არველაძე კოდორის მოსახლეობას ურჩევს განერიდონ “ბანდიტებს”
საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა გიორგი არველაძემ დღეს გამართულ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, რომ 25 ივლისს კოდორის ხეობაში პირველი გასროლა ემზარ კვიციანის მხრიდან მოხდა.
მან კოდორის ხეობაში მცხოვრებ მშვიდობიან მოსახლეობას მოუწოდა გამოიჩინონ სიფრთხილე და გაერიდონ იმ ადგილებს, სადაც ემზარ კვიციანის მომხრეები არიან გამაგრებულები, რათა არ დაშავდნენ უდანაშაულო ადამიანები. “ძალიან ძნელი იქნება გარჩევა“, – დასძინა მან.
“მოვუწოდებ მშვიდობიან მოსახლეობას გაერიდონ ბანდიტებს და მათი კონცენტრაციის ადგილებს, რადგან ბანდიტთა ფეხქვეშ მიწა დაიწვება… ჩვენ გავცემთ ბანდიტებს ისეთ პასუხს, როგორსაც ისინი იმსახურებენ“, – განაცხადა გიორგი არველაძემ.
მისი თქმით, დადგა მომენტი, როდესაც კოდორის ხეობა უნდა გათავისუფლდეს.
გიორგი არველაძემ ასევე დაადასტურა ინფორმაცია შინაგან საქმეთა სამინისტროს რამდენიმე თანამშრომლის დაჭრის თაობაზე, თუმცა არ დაუკონკრეტებია დაჭრილთა რაოდენობა.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)