ახალი ამბები

რუსული პრესა საქართველოსთან არსებულ დაძაბულობაზე

რუსული გაზეთები 4 ოქტომბერს ყურადღებას კვლავ რუსეთსა და საქართველოს შორის არსებულ დაძაბულობებზე ამახვილებენ.


კომერსანტი


“რუსეთში მასობრივი ანტიქართული კამპანია დაიწყო. პოლიცია ქართველების კუთვნილ ფირმებს ამოწმებს. მიგრაციის ფედერალური სამსახური ზედმიწევნით განიხილავს იმ მოწვევებს, რომელთა საფუძველზეც ქართველები რუსულ ვიზებს იღებენ. საქართველოს ეროვნული ბალეტის [სუხიშვილების] წარმოდგენა სანკტ-პეტერბურგში გაუქმდა“.


“აშშ-მ და ევროკავშირმა მოუწოდეს რუსეთს მოხსნას სანქციები საქართველოს წინააღმდეგ… თუმცა, ამის საპასუხოდ რუსეთის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ ეს ღონისძიებები ძალაში დარჩება და ურჩია დასავლეთის ქვეყნებს არ ჩაერიონ რუსულ-ქართულ ურთიერთობებში“.


ნეზავისიმაია გაზეტა


“თბილისს ესმის, რომ შეუძლებელი იქნება რუსეთის მიერ დაწესებული სანქციების უარყოფითი შედეგების ნეიტრალიზება. ამდენად, საქართველოს ხელმძღვანელობამ გადაწყვიტა შეამსუბუქოს მოსკოვის მისამართით გაკეთებული განცხადებები. პრეზიდენტმა სააკაშვილმა ორშაბათს განაცხადა, რომ მას რუსეთთან დაძაბულობის გამწვავება არ სურს და ყოველთვის მზად არის ნორმალური ურთიერთობებისთვის. თუმცა, როგორც ჩანს, ეს დაგვიანებულია“.


როსიისკაია გაზეტა


“ჯერ კიდევ შესაძლებელია ფულის გადარიცხვა რუსეთიდან საქართველოში, თუმცა რამდენიმე დღეში ეს უკვე შეუძლებელი გახდება, თუ რუსეთის სათათბირო დაამტკიცებს ცვლილებებს კანონში სავალუტო რეგულირებისა და სავალუტო კონტროლის თაობაზე, რომელიც მთავრობას უფლებამოსილებას ანიჭებს აკრძალოს არა მარტო საფოსტო, არამედ საბანკო გადარიცხვებიც… რუს ბანკირებს ეს საკითხი, თითქოს, არ აწუხებთ. ფულადი გადარიცხვები რუსეთიდან საქართველოში არ არის ისეთი მასშტაბური, როგორც დსთ-ს სხვა ქვეყნებში… ამასობაში, რუსეთს სურს, რომ ბელარუსმა საქართველოს მოქალაქეებს სავიზო რეჟიმი დაუწესოს“.


იზვესტიაალექსანდრე დუგინის კომენტარი


“სააკაშვილმა და მისმა ამერიკელმა მფარველებმა ძალიან კარგად იციან, რას აკეთებენ. ისინი რუსეთს გარდაუვალი კონფლიქტისკენ უბიძგებენ. ახლა, დროა, რომ საკუთარ თავს ვკითხოთ, რა გავაკეთეთ იმისათვის, რომ ამგვარი სცენარი ავიცილოთ თავიდან? დიახ, ჩვენ დავუჭირეთ მხარი ოპოზიციას იგორ გიორგაძის სახით, მაგრამ არის ის მართლა ასეთი ძლიერი და არის ეს საკმარისი? რუსეთის მეგობრები საქართველოში მხოლოდ გიორგაძის მხარდამჭერები არ არიან. უფრო მეტ ქართველ ნაციონალისტს ესმის, რომ მათი მომავალი მხოლოდ რუსეთთან ერთად არის და ნატოს ფრთების ქვეშ საქართველო დაკარგავს თავის ინდივიდუალურობას და ტერიტორიულ მთლიანობას. საქართველოს საზოგადოების კონსერვატორული ფრთა თანდათან ზურგს აქცევს სააკაშვილს; მაგრამ, ვინაიდან ისინი ღიად პრო-რუსულები არ არიან, ანტიამერიკანიზმის კურსს ირჩევენ. ბოლო დროს მემარცხენე ლეიბორისტული პარტიის ლიდერი შალვა ნათელაშვილი სულ უფრო ხშირად აკრიტიკებს ამერიკის შეერთებულ შტატებს. საქართველოში სულ უფრო პოპულარული ხდება ლოზუნგი “ევროპასთან, მაგრამ არა ამერიკასთან და სოროსთან ერთად“. ეს არის ტენდენცია, რომელიც მხარდაჭერას იმსახურებს. თუ რაციონალურად მივუდგებით მოვლენებს, უნდა ვაღიაროთ, რომ რუსეთმა ვერ შეძლო თავისი პოტენციალის გამოყენება საქართველოსთან მიმართებაში და სააკაშვილის ავანტიურასა და პროვოკაციაზე წამოგება ძალიან საზიანო იქნება რუსეთისთვის“.  


 



 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button