
თბილისი სამხრეთ ოსეთში ძალის გამოყენებით იმუქრება
პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ გივი თარგამაძემ 4 სექტემბერს განაცხადა, რომ თბილისმა შესაძლოა ძალა გამოიყენოს სამხრეთ ოსეთის თვითგამოცხადებულ რესპუბლიკაზე კონტროლის აღდგენის მიზნით იმ შემთხვევაშიც კი, თუ თბილისი “შესაბამის“ საერთაშორისო მხარდაჭერას ვერ მოიპოვებს.
“ძალიან დიდი ძალისხმევა მართებს, პირველ რიგში, სწორედ საგარეო საქმეთა სამინიტროს ამ დღეების და თვეების განმავლობაში იმისათვის, რომ საქმე დაიძრას მკვდარი წერტილიდან, მაგრამ კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ თუ ვთქვათ, შესაბამისი [საერთაშორისო] მხარდაჭერა ვერ იქნება მოპოვებული, მიუხედავად ამისა ეს საკითხი უნდა გადაწყდეს, მათ შორის, თუ საჭირო გახდა ძალოვანი ოპერაციების მეშვეობითაც“, – განუცხადა გივი თარგამაძემ ტელეკომპანია “რუსთავი 2“-ს 4 სექტემბერს.
გივი თარგამაძე პრეზიდენტ სააკაშვილთან და თავდაცვის მინისტრთან ირაკლი ოქრუაშვილთან დაახლოებული პირია.
ეს საქართველოს პოლიტიკურ სინამდვილეში გაკეთებული პირველი საჯარო განცხადებაა სამხრეთ ოსეთში შესაძლო საომარი ოპერაციების შესახებ.
დეპუტატ თარგამაძის განცხადება საერთაშორისო საზოგადოების, კერძოდ კი დასავლური ქვეყნების მისამართით გაკეთდა, რათა მათ გააძლიერონ კონფლიქტის სწრაფი და ეფექტური მოგვარების გზების ძიების მცდელობები. წინააღმდეგ შემთხვევაში, ქართული მხარე აფრთხილებს მათ, რომ პროცესის გაჭიანურებას შესაძლოა სამხედრო მოქმედების განახლება მოყვეს.
თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ოქრუაშვილმა საჯარო განცხადება ორჯერ გააკეთა, რომ სამხრეთ ოსეთის შემოერთებას 2007 წლის იანვრისთვის გეგმავს, წინააღმდეგ შემთხვევაში თანამდებობას დატოვებს.
თბილისი და მოსკოვი ერთმანეთს ადანაშაულებენ
გივი თარგამაძის მიერ გაკეთებულ განცხადებას წინ უძღოდა 3 სექტემბერს მომხდარი ინციდენტი, როდესაც საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ვერტმფრენს, რომელშიც, გავრცელებული ინფორმაციით თავდაცვის მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილიც იჯდა, სამხრეთ ოსეთის შეუარაღებულმა პირებმა ცეცხლი გაუხსნეს, რის შედეგადაც ვერტმფრენმა ავარიული დაჯდომა განახორციელა.
4 სექტემბერს გავრცელებულ განცხადებაში რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ ვერტმფრენთან დაკავშირებული ინციდენტი თბილისის მიერ იქნა პროვოცირებული, რადგანაც ქართულმა საფრენმა აპარატმა კონფლიქტის ზონას გადაუფრინა, რითიც შერეული საკონტროლო კომისიის მიერ 2002 წელს ხელმოწერილი შეთანხმება დაარღვია.
“რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო საქართველოს ხელისუფლების ამგვარ ქმედებებს პროვოკაციის კვალიფიკაციას ანიჭებს, რომელიც აშკარად მიმართულია ქართულ–ოსური სამშვიდობო პროცესის ჩაშლისაკენ და მოწმობს იმას, რომ თბილისში ღიად იწყებენ საფუძვლის მომზადებას პრობლემის ალტერნატიული [ძალისმიერი] ვარიანტით გადასაწყვეტად“, – განაცხადა რუსეთის საგარეო უწყებამ.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ასევე განაცხადა, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტოს საფრენმა აპარატებმა კონფლიქტის ზონის საჰაერო სივრცე ივლისი-აგვისტოს განმავლობაში 12-ჯერ დაარღვიეს.
განცხადებაში არაფერია ნათქვამი ვერტმფრენის მისამართით ცეცხლის გახსნის თაობაზე, რომელიც საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ შეაფასა, როგორც კიდევ ერთი მაჩვენებელი მოსკოვის ღია მხარდაჭერისა სამხრეთ ოსეთის სეპარატისტული ხელისუფებისადმი.
4 სექტემბერს გამართულ პრესკონფერენციაზე საუბრისას საქართველოს სახელიმწიფო მინისტრმა კონფლიქტების მოგვარების საკითხებში მერაბ ანთაძემ განაცხადა, რომ “რუსეთის პოლიტიკური ხელისუფლების გეგმებში არის საქართველოში სერიოზული დესტაბილიზაციის და საომარი მოქმედებების გაჩაღება“ სამხრეთ ოსეთში.
თბილისი უარზეა აღიაროს ნებისმიერი შეთანხმება, რომელმაც შესაძლოა შეზღუდოს მისი საფრენი აპარატების გადაადგილება ქვეყნის საჰაერო სივრცეში.
“საქართველოს საჰაერო სივრცე არასდროს არ ყოფილა დანაწევრებული და არავითარი სანქციები ან გარკვეული ნებართვები გადაფრენების შესახებ საქართველოს არ სჭირდება“, – განაცხადა მერაბ ანთაძემ.
ეს განცხადება ანალოგიურია თავდაცვის მინისტრის ირაკლი ოქრუაშვილის მიერ ცოტა ხნის წინ გაკეთებული განცხადებისა, რომელმაც ინციდენტიდან ცოტა ხნის შემდეგ აღნიშნა, რომ ქართულ საფრენ აპარატებს აქვთ უფლება იფრინონ ნებისმიერ ადგილას, მათ შორის კონფლიქტის ზონაში.
თუმცა, ეუთოს მისიის ხელმძღვანელმა საქართველოში როი რივმა 4 სექტემბერს ასევე განაცხადა, რომ “არსებობს შეთანხმება შერეული საკონტროლო კომისიის თანათავმჯდომარეთა შორის, რომელიც კრძალავს კონფლიქტის ზონის თავზე ფრენების განხორციელებას“.
თუმცა, მან იქვე დასძინა, რომ “ცეცხლის გახსნა საფრენი აპარატისთვის უკანონოა“.
ამჟამად, ეუთო, რომელსაც კონფლიქტის ზონაში სამხედრო დამკვირვებლები ჰყავს, ინციდენტს იძიებს.
“ჩვენ ვცდილობთ გავესაუბროთ იმ ხალხს, ვინც შეესწრო ინციდენტს და შემდეგ ჩვენ დასკვნას გავაკეთებთ… შესაძლოა ცალკე სახელმწიფოებმა ან თავმჯდომარეობამ მიიღოს გადაწყვეტილება განცხადების გაკეთების თაობაზე“, – განაცხადა როი რივმა.
ამავე დროს, სამხრეთ ოსეთის მხარე იტყობინება კონფლიქტის ზონის მახლობლად ქართული სამხედრო კონტინგენტის გაძლიერების თაობაზე. თუმცა რადიო “თავისუფლების“ თბილისის ბიუროს ჟურნალისტმა გორში გოგა აფციაურმა 4 სექტემბერს “სივილ ჯორჯიას“ განუცხადა, რომ არანაირი ნიშანი საქართველოს სამხედრო კონტინგენტის გაძლიერებისა არ შეინიშნება.