ახალი ამბები

“რეზონანსი“ კოდორის ხეობაში განვითარებული მოვლენების შესახებ

მედია საშუალებებს, იმის გამო, რომ კვლავ ინფორმაციის სიმწირეა,  უწევთ ვარაუდების დონეზე მსჯელობა, თუ რა იყო ემზარ კვიციანის მოტივაცია, როცა საქართველოს ცენტრალურ ხელისუფლებას დაუმორჩილებლობა გამოუცხადა, რასაც შედეგად კოდორის ხეობაში სპეცოპერაცია მოყვა, წერს 31 ივლისს გაზეთი “რეზონანსი”.   

გაზეთის ცნობით, ხელისუფლების ვერსია შეიცავს ვარაუდებს, რომ კვიციანის უკან რუსული სპეცსამსახურები იდგნენ, ვისი საშუალებითაც მოსკოვი ცდილობდა რეგიონში დაძაბულობა გაეღვივებინა. “თუმცა, ისიც უნდა ითქვას, რომ ემზარ კვიციანისთვის რუსეთის სპეცსამსახურებთან კავშირის დასამტკიცებლად და იმის დასადასტურებლად, რომ ხეობაში ფართომასშტაბიანი პროვოკაცია მზადდებოდა, კონკრეტული, ძალიან მყარი მტკიცებულებებია საჭირო“, – აცხადებს “რეზონანსი“.


“რეზონანსის“ თქმით, კიდევ ერთი ვერსიის თანახმად, კვიციანის პროვოცირება ოფიციალურმა თბილისმა მოახდინა. კერძოდ, კვიციანი გააღიზიანა შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის წყაროს ინფორმაციამ, რომ  გასამხედროებული ჯგუფის “მონადირის“ განიარაღება იგეგმებოდა, რამას უბიძგა მას ცენტრალური ხელისუფლებისთვის წინააღმდეგობა გაეწია.   


“კოდორში შესვლის ამოცანა თუ საქართველოს სპეცსამსახურებმა დასახეს, მაშინ მათი მიზნები და ამოცანები გასაგებია და შესაძლოა, ეს მართლაც არ იყოს უკანასკნელი ნაბიჯი აფხაზეთის მიმართულებით. უფრო ვიწროპარტიულად თუ ვიმსჯელებთ, ხელისუფლებამ შესანიშნავი პიარკამპანია აწარმოა, მრავალი მწვანეფორმიანი პერსონაჟის, ერთი ყაჩაღისა, ერთი ტელეარხის და ერთი ჟურნალისტის მონაწილეობით. მერაბიშვილმაც კი გამოიკეთა საქმე – გირგვლიანის მკვლელობიდან მთელი ყურადღება კოდორისკენ იყო გადატანილი“, – წერს “რეზონანსი“.


თუმცა გაზეთი ასევე იმის შესაძლებლობასაც უშვებს, რომ კოდორში მოვლენები სპონტანურად განვითარდა, რაც “მონადირის“ განიარაღებასთან დაკავშირებით ხელისუფლების გადაწყვეტილებაზე კვიციანის “ემოციური პასუხის“ შედეგი იყო. “საკითხის მასშტაბებიდან გამომდინარე, არც სპეცოპერაციის პირველი ფაზის წარმატებით დასრულება იყო უცნაური, რადგანაც საუბარი იყო რამდენიმე შეიარაღებულ ადამიანზე“, – წერს “რეზონანსი“.


გაზეთი ასევე აღნიშნავს, რომ რა მოტივიც არ უნდა ყოფილიყო კვიციანის გადაწყვეტილების უკან, ხელისუფლებამ მაინც “ბევრი ჩიტი დაიჭირა“. “მონადირე გაუქმდა, იარაღი ამოღებულია, აფხაზეთის სივრცეში ერთი ნაბიჯით წინ წაიწია … და ამომრჩეველთა თვალში ძველი დიდებისა და სახელის დაბრუნებას შეეცადა“, – წერს “რეზონანსი“.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button