ახალი ამბები

სამშვიდობოების საკითხი მაღალი დონის შეხვედრის მოლოდინში

საქართველოს მთავრობის შემდგომი ნაბიჯები კონფლიქტის ზონებში განლაგებულ რუს სამშვიდობოებთან დაკავშირებით ჯერჯერობით გაურკვეველია, რადგანაც მოლაპარაკებები საქართველოს და რუსეთის პრეზიდენტებს შორის დაუდგენელი ვადით გადაიდო. 


პრეზიდენტმა სააკაშვილმა მოსკოვში 21-22 ივლისს დაგეგმილი ვიზიტი მას შემდეგ გადადო, რაც რუსეთის ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ პრეზიდენტმა პუტინმა დსთ-ს ლიდერთა სამიტის გრაფიკში ქართველ კოლეგასთან პირისპირ შესახვედრად დრო ვერ გამონახა. უკრაინის და სომხეთის პრეზიდენტმა ასევე უარი თქვეს სამიტში მონაწილეობაზე, ერთმა “შიდა პოლიტიკური ვითარების“ და მეორემ – ავადმყოფობის მოტივით.

მას შემდეგ, რაც პარლამენტმა 18 ივლისს დაავალა მთავრობას დაიწყოს აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის კონფლიქტების ზონებიდან რუსი სამშვიდობოების გაყვანის პროცედურები, პრეზიდენტმა სააკაშვილმა განაცხადა, რომ აღმასრულებელი ხელისუფლება საბოლოო გადაწყვეტილებას მხოლოდ მისი პუტინთან შეხვედრის შემდეგ მიიღებს. ამის შემდეგ პრეზიდენტ სააკაშვილს რაიმე კომენტარი პარლამენტის დადგენილების აღსრულებაზე არ გაუკეთებია.


პუტინი-სააკაშვილის შეხვედრაზე რუსეთის უარის შემდეგ, დეპუტატებმა მმართველი პარტიიდან პრესკონფერენცია მოიწვიეს და ხაზი გაუსვეს, რომ რუსული მხარე ორი პრეზიდენტის მოლაპარაკებების შემდეგ საჯარო განცხადებების გაკეთების წინააღმდეგი იყო.  


დეპუტატმა გიგა ბოკერიამ განაცხადა, რომ პუტინს “ეშინია პრეზიდენტ სააკაშვილთან ერთად საჯარო განცხადებები აკეთოს“.


“თუ კიდევ ერთხელ ვნახავთ [13 ივნისს] სანკტ-პეტერბურგში გამართული პრესკონფერენციის [პუტინსა და სააკაშვილს შორის] კადრებს, სავსებით ნათელი გახდება, რომ პუტინი ძალიან უხერხულად გრძნობს თავს სააკაშვილთან საჯაროდ საუბრისას“, – განაცხადა ბოკერიამ.


ამავდროულად, საგარეო საქმეთა მინისტრმა გელა ბეჟუაშვილმა 21 ივლისს განაცხადა, რომ მიმდინარეობს კონსულტაციები რუსულ მხარესთან ორი პრეზიდენტის შეხვედრის ორგანიზების მიზნით. თუმცა, შეხვედრის დრო მან ვერ დააკონკრეტა.


მისი თქმით, ქართულ მხარეს მოლაპარაკებების გამართვა დოღზე შესთავაზეს – დოღზე დასწრება დსთ-ს სამიტის დღის წესრიგის ნაწილი იყო, “მაგრამ დოღი არ არის ის ადგილი, სადაც სერიოზული საკითხების განხილვა შეიძლება“.


საქართველოს ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ ქართულმა მხარემ პრეზიდენტების შეხვედრისთვის განსახილველად მოამზადა მთელი რიგი წინადადებები, რომლებიც ძირიდადად კონფლიქტების მოგვარებას უკავშირდება. თუმცა, დეტალური ინფორმაცია ამ წინადადებების თაობაზე არ ვრცელდება.


“ეს წინადადებები ძალიან რეალისტური და ძალიან სამართლიანია და ხელს შეუწყობს კონფლიქტების მოგვარებას. იმედი მაქვს, რომ ეს შეხვედრა მომავალში შედგება“, – განუცხადა ბეჟუაშვილმა ჟურნალისტებს 21 ივლისს. 


ის, რომ შეხვედრა “მომავალში” შედგება, რუსულმა მხარემაც დაადასტურა.


 

Back to top button