
ხელისუფლება არშემდგარ სახელმწიფო გადატრიალებაზე საუბრობს
თბილისის პროკურორმა გიორგი ღვინიაშვილმა 7 სექტემბერს განაცხადა, რომ იგორ გიორგაძის 13 მომხრეს ოფიციალურად წარედგინა ბრალი შეთქმულებაში სახელმწიფო ხელისუფლების დასამხობად და ხელში ჩასაგდებად.
6 სექტემბერს გიორგაძის პარტია სამართლიანობისა და მისი სატელიტი პარტიების 29 აქტივისტი დააკავეს, თუმცა ბრალი მხოლოდ 13 წარედგინა. პროკურატურის ცნობით, დანარჩენი გაათავისუფლეს.
“დღეს, დილის 5 საათზე საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ჩატარდა სპეცოპერაცია იგორ გიორგაძის პარტია სამართლიანობისა და მისი სატელიტური ორგანიზაციების ლიდერების დაკავების მიზნით…ჩვენ გვქონდა ინფორმაცია და ეჭვი, ისე როგორც საქართველოს მოსახლეობის დიდ ნაწილს, რომ ეს ჯგუფები გეგმავდნენ ხელისუფლების დამხობას და იგორ გიორგაძის ჩამოყვანას საქართველოში“, – განაცხადა ვანო მერაბიშვილმა 6 სექტემბერს.
დაკავებულთა შორის არიან კონსერვატორულ-მონარქისტული პარტიის ლიდერი თემურ ჟორჟოლიანი; მოძრაობა ანტი-სოროსის ხელმძღვანელი მაია ნიკოლაიშვილი, იგორ გიორგაძის ნათესავი მაია თოფურია, რომელიც პარტია სამართლიანობის წევრია.
გარდა ამისა, პარტია სამართლიანობის ადგილობრივი აქტივისტები ბათუმში, ზუგდიდში, სამტრედიაში, გორსა და კახეთის რეგიონშიც დააკავეს.
თავდაპირველად, გავრცელდა ინფორმაცია, რომ ასევე დააკავეს გიორგაძის საქველმოქმედო ფონდის ხელმძღვანელი ირინა სარიშვილი, თუმცა ეს ინფორმაცია არ დადასტურდა.
“სამწუხაროდ, არანაირი გადატრიალება არ იგეგმებოდა“, – განუცხადა სარიშვილმა ჟურნალისტებს.
იგორ გიორგაძემ ასევე დაგმო საქართველოში მისი მხარდამჭერების დაპატიმრებები, რასაც “რეპრესიები“ უწოდა.
“საქართველოს ხელისუფლება ყველა მის ხელთ არსებულ ადმინისტრაციულ რესურსს იყენებს, რათა როგორმე გადაარჩინოს თავისი რეიტინგი და ერთ-ერთი ასეთი მეთოდი რეპრესიაა“, – განუცხადა გიორგაძემ რუსულ ტელეკომპანია “НТВ“-ს სატელეფონო საუბრისას.
იგორ გიორგაძე 1995 წელს ექს-პრეზიდენტ შევარდნაძეზე განხორციელებული ტერორისტული აქტის გამო საქართველოს ხელისუფლების მიერ იძებნება.
თავის ხანმოკლე გამოსვლაში ვანო მერაბიშვილმა განაცხადა, რომ პოლიციას “საკმარისი მტკიცებულებები გააჩნია, რათა ეს ადამიანები მიცემულ იქნენ პასუხისგებაში“. მისი თქმით, ამჟამად მხოლოდ მტკიცებულებათა ნაწილის გამჟღავნებაა შესაძლებელი.
მისი ბრიფინგიდან ცოტა ხანში, ქართულმა ტელევიზიებმა გადასცეს შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ვიდეომასალა, რომელშიც პარტია სამართლიანობის ორი აქტივისტი, რომელთა ვინაობაც გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე უცნობია, ჩვენებებს იძლევა.
მამაკაცი და ქალი, რომლებიც ვიდეოკამერისკენ ზურგით სხედან, ამბობენ, რომ გიორგაძის მომხრეთა “საიდუმლო შეხვედრების“ დროს განიხილებოდა დაგეგმილი გადატრიალების საკითხები.
მამაკაცი აცხადებს პარტიის აქტივისტზე მაია თოფურიას სიტყვებზე დაყრდნობით, რომ იგორ გიორგაძე აგვისტოში გეგმავდა “დიდძალი თანხის“ გადმორიცხვას იარაღის შესაძენად.
“იგეგმებოდა აქციები პარლამენტის შენობის წინ, რის შედეგადაც მოხდებოდა კანცელარიის შენობის წინ გადანაცვლება. გეგმის მიხედვით, იგორ გიორგაძის ნდობით აღჭურვილი ორი პირი მოახდენდა რამდენიმე გასროლას ხალხის მასების მიმართულებით… ჩვენ ასევე დაგვევალა, რომ ამ ოპერაციებისთვის შეგვერჩია ას-ასი ადამიანი, რომლებიც მიიღებდნენ მონაწილეობას შეიარაღებულ დაპირისპირებაში. მათ მიეცემოდათ თანხა 3000-დან 5000 დოლარამდე“, – აცხადებს უცნობი მამაკაცი.
უცნობი ქალი კი ეუბნება გამომძიებლებს, რომ “სექტემბრის თვეში უნდა მოწყობილიყო ყველაზე მასშტაბური აქცია ხელისუფლების დასამხობად“.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ ასევე გაავრცელა ვიდეოფირი, რომელზეც ნაჩვენებია კალაშნიკოვის ცეცხლსასროლი იარაღის დიდი რაოდენობა, ნაღმტყორცნები, ასაფეთქებელი ნივთიერებები და ტყვია-წამალი. გავრცელებული ინფორმაციით, იარაღი ერთ-ერთი რეგიონალური აქტივისტის სახლიდან იქნა ამოღებული.
ზოგიერთმა დეპუტატმა მმართველი პარტიიდან უკვე გაამართლა ეს დაპატიმრებები და განაცხადა, რომ გიორგაძის მხარდამჭერებს საქართველოში რუსეთის სპეცსამსახურები აფინანსებდნენ, რომელთა მიზანიც ქვეყანაში დესტაბილიზაციის გამოწვევა იყო.
“ჩვენ ვიცით, რომ ამ ორგანიზაციებს ჩვენი მტრები აფინანსებენ. ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, რომ მათ რუსული სპეცსამსახურები აფინანსებენ. ეს ანტი-სახელმწიფოებრივი ორგანიზაციებია“, – განაცხადა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა მიხეილ მაჭავარიანმა.
ქართული მედია იტყობინება საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის ვალერი ჩეჩელაშვილის სიტყვებზე დაყრდნობით, რომ თბილისი მოსთხოვს რუსეთს დაადგინოს გიორგაძის პარტიასთან ალიანსში მოქმედი პოლიტიკური ჯგუფების დაფინანსების წყაროები.
25 მაისს ოთხმა ოპოზიციურმა პარტიამ – ახალმა მემარჯვენეებმა, რესპუბლიკელებმა, კონსერვატორებმა, პარტია თავისუფლებამ ერთობლივი განცხადება გაავრცელეს, რომლითაც კატეგორიულად უარყვეს იგორ გიორგაძესთან რაიმე კავშირი და ხელისუფლების მცდელობა გიორგაძის სახელს დაუკავშიროს ოპოზიციური პარტიები, ოპოზიციის “დისკრედიტაციის“ სურვილად შეაფასეს.
ოთხივე პარტია მიიჩნევდა, რომ მმართველი პარტია ცდილობდა იგორ გიორგაძისაგან “მტრის ხატის” შექმნით ამომრჩეველთა მიმხრობას. ასევე გამოითქვა შეშფოთება გიორგაძის ფონდის საქმიანობასთან დაკავშირებით.
მმართველი პარტიის წარმომადგენლებმა 6 სექტემბერს განაცხადეს, რომ სამართალდამცავები იძიებდნენ საქართველოში გიორგაძის ორგანიზაციების საქმიანობას და მხოლოდ მაშინ მიმართეს გადამჭრელ ზომებს, როდესაც საკმარისი მტკიცებულება მოიპოვეს.
პარტია სამართლიანობა, მოძრაობა ანტი-სოროსი და გიორგაძის საქველმოქმედო ფონდი 2003 წლის “ვარდების რევოლუციის“ შემდეგ დაარსდნენ.
1995 წლის შემდეგ გიორგაძე საჯაროდ პირველად მოსკოვში 24 მაისს გამოჩნდა. მოსკოვში გამართულ პრესკონფერენციაზე იგორ გიორგაძემ განაცხადა, რომ იგი “ჭინჭრების რევოლუციას“ მოაწყობს საქართველოში, თუ პრეზიდენტ სააკაშვილის ადმინისტრაცია უარს იტყვის ვადამდელი საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნების ჩატარებაზე.