ახალი ამბები

ოპოზიცია კოდორის გამო ხელისუფლების თავდასხმის ობიექტი გახდა

კოდორის ხეობაში ემზარ კვიციანის და მისი მებრძოლების წინააღმდეგ განხორციელებული ოპერაციით საქართველოს ხელისუფლებამ არა მარტო შეცვალა აფხაზეთში არსებული სტატუს ქვო, არამედ მოიპოვა უპირატესობა ოპოზიციის იმ ნაწილთან დაპირისპირებაში, რომელმაც დაგმო ხელისუფლების გადაწყვეტილება ხეობაში შეიარაღებული ოპერაცია განეხორციელებინა.


“ჩვენ გვქონდა სრული მხარდაჭერა [კოდორის ხეობაში განხორციელებული ოპერაციის დროს]. ხალხს ვგულისხმობ, პოლიტიკოსებს სულ სხვა აზრი აქვთ. ზოგიერთი პირდაპირ მუშაობს არაქართულ ინტერესებზე“, – განაცხადა პრეზიდენტმა სააკაშვილმა 2 აგვისტოს.


ხელისუფლების კრიტიკის მთავარი ობიექტები ახალი მემარჯვენეების ლიდერი დავით გამყრელიძე და ლეიბორსიტული პარტიის ლიდერი შალვა ნათელაშვილი გახდნენ, რადგანაც სწორედ მათ გააკრიტიკეს ყველაზე მწვავედ მთავრობის გადაწყვეტილება კოდორის ხეობაში ძალების გაგზავნის თაობაზე მას შემდეგ, რაც ემზარ კვიციანმა 22 ივლისს ცენტრალურ ხელისუფლებას შეიარაღებული დაუმორჩილებლობა გამოუცხადა. ამჟამად, კვიციანი საქართველოს ხელისუფლების მიერ იძებნება.


დავით გამყრელიძემ ხელისუფლება კვიციანის პროვოცირებაში დაადანაშაულა, რასაც ამ უკანასკნელის მიერ დაუმორჩილებლობის გამოცხადება მოჰყვა. გამყრელიძის თქმით, კოდორში განვითარებული მოვლენების უკან თავდაცვის მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი დგას, რომლის მიზანიც იყო საკუთარი პოლიტიკური პოზიციის გაძლიერება. შალვა ნათელაშვილმა კი დაგმო კოდორის ოპერაცია, მას “საკუთარი ხალხის გენოციდი“ უწოდა და მოუწოდა სახელისუფლებო ძალებს დაეყარათ იარაღი, რათა თავიდან აეცილებინათ სისხლისღვრა.  


ირაკლი ოქრუაშვილმა, რომელიც პირადად მონაწილეობდა კოდორის ოპერაციაში, 31 ივლისს განაცხადა, რომ გამყრელიძემ და ნათელაშვილმა “არაადამიანური, არაპატრიოტული და მოღალატური განცხადებები“ გააკეთეს.


“როდესაც გამყრელიძე და ნათელაშვილი მოუწოდებენ ჯარს იარაღის დაყრისაკენ, ეს არის ქვეყნის ღალატის ტოლფასი“, – დასძინა მან.


ოპოზიციური პარტია “თავისუფლების“ ლიდერი კონსტანტინე გამსახურდია ასევე იზიარებს პოზიციას, რომ ჯარების გაგზავნა კოდორში შეცდომა იყო. იგი გაემიჯნა იმ ოპოზიციურ პარტიებს, მათ შორის რესპუბლიკელებს და კონსერვატორებს, რომლებიც მიესალმნენ “ოპერაციის სწრაფ დასრულებას მინიმალური მსხვერპლით“.


“რომ არა პატრიარქის პოზიცია [რომელმაც ხელისუფლებას კოდორის ხეობაში თავშეკავებისკენ მოუწოდა], რომ არა ოპოზიციის და საზოგადოების პირდაპირი დაკვეთა ხელისუფლებისადმი, რომ არ დაეღვარათ სისხლი, ეს ბევრად უფრო სისხლიანი ოპერაცია იქნებოდა. ოპოზიციის, საზოგადოების და პატრიარქის რეაქციამ აიძულა ხელისუფლება მეტი სიფრთხილე გამოეჩინა. ამიტომაც, მსხვერპლი მინიმალური იყო“, – განაცხადა რესპუბლიკური პარტიის წევრმა, დეპუტატმა დავით ბერძენიშვილმა.


კონსერვატორების ლიდერმა, დეპუტატმა კობა დავითაშვილმა მადლობა გადაუხადა კვიციანის მებრძოლებსაც და სამთავრობო ძალებსაც იმისათვის, რომ “მათ ერთმანეთი დაინდეს“.


რადიო “თავისუფლების“ თბილისის ბიუროს პოლიტიკური მიმომხილველი ია ანთაძე აცხადებს, რომ კოდორის ხეობაში განვითარებულმა მოვლენებმა და ამ ყველაფერზე ხელისუფლების კარგად მომზადებულმა რეაქციებმა დააბნია ოპოზიციური პარტიების უმეტესობა.


“მე მომეჩვენა, რომ ოპოზიცია ცოტათი დაბნეული იყო, რადგან ერთის მხრივ კოდორის საკითხში სამართლებრივი კუთხე მათთვის სრულიად მისაღები იყო, მაგრამ მეორეს მხრივ, არ სურდათ ხელისუფლებასთან იდენტულ პოზიციაზე მდგარიყვნენ“, – განუცხადა ია ანთაძემ “სივილ ჯორჯიას“. 


29 ივლისს ოპოზიციური პარტიის წინ, საქართველოს ლიდერი ირაკლი ბათიაშვილი დააპატიმრეს და ემზარ კვიციანის ამბოხის ინტელექტუალური მხარდაჭერასა და დანაშაულის დაფარვაში დასდეს ბრალი. სატელეფონო ჩანაწერები, რომელშიც ირაკლი ბათიაშვილი ურჩევს ემზარ კვიციანს ტელევიზიით მოუწოდოს შეიარაღებული ძალების წარმომადგენლებს არ გამოიყენონ იარაღი და “არ გაისვარონ სისხლში“, სამართალდამცავებისთვის საკმარისი მტკიცებულება აღმოჩნდა ბათიაშვილისთვის ბრალის წასაყენებლად.


ირაკლი ბათიაშვილი, რომელიც 90-იანი წლების დასაწყისში საქართველოს უშიშროების სამსახურის უფროსი იყო, პარტია წინ, საქართველოს ერთ-ერთი დამფუძნებელია. პარტიის წევრებს შორის  არიან ასევე ექს-პრეზიდენტ შევარდნაძის ყოფილი თანაგუნდელები.  


ბათიაშვილმა უარყო ბრალდებები და განაცხადა, რომ მისი დაპატიმრება პოლიტიკურად მოტივირებული იყო. ამ მოსაზრებას სხვა ოპოზიციონერი პოლიტიკოსებიც იზიარებენ.


“ეს დაპატიმრება მიზნად ისახავდა [ხელისუფლების] ოპონენტების დატერორებას“, – განაცხადა დეპუტატმა ზვიად ძიძიგურმა კონსერვატიული პარტიიდან.


“თუ ჩაწერილი სატელეფონო საუბარი გამოძიების ერთადერთი მტკიცებულებაა, ვერ ვხედავ დაპატიმრების რაიმე იურიდიულ საფუძველს“, – განაცხადა დავით ბერძენიშვილმა რესპუბლიკური პარტიიდან. 


მიუხედავად გარკვეული სხვაობისა პოზიციებში, ყველა ოპოზიციური პარტია იზიარებს იმ მოსაზრებას, რომ უნდა დაიწყოს კოდორის ოპერაციის საჯარო გამოძიება, რათა გამჭვირვალედ შეფასდეს მოვლენები და დადგინდეს რამდენად სამართლიანად გამოიყენა ხელისუფლებამ ძალა. ოპოზიცია ასევე ითხოვს სახელისუფლებო ძალებსა და კვიციანის მებრძოლებს შორის მომხდარი შეტაკების დროს დაღუპული მოქალაქის გარდაცვალების გარემოებათა დადგენას.  


 

Back to top button