
სააკაშვილი არასამთავრობო სექტორის ლიდერებთან ნატოსკენ წარმატებულ სვლაზე საუბრობს
25 სექტემბერს თავის სატელევიზიო მიმართვაში პრეზიდენტმა სააკაშვილმა პოლიტიკური ოპონენტები და რამდენიმე საინფორმაციო საშუალება გააკრიტიკა, რომლებმაც, მისი თქმით, ჯეროვანი ყურადღება არ დაუთმეს ნატოსთან ინტენსიური დიალოგის დაწყებას, რაც რუსეთის “ისტერიული წინააღმდეგობის“ მიუხედავად, მაინც იქნა მიღწეული.
პრეზიდენტმა ეს განცხადებები სამოქალაქო საზოგადოების ზოგიერთ ლიდერთან და ანალიტიკოსთან შეხვედრაზე გააკეთა. მოგვიანებით ეს შეხვედრა დახურულ რეჟიმში გაგრძელდა. პრეზიდენტთან შეხვედრას ესწრებოდნენ კავკასიის მშვიდობის, დემოკრატიისა და განვითარების ინსტიტუტის ხელმძღვანელი გია ნოდია, საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდის პრეზიდენტი ალექსანდრე რონდელი, ფონდი “ღია საზოგადოება – საქართველოს“ ხელმძღვანელი დავით დარჩიაშვილი და თავისუფლების ინსტიტუტის ხელმძღვანელი ლევან რამიშვილი.
“ჩვენ უნიკალურ ისტორიულ მომენტში ვიმყოფებით – გვაქვს დიდი წარმატებები, მაგრამ წინ ბევრად მეტი გამოწვევები და საფრთხეები გველის. თუმცა დიდი შანსი გვაგვს, რომ ერთად ყველა დაბრკოლება გადავლახოთ. მე გადავწყვიტე, რომ შეგხვედროდით, რათა ბოლო პერიოდში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, ერთმანეთს საკუთარი შეხედულებები გავუზიაროთ“, – განუცხადა სააკაშვილმა სამოქალაქო საზოგადოების ლიდერებს.
მისი თქმით, ნატოს გადაწყვეტილება საქართველოსთან ინტენსიური დიალოგის დაწყების თაობაზე “დიდი გარღვევაა, რაც ჩვენი ქვეყნის ნატო-ში ინტეგრაციის შეუქცევადი პროცესის დასაწყისია“.
“არ მინდა [საქართველოს ნატოში ინტეგრაციის] ზუსტი თარიღი დავაწესო, მაგრამ ვერ ვხედავ საფუძველს, რომ საქართველოს ნატოში ინტეგრაცია გაჭიანურდეს, მით უმეტეს მაშინ, როდესაც უკვე ამ ეტაპზე გადავედით“, – განაცხადა სააკაშვილმა.
მისი თქმით, “ამ მოვლენას ისტერიული წინააღმდეგობა გაუწია იმ ქვეყანამ, რომელიც საერთოდ არ არის ნატო-ს წევრი და რომელსაც, ფორმალურად, არავინ ეკითხება ვიქნებით თუ არა ჩვენ ამ ორგანიზაციის რიგებში“.
“საამისოდ მათ ყველა მეთოდი გამოიყენეს: დისკრედიტაცია, ყვირილი, მუდმივად იუწყებოდნენ, რომ ჩვენ არასტაბილური ქვეყანა ვართ, რომ ამით ზედმეტად აიტკივებდნენ თავს, რომ ჩვენ არაპროგნოზირებადი პოლიტიკოსები ვართ“, – განაცხადა სააკაშვილმა.
მან ასევე კომენტარი გააკეთა რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის შენიშვნებზე, რომელმაც 23 სექტემბერს საქართველოს პრეზიდენტს “ემოციური“ უწოდა.
“ჩემმა ერთ-ერთმა კოლეგამ ისიც განაცხადა, რომ საქართველოს პრეზიდენტი ცოტა ემოციური და თავგაცხელებული კაცია და, საერთოდ, კავკასიაში ასეთი ხალხი ცხოვრობს. ჩვენ ძალიან შვიდად, აუღელვებლად და მიზანდასახულად მივდივართ მიზნებისკენ და ამიტომ, მათ ისღა დარჩენიათ, რომ თავად გვიწოდონ არაპროგნოზირებადი და თავგაცხელებული ხალხი, რადგან დანარჩენ მსოფლიოს ჩვენზე სრულიად განსხვავებული წარმოდგენა აქვს. უნდა მოგახსენოთ, რომ ჩვენი გზით სვლას ძალზე გეგმაზომიერად ვაპირებთ“, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.
მან აღნიშნა, რომ მიუხედავად ოპონენტების მცდელობებისა ჯეროვანო ყურადღება არ დაუთმონ ნატოსთან ინტენსიურ დიალოგს, საქართველოს მოსახლეობას ძალიან კარგად ესმის ამ ფაქტის მნიშვნელობა.
„ზოგიერთი ქართველი ე.წ. პოლიტიკოსი გამოდის ტელევიზიით და ამბობს, რომ ინტენსიური დიალოგის დაწყების ფაქტს სულაც არ მიიჩნევს დიდ მიღწევად. საოცარია, თუკი ეს ფაქტი დიდი ამბავი და მიღწევა არ არის, რატომ ატეხა ამხელა ამბავი მსოფლიო პოლიტიკაში ზოგიერთმა ძალიან გავლენიანმა ფიგურამ? ზოგიერთებს, საარჩევნო მიტინგზე, შესაძლოა, ეს მეათეხარისხოვან ამბად მოეჩვენოს, ზოგიერთი ქვეყნის დედაქალაქში ეს ფაქტი უკიდურესად მნიშვნელოვნად მიაჩნდეთ, ზოგისთვის კი ძალზე საგანგაშო იყოს“, – განაცხადა სააკაშვილმა.
მისი თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პოლიტიკოსები და საინფორმაციო საშუალებები ერთიანი იყვნენ ევროატლანტიკურ მისწრაფებებში.
“ჩვენი ხალხი ერთიანია, მაგრამ მნიშვნელოვანია, რომ მთელი პოლიტიკური სპექტრი იყოს ერთიანი. ასევე მნიშვნელოვანია, რომ მასმედია იყოს ერთიანი. ნატო-ში ინტენსიური დიალოგის მიღების მეორე დღეს გამოსულ ერთ-ერთ ქართულ გაზეთში [მან “ახალი თაობა“ უჩვენა] ამ ფაქტის თაობაზე ერთი სიტყვაც კი არ ეწერა. ამ მოვლენის მეორე დღეს რა იყო მთავარი ამბები ქართულ პრესაში? – “მერაბიშვილს მაინც გადავაყენებთ”, ”ხელისუფლება ლეჩკომბინატს ყიდის”, ”საქართველოს 12 სექტა შემოესია”… მინდა გითხრათ, რომ ზოგიერთი ე.წ. პოლიტიკოსის კომენტარები, დახლოებით, მსგავსი ხარისხის იყო“, – განაცხადა სააკაშვილმა.
მან ასევე გაიხსენა ივლისში აშშ-ს პრეზიდენტთან ჯორჯ ბუშთან ვაშინგტონში გამართული შეხვედრა და აღნიშნა, რომ ეს შეხვედრაც არ გააშუქეს ქართულმა ტელეკომპანიებმა სათანადოდ.
“აი, ეს არის ნამდვილი პროვინციალიზმი და გაუნათლებლობა“ – განაცხადა სააკაშვილმა.
მისი თქმით, დღეს საქართველოს მიერ მიღწეული წარმატებით “500 და 1000 წლის შემდეგაც იამაყებენ“ და ეს ბევრად მნიშვნელოვანია, ვიდრე “საარჩევნო ბატალიები“.
„თუმცა, რა თქმა უნდა, დემოკრატიის პროცესი, ხალხის მონაწილეობა და თითოეული მოქალაქის მხრივ ქვეყნის პოლიტიკური კურსის გაცნობიერებული მხარდაჭერა, კონკრეტულ საარჩევნო გადაწყვეტილებებზე არ ვლაპარაკობ, ჩემთვის, ასევე, ძალზე მნიშვნელოვანია“, – დასძინა პრეზიდენტმა.