ახალი ამბები

ვანო მერაბიშვილი: კვიციანი რუსეთშია

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა 29 ივლისს  პრეზიდენტ სააკაშვილს განუცხადა, რომ საქართველოს ხელისუფლების მიერ ძებნილი ემზარ კვიციანი ამჟამად რუსეთში იმყოფება.


“კვიციანი, როგორც მოსალოდნელი იყო რუსეთში [პოლიტიკური] გვამების მთელ ბრიგადას შეუერთდა – ესენია იგორ გიორგაძე [უშიშროების ყოფილი მინისტრი],  ასლან აბაშიძე [აჭარის ყოფილი ლიდერი] და ჯემალ გოგოტიძე [აჭარის ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრი]. მე არ მესმის რაში სჭირდება რუსეთს ეს ხალხი. ასევე არ მესმის, რაში სჭირდება რუსეთს ამგვარი პროვოკაციების მოწყობა“, – განაცხადა  მიხეილ სააკაშვილმა შინაგან საქმეთა მინისტრთან შეხვედრის დროს.


რუსეთმა უკვე უარყო ის ფაქტი, რომ კვიციანი მის ტერიტორიას აფარებს თავს.


“ჩვენ ამგვარი ინფორმაცია არ გვაქვს. ამავე დროს, გვინდა ხაზი გავუსვათ, რომ დიპლომატიური არხებით ქართულმა მხარემ შეგვატყობინა, რომ მათ არ გააჩნიათ ინფორმაცია ემზარ კვიციანის ადგილმდებარეობის შესახებ“, – იტყობინება “რია ნოვოსტი“ თბილისში რუსეთის საელჩოს წყაროზე დაყრდნობით.


28 ივლისს საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა გიორგი არველაძემ განაცხადა, რომ კვიციანი სოხუმში იმყოფება.


შეხვედრის დროს პრეზიდენტმა სააკაშვილმა დაავალა შინაგან საქმეთა მინისტრს გააძლიეროს “კონტრდაზვერვითი საქმიანობა“.


“სრულიად აშკარაა, რომ მიმდინარეობს რაღაც სახის მოძრაობები, ჩვენ ყველაფერი უნდა ვიცოდეთ და ამაზე მკაცრი რეაგირება უნდა გვქონდეს. ყველამ უნდა იცოდეს, რომ ეს ქვეყანა სათარეშო არავისთვის აღარ არის. ეს თქვენი მოვალეობაა“, – განაცხადა პრეზიდენტმა.


 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button