
მერობისთვის ოთხი კანდიდატი იბრძოლებს
ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებამდე ერთი თვე რჩება, თბილისის მერის თანამდებობაზე კი მხოლოდ ოთხმა პოლიტიკოსმა დააყენა თავისი კანდიდატურა.
მეხუთე შესაძლო კანდიდატი – გავლენიანი ბიზნესმენი ბადრი პატარკაციშვილი – ჯერ კიდევ ფიქრობს, ღირს თუ არა 5 ოქტომბერს დაგეგმილ არჩევნებში მონაწილეობა.
კონსერვატორების ლიდერმა, დეპუტატმა კობა დავითაშვილმა 5 სექტემბერს განაცხადა, რომ ის პარლამენტს ტოვებს, რათა თბილისის მერის თანამდებობაზე იყაროს კენჭი. კანონის თანახმად, დეპუტატს არ აქვს უფლება ადგილობრივ არჩევნებში მიიღოს მონაწილეობა.
დავითაშვილს კონკურენციას გაუწევენ ოპოზიციური პარტიის – საქართველოს გზა – ლიდერი სალომე ზურაბიშვილი, მრეწველთა კანდიდატურა გოგი თოფაძე და ამჟამინდელი მერი გიგი უგულავა.
კონსერვატიული პარტია ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში რესპუბლიკურ პარტიასთან კოალიციაში მიიღებს მონაწილეობას. კობა დავითაშვილი ამ კოალიციის მერობის კანდიდატი იქნება. კოალიციამ ასევე დაასახელა რესპუბლიკური პარტიის წევრი თინა ხიდაშელი თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის კანდიდატად, რომელიც საერთო სიაში მეორე ნომერი იქნება.
კანონის თანახმად, თბილისის მერი საკრებულოდან ირჩევა, სადაც 25 მანდატს მაჟორიტარული სისტემით საუკეთესო შედეგის მქონე პარტიების კანდიდატები მიიღებენ, დარჩენილ 12 ადგილს კი თბილისის ათივე საარჩევნო ოლქში 4%–იან ბარიერ გადალახული პარტიები დაიკავებენ.
რაც შეეხება მაჟორიტარულ სისტემას, პარტიამ საერთო ხმების სულ ცოტა 1/3 უნდა მოიპოვოს, რათა თავისი კანდიდატი საკრებულოში გაიყვანოს. თბილისის ათიდან ხუთი საარჩევნო ოლქი იქნება სამმანდატიანი, დანარჩენი ხუთი კი – ორმანდატიანი. 37 წევრიანი საკრებულო თავისი შემადგენლობიდან აირჩევს დედაქალაქის მერს. ამ პოსტის დასაკავებლად საკრებულოში სულ ცოტა ხმების 2/3–ის მიღებაა საჭირო.
კობა დავითაშვილმა განაცხადა, რომ იგი გეგმავს გლდანის სამმანდატიან მაჟორიტარულ ოლქში იყაროს კენჭი. ხიდაშელი ისნის სამმანდატიან მაჟორიტარულ ოლქში იყრის კენჭს.
დანარჩენ კანდიდატურები ჯერ–ჯერობით არ ახმაურებენ, თუ რომელ ოლქში იყრიან კენჭს.
კობა დავითაშვილის გადაწყვეტილება პარლამენტის დატოვების თაობაზე საკმაოდ სარისკო იყო, რადგანაც 5 ოქტომბრის არჩევნებში დამარცხების შემთხვევაში, ისედაც მცირერიცხოვან ოპოზიციას პარლამენტში ერთი დეპუტატით ნაკლები ეყოლება.
“რა თქმა უნდა, ეს სარისკო გადაწყვეტილებაა, მაგრამ ვფიქრობ ეს რისკი გამართლებულია“, – განაცხადა დეპუტატმა ზვიად ძიძიგურმა კონსერვატორებიდან.
“მისი [დავითაშვილის] გამარჯვენის შანსები ნულის ტოლია“, – განუცხადა დეპუტატმა გიგა ბოკერიამ ჟურნალისტებს 5 სექტემბერს.
ამასობაში, ახალი მემარჯვენეები ცდილობენ დაარწმუნონ ბიზნესმენი ბადრი პატარკაციშვილი თბილისის მერად იყაროს კენჭი. ახალ მემარჯვენეებს სურთ, რომ 3 სექტემბერს ლონდონიდან დაბრუნებული ბიზნესმენი თავიანთ კანდიდატურად დაასახელონ.
პატარაკაციშვილმა, რომელიც ამჟამად ახალ მემარჯვენეებთან კონსულტაციებს მართავს, ტელეკომპანია “იმედს“ განუცხადა, რომ არჩევნებში მონაწილეობა “თვითმიზანს არ წარმოადგენს“.
“მთავარია საქართველოს ეკონომიკური აღმავლობა, საქართველოს გაერთიანება და გამთლიანება და მე ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ ეს მოხდეს. თუ ამისთვის საჭირო იქნება, რომ მე უშუალოდ მივიღო მონაწილეობა რომელიმე არჩევნებში, ამაზეც არასდროს დამიხევია უკან და არც ახლა დავიხევ“, – განაცხადა პატარკაციშვილმა.
მანამდე დეპუტატმა მამუკა კაციტაძემ ახალი მემარჯვენეებიდან განაცხადა, რომ პატარკაციშვილი ამჟამად სწავლობს არჩევნებთან დაკავშირებულ ყველა დეტალს, რათა საბოლოო გადაწყვეტილება მიიღოს.
გამორიცხული არ არის, რომ ახალი მემარჯვენეებმა 5 ოქტომბრის არჩევნებს ბოიკოტი გამოუცხადონ, თუ პარტია პატარკაციშვილს არჩევნებში მონაწილეობაზე ვერ დაიყოლიებს.