
შეზღუდული ვადები არჩევნებზე დამკვირვებლებსაც პრობლემებს უქმნის
თვითმართველობის არჩევნების თარიღის გადმოწევა არამარტო პოლიტიკური პარტიებისთვის, არამედ არჩევნებზე დამკვირვებელი ორგანიზაციებისთვისაც მოულოდნელი აღმოჩნდა.
როგორც ადგილობრივი, ასევე საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციები აცხადებენ, რომ ვადები ძალზედ შეზღუდულია.
ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისი (ODIHR) აპირებს მომავალ კვირას საქართველოში ექსპერტთა ჯგუფი გამოაგზავნოს, რომელიც ადგილზე შეაფასებს სადამკვირვებლო მისიის გამოგზავნის შესაძლებლობას. ხოლო მომავალი კვირის ბოლოსთვის კი მოსალოდნელია რომ ODIHR მიიღებს გადაწყვეტილებას საქართველოში სადამკვირვებლო მისიის გამოგზავნის შესახებ.
”მე ამ ეტაპზე ვერ გეტყვით თუ რამდენი დამკვირვებლის გამოგზავნას შევძლებთ. რა თქმა უნდა დრო ძალზედ შეზღუდულია, არა მარტო ჩვენთვის, არამედ, პარტიებსითვის და საარჩევნო ადმინისტრაციისთვისაც. ალბათ უფრო მომავალ კვირას გვეცოდინება, თუ რამდენად იმოქმედებს სადამკვირვებლო მისიაზე ეს შეზღუდული დრო”, – განუცხადა ”სივილ ჯორჯიას” ურდურ გუნარსდოტირმა, ODIHR-ის პრესასთან ურთიერთობის განყოფილების უფროსმა, 31 აგვისტოს.
საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტარციის მიერ 27 აგვიტოს გაკეთებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ხელისუფლება არჩევნებზე იწვევს დიდი რაოდენობით უცხოელ დამკვირვებელს და “საქართველოს საზოგადოებას აქტიურობისაკენ მოუწოდებს, რათა არჩევნები მაქსიმალურად გამჭვირვალე და დემოკრატიულ ატმოსფეროში ჩატარდეს“.
ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაცია ”სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების” ხელმძღვანელის თამარ ჟვანიას განცხადებით, მიუხედავად იმისა რომ ორგანიზაცია დიდი ხანია ემზადებოდა არჩევნებისთვის და ჩართული იყო წინასაარჩევნო სამზადისში, მისთვის მაინც მოულოდნელი იყო არჩევნების 5 ოქტომბერს დანიშვნა, იმ ფონზე, როცა განცხადებები კეთდებოდა არჩევნების ნოემბერში, ან დეკემბერში შესაძლო ჩატარებაზე.
“სულ დაახლოებით 3000 ათასი დამკვირვებელი გვეყოლება. მთელი ქვეყნის მასშტაბით დავფარავთ ყველა საარჩევნო უბანს. გვეყოლება როგორც გრძელვადიანი ისე მოკლევადიანი დამკვირვებლები, ასევე მობილური ჯგუფები. ასევე ჩატარდება პარალელური ხმების დათვლა თბილისსა და კიდევ ოთხ დიდ ქალაქში: ფოთში, რუსთავში, ქუთაისში და ბათუმში,“ – განუცხადა 30 აგვისტოს “სივილ ჯორჯიას“ თამარ ჟვანიამ.
მისი თქმით, ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში (ცსკ) დამკვირვებელთა რეგისტარცია 15 სექტემბრამდე უნდა დასრულდეს.
„პრობლემაა ის, რომ 3000 კაცის მონაცემთა წარდგენა გარკვეულ დროს საჭიროებს“, – დასძინა მან.
ორგანიზაცია „ახალი თაობა – ახალი ინიციატივა“ არჩევნებზე 2500 დამკვირვებლის წარდგენას აპირებს, რომლებიც საქართველოს მასშტაბით თითქმის ყველა უბანზე აწარმოებს მონიტორინგს.
”არჩევნებისთვის სერიოზული მზადება მიდის. ჩვენი ორგანიზაცია ხმების პარალელურ დათვლასაც აწარმოებს თბილისში, ქუთაისში, ფოთში, თელავში, გორსა და ბათუმში“, – განუცხადა “სივილ ჯორჯიას“ 30 აგვისტოს “ახალი თაობა-ახალი ინიციატივის“ ხელმძღვანელმა კოკი იონათამიშვილმა.
ზოგიერთი დამკვირვებელი შეშფოთებას გამოთქვამს საარჩევნო სიებთან დაკავშირებით.
ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ ამომრჩეველთა სიების გადამოწმების მიზნით შექმნილ სპეციალური ჯგფებს, რომელთაც მუშაობა 23 აგვისტოს დაიწყეს, უფლებამოსილება ვადაზე ადრე – 1 სექტემბერს შეუწყდებათ იმის გამო, რომ არჩევნები მოულოდნელად 5 ოქტომბრისთვის დაინიშნა.
სპეციალური ჯგუფები მთელი საქართველოს მასშტაბით, კარდაკარ სიარულის პრინციპით ამოწმებენ ამომრჩეველთა სიებს.
ჯერ კიდევ ივნისში, როდესაც პარლამენტმა სპეციალური ჯგუფების შექმნის შესახებ გადაწყვეტილება მიიღო, დეპუტატმა ნაციონალური მოძრაობიდან პავლე კუბლაშვილმა აღიარა, რომ ამომრჩეველთა სიებში ”ძალიან ბევრი ხარვეზია.”
ცსკ-ს განცხადებით, სპეციალური ჯგუფების უფლებამოსილების შეწყვეტის შემდეგ, სიების გადამოწმების პროცესი საარჩევნო უბნებში გადაინაცვლებს.
“კომისია არჩევნების ჩასატარებლად სრულ მზადყოფნაშია და საარჩევნო ადმინისტრაცია შეძლებს დემოკრატიული და გამჭვირვალე არჩევნების ჩატარებას“, – განაცხადა ცესკოს თავმჯდომარემ გურამ ჩალაგაშვილმა.
“მაკვირვებს ცენტრალური საარჩევნო კომისიის განცხადება სრული მზადყოფნის შესახებ. შეშფოთება განსაკუთრებით ამომრჩეველთა სიებთან დაკავშირებით არსებობს. ძალიან დიდი სამუშაოებია ჩასატარებელი სიებთან მიმართებაში”, – განაცხადა თამარ ჟვანიამ.