skip to content
ახალი ამბები

კოკოითი დასავლეთს ორმაგი სტანდარტების გამო აკრიტიკებს

სამხრეთ ოსეთის ლიდერმა ედუარდ კოკოითმა, რომელიც ამჟამად მოსკოვში იმყოფება, 15 სექტემბერს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ მთავარი დაბრკოლება კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირების გზაზე არის “რამდენიმე დასავლური სახელმწიფოს მიერ ორმაგი სტანდარტების პოლიტიკის წარმოება” სამხრეთ ოსეთის, აფხაზეთის და დნესტრისპირეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მიმართ.


“მიუხედავად ევროკავშირისა და რამდენიმე დასავლური სახელმწიფოს მიერ გაკეთებული განცხადებებისა, სამხრეთ ოსეთში [12 ნოემბერს] დაგეგმილი რეფერენდუმი გარკვეულ ზეგავლენას მოახდენს რესპუბლიკის მომავალ სტატუსზე“, – იტყობინება “ინტერფაქსი“ კოკოითის სიტყვებზე დაყრდნობით.


ევროპის საბჭოს გენერალურმა მდივანმა ტერი დევისმა 13 სექტემბერს განაცხადა, რომ სამხრეთ ოსეთის სეპარატისტული ხელისუფლება “ტყუილად კარგავს დროს ნოემბრის თვეში დამოუკიდებლობის შესახებ რეფერენდუმის ორგანიზების მცდელობაზე“. იმავე დღეს ევროკავშირის სპეციალურმა წარმომადგენელმა სამხრეთ კავკასიაში პიტერ სემნებიმ განაცხადა, რომ ევროკავშირისათვის რეფერენდუმის შედეგებს არანაირი მნიშვნელობა არ ექნება.


 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button