისთვის  ხუთი კანდიდატი იბრძვის: ამჟამინდელი მერი გიგი უგულავა, საქართველოს გზის ლიდერი სალომე ზურაბიშვილი, ლეიბორისტული პარტიის ლიდერი შალვა ნათელაშვილი, მრეწველთა ლიდერი გოგი თოფაძე და კობა დავითაშვილი საარჩევნო ბლოკიდან „დავითაშვილი, ხიდაშელი, ბერძენიშვილი“.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button