ახალი ამბები

გივი თარგამაძე ცხინვალის რეგიონში ძალოვან ოპერაციას არ გამორიცხავს

დღეს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ გივი თარგამაძემ “რუსთავი 2“–ს განუცხადა, რომ სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის მოგვარება “მკვდარი წერტილიდან“ უნდა დაიძრას, თუნდაც ძალოვანი ოპერაციების ფასად.


“ძალიან დიდი ძალისხმევა მართებს, პირველ რიგში, სწორედ საგარეო საქმეთა სამინიტროს ამ დღეების და თვეების განმავლობაში იმისათვის, რომ საქმე დაიძრას მკვდარი წერტილიდან, მაგრამ კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ თუ ვთქვათ, შესაბამისი [საერთაშორისო] მხარდაჭერა ვერ იქნება მოპოვებული, მიუხედავად ამისა ეს საკითხი უნდა გადაწყდეს, მათ შორის, თუ საჭირო გახდა ძალოვანი ოპერაციების მეშვეობითაც“,  –   განაცხადა გივი თარგამაძემ 4 სექტემბერს.


ეს საქართველოს პოლიტიკურ სინამდვილეში გაკეთებული პირველი საჯარო განცხადებაა სამხრეთ ოსეთში შესაძლო საომარი ოპერაციების შესახებ.


მითუმეტეს განცხადება გაკეთდა იმ ფონზე, როცა 3 სექტემბერს საქართველოს შეიარაღებული ძალების კუთვნილ ვერტმფრენზე [რომელშიც სხვა სამხედრო მაღალჩინოსნებთან ერთად ასევე იმყოფებოდა თავდაცვის მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი] სამხრეთ ოსური შეიარაღებული ფორმირებების თავდასხმის გამო, ვითარება კონფლიქტის ზონაში უკიდურესად დაძაბულია.


 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button