ახალი ამბები

ოპოზიცია საარჩევნო ტაქტიკის შემუშავებას ჩქარობს

მას შემდეგ, რაც მმართველმა პარტიამ მორიგი უპირატესობა მოიპოვა არჩევნების თავიდან დაპირებულ თარიღზე უფრო ადრე დანიშვნით, ახლა ხელისუფლება ოპოზიციის საპასუხო ქმედებებს ელის, რომელიც ჯერ-ჯერობით უშედეგოდ ცდილობს სასურველი ტაქტიკის გამოძებნას იმისთვის, რომ ეფექტურად დაუპირისპირდეს მმართველ პარტიას 5 ოქტომბრის ადგილობრივ არჩევნებზე.

ოპოზიციურ პარტიათა უმრავლესობას ბევრი დრო არ აქვს, რადგან მათ ტაქტიკაზე შეთანხმება 7 სექტემბრამდე მოუწევთ. კანონის თანახმად, იმ პარტიებმა, რომლებსაც ბლოკში გაერთიანება სურთ, ცენტრალურ საარჩევნო კომისიას შესაბამისი განცხადებით არჩევნებამდე არა უგვიანეს 28 დღით ადრე უნდა მიმართონ.

ამჟამად ოთხი ოპოზიციური პარტია განიხილება შესაძლო ბლოკის წევრებად – რესპუბლიკელები, ახალი მემარჯვენეები, კონსევატორები და მრეწველები. თუმცა ახალი მემარჯვენეების წინადადებამ, ბადრი პატარკაციშვილის თბილისის მერობაზე ოპოზიციის საერთო კანდიდადატ წამოყენების შესახებ, შესაძლოა ამ პარტიების ერთ საარჩევნო ბლოკში გაერთიანების შანსები შეამციროს.

ახლების ლიდერმა დავით გაყრელიძემ 29 აგვისტოს განაცხადა, რომ ოპოზიციის არჩევნებში წარმატება დამოკიდებული იქნება ორ ფაქტორზე: ბადრი პატარკაციშვილის არჩევნებში მონაწილეობასა და ეფექტური ოპოზიციური გაერთიანების შექმნაზე.

”ჩვენ არჩევნებში მონაწილეობას მხოლოდ მონაწილეობისთვის არ მივიღებთ. გამარჯვების შანსები მნიშვნელოვნად გაიზრდება თუ ბადრი პატარკაციშვილი დათანხმდება იყაროს კენჭი. ამ დღეებში ბატონი ბადრი [ლონდონიდან] თბილისში დაბრუნდება და მასთან კონსულტაციებს განვაგრძობ… ამას გარდა, აუცილებელი იქნება სასურველი ოპოზიციური კონფიგურაციის შექმნაც”, – განაცხადა გამყრელიძემ.


ახლების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ არჩევნებში აუცილებელია ოპოზიციამ ხელისუფლებას “არაორდინალური გადაწყვეტილებები დაუპირისპიროს” და პატარკაციშვილის კანდიდატურის დასახელება სწორედ ასეთი გადაწყვეტილება იქნება.


თუმცა, ახლების ამ შემოთავაზებას სხვა ოპოზიციური პარტიების ფრთხილი რეაქცია მოჰყვა.


მრეწველების ლიდერი ზურაბ ტყემალაძე აცხადებს, რომ მისი პარტია თბილისის მერობის კანდიდატად გოგი თოფაძის დასახელებას აპირებს.


”მაგრამ თუ იქნება სხვა პარტიების მხრიდან კონსულტაციების გამართვის სურვილი, რა თქმა უნდა, ჩვენ ამისთვისაც მზად ვიქნებით”, – განაცხადა ზურაბ ტყემალაძემ.


თუმცა, კონსერვატორმა კახა კუკავამ 29 აგვისტოს განაცხადა, რომ პოტენციური საარჩევნო ბლოკის ზოგიერთი პარტია პატარკაციშვილის თბილისის მერობის კანდიდატატ დასახელების წინააღმდეგია.


მართალია კუკავას არ დაუკონკრეტებია, თუ რომელი პარტიები არიან წინააღმდეგ, მაგრამ მათ შორის აშკარად არიან რესპუბლიკელები.


”ჩვენ პარტიას არასოდეს განუხილია პატარკაციშვილის კანდიდატურა”,- განუცხადა ”სივილ ჯორჯიას” რესპუბლიკელების ლიდერმა დავით უსუფაშვილმა 22 აგვისტოს.


როგორც მოსალოდნელია, არჩევნებში თანამშრომლობაზე რესპუბლიკელები და კონსერვატორები შეთანხმდებიან.


”ჩვენი სასურველი ფორმატი იქნება თანამშრომლობა რესპუბლიკელებსა და კონსევატორებს შორის და ახლა ჩვენ ველოდებით ახლების და მრეწველების პასუხს”, – განუცხადა რესპუბლიკელმა თინა ხიდაშელმა ტელეკომპანია ”იმედს” 30 აგვისტოს.


რაც შეეხებათ ლეიბორისტებს, ისინი 31 აგვისტოს გადაწყვეტენ მიიღებენ თუ არა არჩევნებში მონაწილეობას. თუ ლეიბორისტები ბოიკოტზე უარს იტყვიან, მაშინ ისინი არჩევნებში მონაწილეობას დამოუკიდებლად მიიღებენ. ასევე დამოუკიდებლად იღებს არჩევნებში მონაწილეობას ”საქართველოს გზა”, რომლის კანდიდატიც თბილისის მერობის პოსტზე ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი სალომე ზურაბიშვილი იქნება.


კონსტანტინე გამსახურდიას პარტია ”თავისუფლება” ჯერ-ჯერობით ერთადერთია, რომელმაც არჩევნებს ბოიკოტი გამოუცხადა.

Back to top button