skip to content
ახალი ამბები

ანანი აფხაზეთში შესაძლო გართულებებზე საუბრობს

არსებობს იმის რისკი, რომ ისედაც დაძაბული სიტუაცია ქართულ და აფხაზურ მხარეებს შორის კიდევ უფრო დაიძაბოს, განაცხადა გაეროს გენერალურმა მდივანმა კოფი ანანმა თავის მოხსენებაში გაეროს უშიშროების საბჭოსადმი აფხაზეთში არსებული სიტუაციის შესახებ, რომელიც 3 ოქტომბერს გამოქვეყნდა.


“მოლაპარაკებების გზით ქართულ-აფხაზური კონფლიქტის მოგვარების მიღწევა ნამდვილად ძნელია, რადგანაც ორივე მხარის პოზიცია კიდევ უფრო დაშორდა ერთმანეთს პოლიტიკური სტატუსის საკითხთან დაკავშირებით. თუმცა, დიალოგის ალტერნატივა არ არსებობს“, – განაცხადა კოფი ანანმა.


მისი თქმით, ქართულ და აფხაზურ მხარეებს შორის ურთიერთობები ივლისის ბოლოს “უარესობისკენ შეტრიალდა“, მას შემდეგ, რაც “ქართული მხარის მიერ კონტროლირებად ზემო კოდორის ხეობაში ფართომასშტაბიანი სპეცოპერაცია განხორციელდა  საქართველოს შინაგან საქმეთა და თავდაცვის სამინისტროების ხელძღვანელობით“.


მოხსენებაში ასევე ნათქვამია, რომ საქართველოში გაეროს დამკვირვებელთა მისიამ ქართული მხარის მიერ 1994 წლის მოსკოვის შეთანხმების დარღვევის 13 ფაქტი გამოავლინა, მათ შორის უსაფრთხოების ზონაში ჯარების, სამხედრო ტექნიკის და საფრენი აპარატების შეყვანის და გაეროს დამკვირვებელთა მისიის თანამშრომელთა თავისუფალი გადაადგილების შეზღუდვის თაობაზე.


ამავე პერიოდში ასევე დაფიქსირდა აფხაზური მხარის მიერ დარღვევის ორი ფაქტი, მათ შორის მისიის თანამშრომლების თავისუფალი გადაადგილების შეზღუდვასთან დაკავშირებით. 


“ამიტომ, რეგიონში სტაბილურობის შენარჩუნების მიზნით დიდი მნიშვნელობა აქვს, რომ ყველა მხარემ თავშეკავება გამოიჩინოს და მკაცრად დაიცვას თავისი ვალდებულებები ცეცხლის შეწყვეტისა და ძალთა დაშორიშორების შესახებ მოსკოვის შეთანხმების თანახმად, ასევე მხარეთა მიერ ხელმოწერილი სხვა დოკუმენტებიც“, – აცხადებს ანანი მოხსენებაში.


იგი ასევე ურჩევს გაეროს უშიშროების საბჭოს გააგრძელოს გაეროს დამკვირვებელთა მისიის მანდატი ექვსი თვით, 2007 წლის 15 აპრილამდე. ამჟამინდელი მანდატის ვადა 15 ოქტომბერს იწურება. 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button