ახალი ამბები

ვერტმფრენის ინციდენტის გამო რუსული და ქართული მხარეები ერთმანეთს ადანაშაულებენ

4 სექტემბერს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო “პროვოკაციულს“ უწოდებს ცხინვალის რეგიონში ქართული ვერტმფრენის დაცხრილვის ფაქტთან დაკავშირებით საქართველოს ხელისუფლების ქმედებებს, რომელიც “აშკარად მიმართულია ქართულ–ოსური სამშვიდობო პროცესის ჩაშლისაკენ და მოწმობს იმას, რომ თბილისში ღიად იწყებენ საფუძვლის მომზადებას პრობლემის ალტერნატიული [ძალისმიერი] ვარიანტით გადასაწყვეტად“.


რუსეთის საგარეო საქმეთა სამინიტროს ოფიციალური წარმომადგენლის მიხეილ კამინინის განცხადებით, საქართველოს შეიარაღებული ძალების კუთვნილი მი–8 ტიპის ვერტმფრენი, რომელსაც 3 სექტემბერს ცეცხლი გაუხსნეს, ფრენას სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის ზონის საჰაერო სივრცეში ახორციელებდა, რაც ეწინააღმდეგება შერეული საკონტროლო კომისიის 2002 წლის ივლისის გადაწყვეტილებას  კონფლიქტის ზონაში არასანქცირებული ფრენების შესახებ. 


კამინინის განცხადებით, საქართველოს შეიარაღებულმა ძალების კუთვნილმა ვერტმფრენებმა კონფლიქტის ზონის საჰაერო სივრცე ივლის–აგვისტოში 12–ჯერ დაარღვიეს.


ამ განცხადებას კამინინი სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის ზონაში განლაგებულ რუს, ჩრდილო ოს, ქართველ და ეუთოს სამხედრო დამკვირვებლების მონაცემების ანალიზის საფუძველზე აკეთებს.


“ჩვენთვის ზუსტად არ არის ცნობილი, ნამდვილად იმყოფებოდა თუ არა საფრენი აპარატის ბორტზე თავდაცვის მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი, და თუ ეს ასეა, მაშინ ჩნდება კითხვა: რატომ დასჭირდა ქართველ მინისტრს ამ ტერიტორიის შემოფრენა“, – აცხადებს კამინინი.


საქართველოს საგარეო საქმეთა სამინიტრო 4 სექტემბერს გავრცელებულ განცხადებაში ადასტურებს, რომ ინციდენტის ეპიცენტრში სხვა სამხედრო მაღალჩინოსნებთან ერთად იმყოფებოდა ირაკლი ოქრუაშვილიც, რომლის ვერტმფრენმაც სამხრეთ ოსური უკანონო შეარაღებული ფორმირებების თავდასხმის გამო ავარიული დაშვება განახორციელა.


ამასთან, თბილისი “აღმაშფოთებელს“ უწოდებს რუსეთის მხარის შეფასებას, რომელმაც “ყველაფერი ისევ საქართველოს მხარეს დააბრალა და ფაქტიურად გაამართლა სეპარატისტების მოქმედება“.


საქართველოს საგარეო უწყება ცხინვალის სეპარატისტული რეჟიმის “აგრესიულ ქმედებებს“ რეგიონის სრულიად უკონტროლო მილიტარიზაციას უკავშირებს, “რომელიც ხორციელდება რუსი სამშვიდობოების დანაშაულებრივი უმოქმედობისა და ხშირ შემთხვევაში, ხელშეწყობის ფონზე“.


კერძოდ, “გრძელდება რუსეთის ფედერაციიდან, როკის გვირაბის გავლით რეგიონში უკანონო შეიარაღების, მათ შორის, საზენიტო კომპლექსებისა და საბრძოლო ტექნიკის შემოყვანა და კონცენტრაცია კონფლიქტის ზონაში“, – აცხადებს ოფიციალური თბილისი.


 

Back to top button