ახალი ამბები

თბილისმა გალში აფხაზური შეიარაღებული ძალების შეყვანის ფაქტი დაგმო

საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გალის რაიონის დაბალი ზონის სოფლებში აფხაზურმა მხარემ დამატებითი შეიარაღებული ძალები შეიყვანა და გალის რაიონის აფხაზური ადმინისტრაციის დავალებით, ადგილობრივ ქართველებს სეპარატისტების სამხედრო ფორმირებისათვის სანგრების გათხრას აიძულებენ.


„სამინისტრო გმობს სეპარატისტული რეჟიმის დანაშაულებრივ პრაქტიკას და დსთ-ს მშვიდობისმყოფელთა უმოქმედობას, და მიაჩნია, რომ მაშინ, როდესაც მთელი ჩვენი ძალისხმევა მიმართულია სტაბილურობის დამყარებისა და კონფლიქტის მშვიდობიანი მოწესრიგებისაკენ, აფხაზურის მხარის ქმედებებით კიდევ ერთხელ გამოვლინდა მათი ჭეშმარიტი, დესტრუქციული და აგრესიული მიზნები და მისწრაფებები“, – ნათქვამია სამინისტროს მიერ 10 აგვისტოს გავრცელებულ განცხადებაში.  


გალის რაიონში მომხდარი ფაქტი ასევე დაგმო საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა კონფლიქტების მოგვარების საკითხებში მერაბ ანთაძემ და რუსი სამშვიდობოები უმოქმედობაში დაადანაშაულა.


ქართული მხარე მოუწოდებს დსთ-ს სამშვიდობო ძალებს და მათ ხელმძღვანელობას, გამოიყენონ მათ ხელთ არსებული საშუალებები, რათა თვითგამოცხადებული აფხაზეთის ტერიტორიაზე დაუყონებლივ აღიკვეთოს იძულებითი შრომის გამოყენება.

This post is also available in: English (ინგლისური)

მსგავსი/Related

Back to top button