ახალი ამბები

ამერიკელი სენატორები საქართველოს მტკიცე მხარდაჭერას პირდებიან

ამერიკის რესპუბლიკელ სენატორთა ჯგუფმა, რომელიც საქართველოს 26-29 აგვისტოს სტუმრობდა, მტკიცე მხარდაჭერა გამოუცხადა საქართველოს ნატო-ში მისწრაფებას და თბილისის მცდელობას  შეცვალოს რუსეთის სამშვიდობო ოპერაციების ფორმატი აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში.

აშშ-ს სენატორთა ჯგუფი, ჯონ მაკკეინის ხელმძღვანელობით, პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან ერთად რამდენიმე რეგიონს ეწვია. დელეგაციის შემადგენლობაში ასევე შედიოდნენ  სენატორები სექსბი ჩამბლისი  – ჯორჯიის შტატიდან,  ლინდსი გრემი  – სამხრეთ კაროლინას შტატიდან, მელ მარტინესი  – ფლორიდადან, რიჩარდ ბარისა  – ჩრდილო კაროლინადან და ჯონ სუნუნუსი  – ნიუ ჰემპშირიდან. 

ვიზიტის დროს სენატროები მცხეთას და გორს, ასევე სვანეთსა და აჭარას ესტუმრნენ; მოინახულეს სენაკში ახალი სამხედრო ბაზასაც. 27 აგვისტოს დელეგაციის წევრები სამხრეთ ოსეთში გაემგზავრნენ, სადაც ცხინავლში დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდნენ.   
 
28 აგვისტოს, სენაკის სამხედრო ბაზაზე ვიზიტისას სენატორმა ჯონ მაკკეინმა ქართველ ჯარისკაცებს მადლობა მოუხადა ერაყის სამშვიდობო ოპერაციაში მონაწილეობისთვის და საქართველოს აშშ-ის ”საუკეთესო მეგობარი უწოდა".
 
"მნიშვნელოვანი პროგრესი"

ვიზიტის შემაჯამებელ პრესკონფერენციაზე, რომელიც თბილისში 28 აგვისტოს გაიმართა, ამერიკელმა სენატორებმა აღნიშნეს, რომ "ვარდების რევოლუციის" შემდეგ საქართველოში მნიშვნელოვანი პროგრესი შეინიშნება. 
 
"უკანასკნელი წლების განმავლობაში ჩვენ ვიხილეთ უზარმაზარი წინსვლა. მოხარულები ვართ, რომ საქართველოს მოქალაქეებს აქვთ შესაძლებლობა უკეთესი ცხოვრებით იცხოვრონ“, – განაცხადა ჯონ მაკკეინმა, მაგრამ დასძიან რომ, კვლავ რჩება საკითხები ,რომელიც მოგვარებას საჭიროებს, ისეთები როგორც არის აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი, ასევე  საქართველოში რუსი სამხედროების ყოფნა.
 
მაკკეინმა დარწმუნებით განაცხადა, რომ მიუხედავად იმისა მომავალში ვინ გახდება აშშ-ს პრეზიდენტი "იქნება ეს ადამიანი დემოკრატიული თუ რესპუბლიკური პარტიიდან, იგი განაგრძობს საქართველოს მხარდაჭერას".
 
სენატორ სექსბი ჩამბლისის განცხადებით, "აშკარაა, რომ ვარდების რევოლუციის შემდეგ საქართველოს მოქალაქეების ცხოვრების ხარისხმა მნიშვნელოვანი გაუმჯობესება განიცადა“ და ხაზი გაუსვა საქართველოს შეიარაღებული ძალებში განხორციელებულ რეფორმებს. 
 
"საქართველო სწორ გზაზე დგას. პრეზიდენტ სააკაშვილის ხელმძღვანელობის ქვეშ სწორი მიმართულებით მიდის ქვეყანა“, – განაცხადა სენატორმა ჩამბლისმა.
 
სენატორი სინდსი გრემის განცხადებით, მათზე "დიდი შთაბეჭდილება მოახდინა იმ მცდელობებმა, რომელიც მიმართული არის სასამართლო სფეროში რეფორმების გასატარებლად“.
 
სენატორ ჯონ სუნუნის განცხადებით, საქართველოში ადგილი აქვს "უზარმაზარ ცვლილებებს, რომელიც განხორციელდა კორუფციის წინააღმდეგ და ასევე ცვლილებებს, რომელიც ეკონომიკურ სფეროში მიმდინარეობს".

საქართველო ნატო-ს წევრობას ”იმსახურებს”

პრესკონფერენციაზე სენატორმა ლინდსი გრემმა განაცხადა, რომ "ქართველი ხალხი იმსახურებს იმას, რომ მათი ქვეყანა ნატოს წევრი იყოს".
 
"საქართველოს ნატო-ში გაწევრიანება გააძლიერებს ალიანსს და ნატოს, როგორც ორგანიზაციას და ასევე მსოფლიოს უფრო უსაფრთხოს გახდის… მე ვიმედოვნებ, რომ ნატოს წევრი ქვეყნები გაიაზრებენ და გაგებით მოეკიდებიან, რომ საქართველოს ნატოში წევრობა მხოლოდ და მხოლოდ გააძლიერებს ალიანსს და უფრო სტაბილურს გახდის ამ რეგიონს", – განაცხადა სენატორმა გრემმა.
 
მისი თქმით, საქართველომ დიდი ნაბიჯები გადადგა ტექნიკური კუთხით, რათა თანხვედრაში მოიყვანოს თავისი ინფრასტრუქტურა ნატოს სტანდარტებთან.

სეპარატისტული კონფლიქტები

ცხინვალში ვიზიტის შესახებ საუბრისას, სენატორმა მაკკეინმა განაცხადა, რომ მოლაპარაკებები სეპარატისტულ ხელისუფლებასთან ”არც თუ ისე პროდუქტიული იყო.“
 
"ვინაიდან არ იყო პასუხები მიღებული იმ კითხვებზე, რომლებიც ჩვენ დავსვით – თუ რატომ უშლიან ხელს ეუთოს მისიას შეასრულოს თავისი სამუშაო. არ იყო მიღებული პასუხები კითხვებზე, თუ რატომ არ არის პროგრესი სამშვიდობო ინიციატივებთან დაკავშირებიოთ, რომელიც წარმოადგინა საქართველომ… მე მგონი ის დამოკიდებულება, რაც იქ არის საუკეთესოდ არის გამოხატული იმ გზაზე, რომლითაც შედიხარ [ცხინვალში]. ცხინვალის შესასვლელში გამოკრულია პუტინის დიდი ბილბორდი, რომელსაც აწერია: "პუტინი ჩვენი პრეზიდენტია“. მე არ მიმაჩნია, რომ ვლადიმერ პუტინი არის, ან უნდა იყოს ოდესმე პრეზიდენტი ქართულ მიწაზე", – განაცხადა სენატორმა მაკკეინმა.
 
რუსეთის სამშვიდობო ძალები უნდა შეიცვალოს
 
ამერიკელ სენატორთა ვიზიტამდე ორიოდე დღით ადრე თბილისს 22-24 აგვისტოს კიდევ ერთი სენატორი, რიჩარდ ლუგარი სტუმრობდა. ვიზიტისას ლუგარმა აღნიშნა, რომ აშშ "ეთანხმება ქართველი ხალხის მოსაზრებას, რომ რუსი სამშვიდობო ძალები არ უნდა იყვნენ” აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის ზონებში. იგივე განცხადება საენატორმა მაკკეინმაც გაიმეორა.
 
"ჩვენ ვეთანხმებით სენატორ ლუგარის სიტყვებს, რომ სამშვიდობო ძალები არ ასრულებენ სამშვიდობო ფუნქციებს და უნდა მოხდეს მათი ჩანაცვლება ისეთი ძალით, რომელიც სამშვიდობო ფუნქციებს შეითავსებს… დროა შეფასდეს ასრულებენ თუ არა რუსი სამშვიდობოები ობიექტურად თავის მანდატს. მე მიმაჩნია, რომ მართლაც სეროზულად არის საფიქრალი ახალი საერთაშორისო ძალის გამოძებნა", – განაცხადა ჯონ მაკკეინმა.

მსგავსი/Related

Back to top button