
თბილისი კოდორის მონიტორინგის სანაცვლოდ გუდაუთის ინსპექტირებას მოითხოვს
თბილისმა მიანიშნა, რომ ზემო კოდორის ხეობის მონიტორინგი შესაძლებელი გახდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ გუდაუთის სამხედრო ბაზაზე საერთაშორისო ინსპექტირება განხორციელდება.
რუსულმა და აფხაზურმა მხარეებმა საქართველო ზემო კოდორის ხეობაში “საპოლიციო ძალების საფარქვეშ“ ჯარის განლაგებაში დაადანაშაულეს, რაც ცეცხლის შეწყვეტისა და ძალთა დაშორიშორების შესახებ 1994 წლის მოსკოვის შეთანხმების “პირდაპირი“ დარღვევაა. შეთანხმების თანახმად, ზემო კოდორში საქართველოს შეიარაღებული ძალების ნაწილები არ უნდა განლაგდნენ.
მოსკოვმა და სოხუმმა უკვე მოითხოვეს ხეობაში მონიტორინგის განხორციელება გაეროს დამკვირვებელთა და რუსი სამშვიდობო ძალების მიერ, როგორც ამას 1994 წლის შეთანხმება ითვალისწინებს.
“აუცილებელია, კოდორის ხეობაში მონიტორინგის განახლება. თუ ეს არ მოხდება, ჩვენ ჩავთვლით, რომ საქართველო ომისთვის ემზადება. თუ საქართველო არ ემზადება ომისთვის, მათ ნება უნდა დართონ გაეროს დამკვირვებლებს და სამშვიდობოებს ხეობაში მონიტორინგი განახორციელონ“, – განაცხადა აფხაზეთის ლიდერმა სერგეი ბაღაფშმა 1 აგვისტოს.
რუსეთის თავდაცვის მინისტრმა სერგეი ივანოვმა ასევე მოუწოდა იმ საპოლიციო ძალების “ტოტალური ინპსექტირებისკენ”, რომლებიც ამჟამად ზემო კოდორის ხეობაში იმყოფებიან.
ზემო კოდორის ხეობის მონიტორინგი 2003 წლის ივნისიდან არ განხორციელებულა. მონიტორინგის შეწყვეტა უკავშირდება გაეროს დამკვირვებლებისა და მათი თარჯიმანის ხეობის პატრულირების დროს შეიარაღებული პირების მიერ გატაცების ფაქტს.
საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ოქრუაშვილმა 31 ივლისს ნათლად მიანიშნა, რომ თბილისი ხეობის მონიტორინგზე მხოლოდ გუდაუთის სამხედრო ბაზის ინსპექტირების შემდეგ დათანხმდება.
თბილისი დაჟინებით მოითხოვს გუდაუთის სამხედრო ბაზაზე საერთაშორისო მონიტორინგის განხორციელებას, რათა დადასტურდეს რუსეთის მიერ მისი დახურვა, როგორც ამას 1999 წლის ეუთოს სტამბოლის შეთანხმება ითვალისწინებს.
მოსკოვი კი თანახმაა ერთჯერადი მონიტორინგი განხორციელდეს ბაზაზე, მაშინ როცა საქართველო მხოლოდ რეგულარული საერთაშორისო მონიტორინგის დაწესების მომხრეა.
გარდა ამისა, საქართველო მოითხოვს რუსეთისგან გააუქმოს გუდაუთის სამხედრო აეროდრომი.
აფხაზური წყაროების ცნობით, ამჟამად გუდაუთის სამხედრო ბაზაზე სამშვიდობო ძალების კუთვნილი 4 ვერტმფრენი და 130 სამხედრო მოსამსახურეა განლაგებული.
აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი შამბამ 1 აგვისტოს განაცხადა, რომ კოდორის მონიტორინგის დაკავშირება გუდაუთის სამხედრო ბაზის ინსპექტირებასთან დაუშვებელია და იურიდიულად უსაფუძვლოა.
“ზემო კოდორის ხეობის მონიტორინგს 1994 წლის მოსკოვის შეთანხმება ითვალისწინებს… მაშინ როცა საქართველოს არანაირი საფუძველი არ აქვს გუდაუთაში არსებული ყოფილი რუსული სამხედრო ბაზის ინსპექტირება მოითხოვოს“, – განაცხადა შამბამ.
1994 წელს ქართული და აფხაზური მხარეების მიერ ხელმოწერილ შეთანხმებაში ნათქვამია: “კოდორის ხეობაში ერთდროულად უნდა განხორციელდეს სამშვიდობო ძალების და საერთაშორისო დამკვირვებლების რეგულარული პატრულირება“.
ამავდროულად, აფხაზეთის დე ფაქტო თავდაცვის მინისტრმა სულთან სოსნალიევმა 1 აგვისტოს საქართველო კოდორის ხეობაში 500-კაციანი სამთო ბატალიონის გაგზავნაში დაადანაშაულა.
მან განაცხადა, რომ აფხაზური მხარე “ადექვატურ ზომებს იღებს“ და დასძინა, რომ თავდაცვის სამინისტროს სპეცდანიშნულების რაზმი იქნა გაგზავნილი ქვემო კოდორის ხეობაში, რომელიც სეპარატისტული ხელისუფლების მიერ კონტროლდება. სოსნალიევმა ასევე განაცხადა, რომ აფხაზეთს არ გამოუცხადებია თავისი სარეზერვო ნაწილების მობილიზაცია, რადგანაც “ჯერ ამის საჭიროება არ არსებობს“.