
კოდორი აფხაზეთის “დროებითი ადმინისტრაციული ცენტრი“ ხდება
მაშინ როცა აფხაზეთის სეპარატისტული ხელისუფლება სოხუმიდან ქართული ჯარების განდევნის 13 წლის იუბილეს აღნიშნავს, საქართველოს ხელმძღვანელობა 27 სექტემბერს ზემო კოდორის ხეობაში აფხაზეთის ლეგიტიმური მთავრობის ახლადაშენებულ შენობას ხსნის.
ზემო კოდორის ხეობას 27 სექტემბერს პრეზიდენტ სააკაშვილთან ერთად პარლამენტის თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძე, თავდაცვის მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი, შინაგან საქმეთა მინისტრი ვანო მერაბიშვილი, საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი ილია II და თბილისის მერი გიგი უგულავაც ეწვივნენ.
კოდორის ხეობა ამჟამად რუსი სამშვიდობო საგუშაგოების მიერ გაყოფილია ზემო კოდორის ხეობად და აფხაზების მიერ კონტროლირებად ხეობის ქვედა ნაწილად.
“ჩვენ გვინდა დავბრუნდეთ მშვიდობით. ეს არის ზემო აფხაზეთი… რომელიც გათავისუფლებულია და გაკონტროლებულია საქართველოს ხელისუფლების მიერ და ეს არის აფხაზეთის ტერიტორიის მესამედზე მეტი, რომელზეც ხორციელდება საქართველოს სუვერენიტეტი, სადაც მოქმედებს საქართველოს სასაზღვრო ძალები, პოლიცია, სადაც მოქმედებს ადგილობრივი ხელისუფლების ორგანოები, ტარდება არჩევნები და ხორციელდება დემოკრატია მრავალეროვანი ქართული სახელმწიფოსი… აქედან არსად წასვლას არ ვაპირებთ, აფხაზეთში დაბრუნება მალე მოხდება“, – განუცხადა სააკაშვილმა ხეობის ადგილობრივ მოსახლეობას.
პრეზიდენტის პრესსამსახურის ცნობით, მიხეილ სააკაშვილმა კოდორის ხეობის სოფელ ჩხალთაში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ახლადაშენებული შენობა გახსნა. დღესვე კოდორის ხეობაში აფხაზეთის მთავრობის პირველი სხდომა გაიმართა.
სააკაშვილმა ასევე განაცხადა კოდორში ვიზიტის დროს, რომ ზემო კოდორის ხეობა “აფხაზეთის ლეგიტიმური მთავრობისთვის დროებითი ადმინისტრაციული ცენტრი იქნება. შემდეგ ის სოხუმში გადავა“.
იმისათვის, რომ გაეძლიერებინა დევნილი მთავრობის ლეგიტიმაცია, რომელსაც სოხუმი “მარიონეტულ მთავრობას“ უწოდებს, პრეზიდენტმა სააკაშვილმა 26 სექტემბერს განაცხადა, რომ იმ უცხოელ დიპლომატებს, რომლებიც მოლაპარაკებებისთვის სოხუმში გაემგზავრებიან, კოდორის ხეობაში განთავსებულ აფხაზეთის ლეგიტიმურ მთავრობასთანაც მოუწევთ შეხვედრა.
“ყველა უცხოელ ელჩს ჩვენ ნათლად ვუთხარით, რომ აფხაზეთი და თბილისი ცალკე სუბიექტები არ არიან… ყველა დიპლომატის პროტოკოლში იქნება ჩასვლა სოხუმში, შემდეგ იქვე აუყვებიან აფხაზეთის ადმინისტრაციულ ცენტრისკენ მიმავალ გზას ჩხალთაში, სადაც მთავრობის ხელმძღვანელი არის კახა აქიშბაია“, – განაცხადა სააკაშვილმა 26 სექტემბერს გამართულ პრესკონფერენციაზე.
მისი თქმით, აფხაზეთის ლეგიტიმური მთავრობის თავმჯდომარე მალხაზ (კახა) აქიშბაია უაღრესად განათლებული ადამიანია, იცის უცხო ენები და შეუძლია უცხოელ დიპლომატებთან მოლაპარაკებების წარმოება.
გარდა ამისა, პრეზიდენტმა სააკაშვილმა განაცხადა, რომ კოდორის ხეობას ამიერიდან ზემო აფხაზეთი უნდა ეწოდოს.
“ის [სააკაშვილი] მეოცნებეა. მე ყოველთვის ვცდილობ კომენტარი არ გავაკეთო სისულეებზე“, – იტყობინება “აფსნიპრესი“ აფხაზეთის ლიდერის სერგეი ბაღაფშის სიტყვებზე დაყრდნობით, რომელმაც ამით უპასუხა თბილისის გადაწყვეტილებას სახელი გადაარქვას კოდორის ხეობას.
მისი თქმით, აფხაზეთის ლეგიტიმური მთავრობის მოლაპარაკებების პროცესში ჩართვის ნებისმიერ მცდელობას “სერიოზული შედეგები“ მოყვება.
“თუ, როგორც სააკაშვილმა თქვა, უცხოელ ელჩებს სურთ კოდორის ხეობას ესტუმრონ და მათთან [ლეგიტიმურ მთავრობასთან] კონტაქტი დაამყარონ, ეს მათზეა დამოკიდებული. მაგრამ, ჩვენ არ ვაპირებთ მათთან რაიმე კონტაქტი ვიქონიოთ“, – განაცხადა ბაღაფშმა.
იგი ამავდროულად შეეცადა დაეკნინებინა სააკაშვილის ეს განცხადება, როგორც “სპექტაკლის“ კიდევ ერთი ნაწილი.
“სააკაშვილი კიდევ ერთ სპექტაკლს დგამს. მას უბრალოდ უყვარს ამგვარი რამეების კეთება“, – დასძინა ბაღაფშმა.
28 ივლისს, როდესაც გახმოვანდა გადაწყვეტილება აფხაზეთის ლეგიტიმური მთავრობის თბილისიდან კოდორში გადასვლის თაობაზე, სერგეი ბაღაფში ამის სანაცვლოდ თბილისთან მოლაპარაკების პროცესიდან გამოსვლით დაიმუქრა.
აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი შამბამ განაცხადა, რომ მოლაპარაკებების არსებული ფორმატის შეცვლის ნებისმიერი მცდელობა სამშვიდობო პროცესის შეწყვეტას გამოიწვევს.
“მოლაპარაკებების ფორმატი მოლაპარაკებების პროცესის დასაწყისშივე ჩამოყალიბდა გაეროს ეგიდით: ერთის მხრივ, აფხაზური მხარე, რომელსაც აფხაზეთის ხელმძღვანელობა წარმოადგენს და ქართული მხარე, რომელსაც ოფიციალური თბილისი წარმოადგენს“, – განაცხადა შამბამ.
27 სექტემბერი ყოველთვის აღინიშნებოდა საქართველოში როგორც ტრაგედიის დღე, თუმცა პრემიერ-მინისტრმა ზურაბ ნოღაიდელმა განაცხადა, რომ ეს დღე ამიერიდან აღინიშნება, როგორც იმედის და აფხაზეთში დაბრუნების დაწყების დღედ.