
ახალი ეკონომიკური ინიციატივები
უმუშევრობის დაძლევა ბიზნესგარემოს გაუმჯობესებით
პრეზიდენტმა სააკაშვილმა 4 აგვისტოს გამოაცხადა, რომ საქართველოს მთავარი ეკონომიკური პრიორიტეტი ბიზნესგარემოს გაუმჯობესების გზით 2009 წლისთვის უმუშევრობის სულ ცოტა ორჯერ შემცირება იქნება.
ბათუმში მყოფმა მიხეილ სააკაშვილმა, მოსახლეობისადმი სატელევიზიო მიმართვაში, მთავრობის ახალ ეკონომიკურ გეგმებზე ისაუბრა და განაცხადა რომ მოხდება საგადასახადო ადმინისტრაციის რეფორმა და საგადასახადო არბიტრაჟის განახლებული ფორმით აღდგენა. მან ასევე გამოაცხადა ახალი პროგრამის დაწყების შესახებ, რომელიც 50 000 მოქალაქის კერძო კომპანიებში სამთვიან სტაჟირებას ითვალისწინებს. პროგრამა, რომელიც სექტემბრიდან დაიწყება, სახელმწიფოს დაახლოებით 22,5 მილიონი ლარი დაუჯდება.
“მყიფე მიღწევები”
სიტყვის დასაწყისში, პრეზიდენტმა სააკაშვილმა განაცხადა, რომ ვარდების რევოლუციის შემდეგ საქართველომ მრავალ წარმატებას მიაღწია, თუმცა იქვე დასძინა, რომ “ყველა ეს მიღწევა ჯერ კიდევ ძალიან მყიფეა”.
‘ახლა დროა გადავიდეთ ეკონომიკის განვითარების შემდეგ ეტაპზე,” – განაცხადა სააკაშვილმა.
მისი თქმით, ამჟამად საქართველოს ეკონომიკის მთავარი გამოწვევა უმუშევრობაა.
“ჩვენი მთავარი ამოცანაა ეკონომიკისთვის ახალი იმპულსის მიცემის გზით შევამციროთ უმუშევრობა სულ ცოტა ორჯერ ჩემი პირველი საპრეზიდენტო ვადის ამოწურვამდე [2009 წელს]”, – განაცხადა პრეზიდენტმა.
მისი თქმით, ახალი სამუშაო ადგილები უნდა შეიქმნას არა მარტო თბილისსა და ზღვისპირა ზოლში, არამედ საქართველოს ყველა რეგიონში.
“ამისთვის, პირველ რიგში, საჭიროა ბიზნესგარემოს კიდევ უფრო გაუმჯობესება და მეორეს მხრივ არსებული ადამიანური რესურსების კვალიფიკაციის ამაღლება და მათი გადამზადება”, – განაცხადა სააკაშვილმა.
“ჩვენ ძალიან ბევრი დადებითი რამ გავაკეთეთ, მაგრამ ყველა ეს მიღწევა შეუქცევადი ხასიათის უნდა იყოს. რა თქმა უნდა საქართველოს კიდევ უფრო მეტი ინვესტიციები ესაჭიროება. უცხოური კაპიტალი მოდის საქართველოს ეკონომიკაში, მაგრამ მას ესაჭიროება კიდევ უფრო გამჭვირვალე, კიდევ უფრო პროგნოზირებადი გარემო და კიდევ უფრო გრძელვადიანი სტაბილურობის განცდა”, – დასძინა სააკაშვილმა.
საგადასახადო ადმინისტრირების რეფორმა
სააკაშვილმა განაცხადა, რომ ეკონომიკისთვის ახალი იმპულსის მისაცემად, ქვეყანას, პირველ რიგში, “თანამედროვე და ეფექტური“ საგადასახადო ადმინისტრირება და სახელმწიფოსა და მწარმოებლებს შორის “ფინანსური ურთიერთობების დეკრიმინალიზაცია“ სჭირდება.
“პირველ წლებში, როდესაც ძალიან სერიოზული ბრძოლა დავიწყეთ კორუფციის წინააღმდეგ, მეწარმესთან ურთიერთობა, ძირითადად, საგადასახადო პოლიციის მეშვეობით ხდებოდა. თუმცა, როგორც კი, საგადასახადო პოლიციელი ბიზნეს სუბიექტის შესამოწმებლად შედის, ავტომატურად ხდება ამ სუბიექტის წარმომადგენლის კრიმინალიზაცია, რადგან ის სისხლის სამართლებრივ ურთიერთობაში შედის – საგადასახადო დარღვევით სისხლის სამართლის კოდექსიც ავტომატურად ირღვევა“, – განაცხადა სააკაშვილმა.
“ჩვენ საგადასახადო სამსახურის ისეთი რეფორმა უნდა განვახორციელოთ, სადაც საგადასახადო და საბაჟო სამსახურები გაერთიანდება, ხოლო საგადასახადო პოლიცია ამ სტრუქტურის მხოლოდ ერთ-ერთი შენაერთი იქნება და მასთან ურთიერთობა ძალზე იშვიათ შემთხვევებში ბოლო ეტაპი იქნება. ყველაფერი დანარჩენი სახელმწიფოსა და ბიზნესს შორის ჩვეულებრივი, სამოქალაქო ურთიერთობის ფარგლებში უნდა გადაწყდეს“.
“საგადასახადო პოლიციის” ტერმინის ქვეშ სააკაშვილი ფინანსურ პოლიციას გულისხმობდა – თუმცა მას ეს ტერმინი არც ერთხელ არ გამოუყენებია. თუმცა, მოგვიანებით როდესაც მისი გამოსვლა პრეზიდენტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა, ტერმინი “საგადასადო პოლიცია” – “ფინანსური პოლიციით“ იყო შეცვლილი.
ფინანსური პოლიცია 2004 წლის თებერვალში ეკონომიკურ და ფინანსურ დანაშაულთან ბრძოლისა და გადასახადების დამალვის საქმეების გამოძიების მიზნით შეიქმნა. ფინანსური პოლიცია, რომელიც ფინანსთა სამინისტროს სტრუქტურაში შედის და ამავდროულად პირდაპირ დაქვემდებარებაშია პრეზიდენტთან, საკმაოდ გავლენიან ინსტიტუტად გადაიქცა, თუმცა ის არა ერთხელ გამხდარა მწვავე კრიტიკის ობიექტი. თუ სააკაშვილის მიერ გახმოვანებული რეფორმა ნამდვილად შეეხება ფინანსურ პოლიციას, ეს ამ გავლენიანი ორგანოს ძალაუფლებას საკმაოდ შეასუსტებს.
სააკაშვილმა აღნიშნა, რომ ამ რეფორმას “თვეები დასჭირდება“.
“ეს არ იქნება მხოლოდ მექანიკური გაერთიანება… ის უნდა წარიმართოს სრული კომპიუტერიზაციის პირობებში და უნდა გაერთიანდეს საინფორმაციო ბაზა. საგულისხმოა ისიც, რომ არც ერთი პროფესიონალი არ იქნება შემცირებული და სამსახურიდან დათხოვნილი“, – დასძინა მან.
“ამავე დროს ბიზნესმენმა უნდა იცოდეს, რომ ურთიერთობა მას ცივილიზებულ სახელმწიფოსთან მოუწევს. იგი დარწმუნებული უნდა იყოს, რომ სახელმწიფო დასჯის ინსტრუმენტი არ არის ან, უკიდურეს შემთხვევაში, მხოლოდ დასჯის ინსტრუმენტი არ არის“, – განაცხადა სააკაშვილმა.
საგადასახადო არბიტრაჟი
პრეზიდენტმა სააკაშვილმა აღიარა, რომ საქართველოს “ბევრად უკეთესი სასამართლო სისტემა“ და საგადასახადო არბიტრაჟის ხელახლა ჩამოყალიბება სჭირდება. საგადასახადო არბიტრაჟი 2005 წლის აპრილში, შექმნიდან დაახლოებით ხუთ თვეში, გაუქმდა. თუმცა სააკაშვილმა იქვე დასძინა, რომ ახალი საარბიტრაჟო სისტემა “ბევრად უკეთესი“ იქნება, რადგან სახელმწიფო და ბიზნესი თანაბარ პირობებში იქნებიან.
მისი თქმით, ახალი საარბიტრაჟო სისტემა 2007 წლის დასაწყისში შეიქმნება.
“ჩვენ არბიტრაჟის ჩამოყალიბება გვჭირდება, მაგრამ არა ისეთის, როგორიც ერთი წლის წინათ ჩამოვაყალიბეთ. ეს [წინამორბედი არბიტრაჟი] მთავრობის შეცდომა იყო, რადგან ერთი და იგივე ხალხი იყო ბიზნესშიც და არბიტრაჟშიც და სახელმწიფოს მოგების შანსი, პრაქტიკულად, არ ჰქონდა“, – განაცხადა სააკაშვილმა.
“ჩვენ მზად ვართ წამყვანი ევროპული ქვეყნებიდან მოვიწვიოთ არბიტრები, მაღალი ხელფასები გადავუხადოთ და სამეწარმეო დავები, ქართველ არბიტრებთან ერთად, ნამდვილი არბიტრაჟის პირობებში, დადგენილი საერთაშორისო ნორმებით გადავაწყვეტინოთ“, – დასძინა მან.
მიკროკრედიტები
პრეზიდენტმა სააკაშვილმა განაცხადა, რომ სახელმწიფო მზად არის 2007 წლის იანვრიდან დაიწყოს მიკროკრედიტების პროგრამა მათთვის, ვისაც კერძო ბიზნესის დაწყება სურთ, განსაკუთრებით სოფლის მეურნეობის სექტორში.
“თითოეულ ადამიანს საბანკო კრედიტის აღების საშუალება უნდა ჰქონდეს. მაგრამ ჩვენ ხალხი სამეწარმეო საქმიანობისთვის უნდა მოვამზადოთ. მთავრობას ვავალებ, რომ ჩვენი მოქალაქეების ხელახალი მომზადება დაიწყოს, ასეთი გზით პირველ ეტაპზე მომზადებულ იმ ხალხს კი, ვინც კარგ თეორიულ ცოდნას აჩვენებს, საკუთარი საქმის დასაწყებად ხელი შეუწყოს. სახელმწიფო რესურსები ამაზეც უნდა დავხარჯოთ“, – განაცხადა სააკაშვილმა.
კვალიფიციური კადრის ნაკლებობა
სააკაშვილმა განაცხადა, რომ მიუხედავად იმისა, რომ უმუშევრობის დონე მაღალია, ქვეყანას არ ჰყავს საკმარისი კვალიფიცირებული კადრები სხვადასხვა სექტორში, განსაკუთრებით მშენებლობისა და მომსახურების სფეროებში.
“ეს ძალზე სერიოზული საკითხია, რადგან განათლების სისტემა სრულიად მოშლილი გვქონდა… განათლების სამინისტრო მუშაობს ახალი პროფესიული გადამზადების სისტემის შექმნაზე. პირველი შვიდი სასწავლებელი სექტემბერში გაიხსნება. მაგალითად ქობულეთში, ტურისტული ბიზნესისთვის კადრების მოსამზადებლად, სერვისის სკოლა იხსნება; რუსთავში სპეციალურ სასწავლებელს ვხსნით, რომელიც აზოტისა და მეტალურგიული ქარხნებისთვის მოამზადებს კადრებს; თბილისში სამშენებლო კადრების მოსამზადებელ სასწავლებელს ვხსნით, მაგრამ ეს საკმარისი არ იქნება. ასეთი სასწავლებელი ბევრად მეტია საჭირო – შესაძლოა ოცდაათი, ან ორმოცდაათიც კი, მაგრამ ამისათვის აუცილებელია დრო“, – განაცხადა სააკაშვილმა.
სტაჟირება 50 000 მოქალაქისთვის
საქართველოს პრეზიდენტმა განაცხადა, რომ სექტემბრიდან მთავრობა დააფინანსებს 50 000 მოქალაქისთვის კერძო ბიზნესში სამთვიანი სტაჟირების პროგრამას.
“ვიცი, რომ საქართველოში არის ძალიან ბევრი ადამიანი, რომელიც არა მარტო ვერ შოულობს სამსახურს, არამედ უკვე დიდი ხანია აღარ ეძებს მას… მინდა გითხრათ, რომ სახელმწიფო დამსაქმებლის როლს უკვე ვეღარ შეასრულებს… მოგმართავთ მოქალაქეებს და ბიზნესმენებს გამოიჩინეთ ინიციატივა“, – განაცხადა სააკაშვილმა.
მისი თქმით, მთავრობა 450 ლარს გადაუხდის სამთვიანი პროგრამის თითოეულ მონაწილეს.
“ეს აუცილებელია იმისათვის, რომ ხალხი სახლებიდან გამოვიყვანოთ. ბიზნესი ამით ძალიან მოიგებს, რადგან კერძო სექტორის წარმომადგენლებს პოტენციურად წარმატებული, შრომისუნარიანი და შრომისმოყვარე ადამიანების გაცნობის საშუალება მიეცემათ. ადრე შესაძლოა ეს ბიზნესისთვის სარფიანი არც ყოფილიყო, მაგრამ ეხლა ის დაზღვეულია – მას ამ ადამიანის დასაქმების არავითარი ვალდებულება არა აქვს, თუმცა დარწმუნებული ვარ, რომ ხალხის დიდი ნაწილი სამსახურს თუ იქვე არა, სხვა ბიზნესში მაინც იპოვის. ადამიანებს საკუთარ ძალებში რწმენა და მუშაობის სურვილი უნდა გავუჩინოთ და მივცეთ საშუალება, რომ თანამედროვე ეკონომიკის ფასი უფრო მეტად გაიგონ“, – განაცხადა სააკაშვილმა.
“მინდა ქართველ ბიზნესმენებს მივმართო – თქვენ არაფერს კარგავთ, ყველაზე ცოტა რაც აქედან გექნებათ არის ის, რომ სამი თვის განმავლობაში უფასო თანამშრომელი გეყოლებათ და მისი შემდგომი დასაქმების არავითარი ვალდებულება არ გეკისრებათ. მაგრამ ამ პროგრამაში მონაწილეობით, თქვენ ძალიან დიდ პატრიოტულ საქმეს გააკეთებთ“, – განაცხადა სააკაშვილმა.
მისი თქმით, მთავრობა მოთხოვნის შემთხვევაში მომავალ წელს დამატებით 100 ათას ადამიანს დააფინანსებს.
“მას შემდეგ, რაც 150 ათასი ადამიანი ამ სწავლებებს, შრომით სტაჟირებებს გაივლის, მზად ვართ, ქართული ბიზნესისთვის გადასახადების შემდგომი დაწევის საკითხი განვიხილოთ. მინდა ყველა ქართველ ბიზნესმენს შევახსენო, რომ საქართველოში 1 სექტემბრიდან საბაჟო ტარიფები პროდუქციის 90 პროცენტზე, პრაქტიკულად, უქმდება. ასევე მინდა შეგახსენოთ, რომ აღმოსავლეთ ევროპაში ჩვენ გვაქვს ერთ-ერთი ყველაზე დაბალი გადასახადები“, – დასძინა სააკაშვილმა.