skip to content
ახალი ამბები

გავრცელებული ინფორმაციით, ქართული ჯარები კოდორისკენ დაიძრნენ

30 კამაზის ტიპის ავტომანქანისგან, 18 “ნივის“ მარკის ავტომანქანისგან და ორი ჯავშანმანქანისგან შემდგარი ქართული ავტოკოლონა კოდორის ხეობისკენ მიემართება, იტყობინება საინფორმაციო სააგენტო “ინტერფაქსი“ 25 ივლისს აფხაზეთის დე ფაქტო შეიარაღებული ძალების შტაბის უფროსის ანატოლი ზაიცევის სიტყვებზე დაყრდნობით.


ზაიცევის განცხადებით, აფხაზური ჯარები საბრძოლო მზადყოფნაშია მოყვანილი.


საქართველოს პრეზიდენტის ყოფილი რწმუნებული კოდორის ხეობაში ემზარ კვიციანი, რომელმაც ცენტრალურ ხელისუფლებას დაუმორჩილებლობა გამოუცხადა, ხეობაშია გამაგრებული თავის გასამხედროებულ ჯგუფთან “მონადირესთან“ ერთად.


უცნობმა წყარომ საქართველოს მთავრობიდან 25 ივლისს “როიტერს“ განუცხადა, რომ “რამდენიმე ქართული შენაერთი“ კოდორის ხეობისკენ დაიძრა. “ისინი მზად არიან საჭიროების შემთხვევაში იქ ოპერაცია განახორციელონ“, – დასძინა წყარომ.


25 ივლისს გავრცელებულ განცხადებაში აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტრომ დაგმო ქართული მხარის ეს ქმედება და მას ცეცხლის შეწყვეტის თაობაზე მოსკოვის 1994 წლის შეთანხმების დარღვევა უწოდა.


“ქართულმა მხარემ დაარღვია მოსკოვის შეთანხმება და სამხედრო ტექნიკა და შეიარაღებული ძალები უსაფრთხოების ზონაში გაგზავდა. სამხედრო კოლონა თავდაცვის მინისტრის და შინაგან საქმეთა მინისტრის ხელმძღვანელობით კოდორის ხეობისკენ მიემართება“, – იტყობინება აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო უწყება, “რია ნოვოსტის“ და “ინტერფაქსის“ ცნობით.


1994 წლის მოსკოვის შეთანხმების თანახმად, რომელსაც ქართულმა და აფხაზურმა მხარეებმა მოაწერეს ხელი, ქართული ჯარები უნდა გამოვიდნენ კოდორის ხეობიდან “აფხაზეთის საზღვრებს მიღმა“.


ქართული მედია 25 ივლისს იტყობინებოდა, რომ საქართველოს თავდაცვის და შინაგან საქმეთა მინისტრები კოდორის ხეობაში იმყოფებიან, რათა უხუცესთა საბჭოს შეხვდნენ.


მანამდე ქართული მედია ასევე იტყობინებოდა, რომ შინაგან საქმეთა და თავდაცვის სამინისტროების ძალები მესტიაში განლაგდნენ.


თავად თავდაცვის და შინაგან საქმეთა სამინისტროები ამ საკითხთან დაკავშირებით კომენტარს არ აკეთებენ.  


 


 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button