ახალი ამბები

საარჩევნო მარათონში მონაწილე პარტიები გამოიკვეთა

ძირითადი ოპოზიციური პარტიები ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე ცალკ–ცალკე იბრძოლებენ, რადგან მათ ვერ მოახერხეს თბილისის მერობის ერთიან კანდიდატთან დაკავშირებით საერთო ენის გამონახვა. ეს კი კიდევ უფრო ზრდის მმართველი პარტიის  – ნაციონალური მოძრაობის შანსებს დამაჯერებელ წარმატებას მიაღწიოს 5 ოქტომბრის არჩევნებში.


საქართველოს გზა, მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს, ლეიბორისტები, ახალი მემარჯვენეები და რესპუბლიკელებისა და კონსერვატორების შესაძლო ბლოკი არჩევნებში მმართველ პარტიასა და ამასთანავე ერთმანეთს გაუწევენ კონკურენციას.


პარტიებმა: თავისუფლებამ, ეროვნულ–დემოკრატებმა, სამართლიანობამ და მწვანეებმა ბოიკოტის გზა აირჩიეს.


პოლიტიკურ მიმოხილველთა მოსაზრებით, მიუხედავად იმისა, რომ არჩევნებში 8 პარტია იღებს მონაწილეობას, დაძაბული საარჩევნო შეჯიბრებითობა მოსალოდნელი არ არის.


5 ოქტომბრის არჩევნებზე ბრძოლის მთავარი ასპარეზი თბილისში გაიშლება. ამ ეტაპზე ოფიციალურად დედაქალაქის მერობაზე სამი პრეტენდენტი აცხადებს სურვილს: გოგი თოფაძე, მრეწველთა ლიდერი; სალომე ზურაბიშვილი, საქართველოს გზის თავმჯდომარე და მოქმედი მერი გიგი უგულავა, რომელიც მმართველი პარტიის კანდიდატია.


რესპუბლიკელები და კონსერვატორები, რომლებიც უახლოეს დღეებში სავარაუდოდ, ერთ ბლოკად დარეგისტრირდებიან, მერობის ორ შესაძლო კანდიდატზე მსჯელობენ: კობა დავითაშვილზე, კონსერვატორების ლიდერზე და თინა ხიდაშელზე, რესპუბლიკური პარტიიდან.


“ჩვენ ჯერ კიდევ გვაქვს დრო ერთიანი კანდიდატის შესათანხმებლად… 7 სექტემბრამდე  ასევე ველით სხვა ოპოზიციური პარტიების წინადადებებს ჩვენ კოალიციასთან შემოერთების თაობაზე“, – განუცხადა 1 სექტემბერს რესპუბლიკელთა ლიდერმა დავით უსუფაშვილმა “სივილ ჯორჯიას”.


ჯერ–ჯერობით გაურკვეველია ვინ იქნება მერობის კანდიდატი ახალი მემარჯვენეებიდან, რომლებიც კვლავაც განაგძობენ გავლენიანი ბიზნესმენის ბადრი პატარკაციშვილის დარწმუნებას კენჭი იყაროს თბილისის მერად.


რაც შეეხება ლეიბორისტებს, ბოიკოტს მათ არჩევნებში მონაწილეობა არჩიეს, თუმცა არ აპირებენ დაასახელონ საკუთარი კანდიდატურა მერის პოსტზე იმ მოტივით, რომ თბილისის მერი პირდაპირი გზით არ ირჩევა.


კანონის თანახმად, თბილისის მერი საკრებულოდან ირჩევა, სადაც 25 მანდატს მაჟორიტარული სისტემით საუკეთესო შედეგის მქონე პარტიების კანდიდატები მიიღებენ, დარჩენილ 12 ადგილს კი თბილისის ათივე საარჩევნო ოლქში 4%–იან ბარიერ გადალახული პარტიები დაიკავებენ.


რაც შეეხება მაჟორიტარულ სისტემას, პარტიამ საერთო ხმების სულ ცოტა 1/3 უნდა მოიპოვოს, რათა თავისი კანდიდატი საკრებულოში გაიყვანოს. თბილისის ათიდან ხუთი საარჩევნო ოლქი იქნება სამმანდატიანი, დანარჩენი ხუთი კი  – ორმანდატიანი.  37 წევრიანი საკრებულო თავისი შემადგენლობიდან აირჩევს დედაქალაქის მერს. ამ პოსტის დასაკავებლად საკრებულოში სულ ცოტა ხმების 2/3–ის მიღებაა საჭირო.


გია ნოდიამ, “მშვიდობის, დემოკრატიისა და განვითარების კავკასიური ინსტიტუტის“ ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ ოპოზიციურ პარტიებს ძალიან მცირე შანსი აქვთ წარმატებას მიაღწიონ ადგილობრივ არჩევნებზე, განსაკუთრებით კი თბილისში.


“სამწუხაროდ მე არ მგონია, რომ ეს არჩევნები იქცეს სერიოზული პოლიტიკური კონკურენციის ასპარეზად… პრაქტიკულად, ოპოზიციას არ აქვს სერიოზული შანსები“, –  განუცხადა გია ნოდიამ 31 აგვისტოს რადიო “თავისუფლების“ თბილისის ბიუროს.


მისი თქმით, შეცდომაა, რომ ოპოზიციური პარტიები წინასაარჩევნო პერიოდში ძირითად აქცენტს დედაქალაქზე აკეთებენ.


“ალბათ უფრო ჭკვიანური იქნებოდა ოპოზიციისთვის, რომ უფრო მეტი ყურადღება მიექციათ სხვადასხვა რეგიონისთვის, სადაც მათ, რომელიმე კონკრეტულ ადგილას უფრო მეტი შანსი ქონდეთ“, – განაცხადა ნოდიამ.


 

Back to top button