skip to content
ახალი ამბები

ხაინდრავა ოქრუაშვილს უტევს

გიორგი ხაინდრავამ, რომელიც 21 ივლისს კონფლიქტების მოგვარების საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობიდან გაათავისუფლეს,  თავდაცვის მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი სეპარატისტულ კონფლიქტებთან მიმართებაში საქართველოს ხელმძღვანელობის ოფიციალური კურსიდან გადახვევაში დაადანაშაულა. 


ყოფილმა სახელმწიფო მინისტრმა ეს განცხადება მანამდე გააკეთა, სანამ გაიგებდა, რომ ის ამ პოსტზე საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ მერაბ ანთაძემ შეცვალა. ხაინდრავამ დღეს ჟურნალისტებთან საუბრისას ოქრუაშვილის მხრიდან 20 ივლისს ტელეკომპანია “რუსთავი 2“-ის ეთერში მის წინააღმდეგ წამოყენებულ ყველა ბრალდებას პასუხი გასცა. 


თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ოქრუაშვილმა 20 ივლისს კონფლიქტების მოგვარების საკითხებში სახელმწიფო მინისტრი გიორგი ხაინდრავა გააკრიტიკა იმის გამო, რომ ეს უკანასკნელი, მისი თქმით, ოფიციალური თბილისის პოზიციას არ იზიარებს  საქართველოს სამხედრო პოლიციის მიერ სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის ზონაში 14 და 15 ივლისს რუსეთის ოფიციალური პირების დაკავებასთან დაკავშირებით.  თავდაცვის მინისტრმა  ამ ინციდენტთზე ხაინდრავას პოზიციას “პოლიტიკური კეკლუცობა“ უწოდა.


“მე ვფიქრობ, რომ ეს აბსოლუტურად დაუშვებელია, რომ ასეთი ტონით ელეპარაკონ ერთმანეთს მინისტრები… მე არასოდეს არ გადამიხვევია სახელმწიფო კურსიდან. ვფიქრობ, რომ თავად ირაკლი ოქრუაშვილს აქვს გადახვეული ამ კურსიდან“, – განაცხადა ხაინდრავამ.


“რაც შეეხება კეკლუცობას, მე ვფიქრობს, რომ პოლიტიკური კეკლუცობა პირველ რიგში არის განცხადება, რომ 1 იანვარს შევხვდებით ცხინვალში, როდესაც ამის არანაირი ობიექტური პირობა არ არსებობს; კეკლუცობა არის, როდესაც საკუთარი ქვეშევრდომების სიცოცხლის რისკის ფასად აკეთებ განცხადებას, რომ დაანგრიეთ კაზაკების ბანდები  და აგერ მოჰყავთ 8 გვამი და აღმოჩნდება, რომ გარდაცვლილია ერთი ცხინვალელი ბიჭი სანაკოევი, რომელიც ფეხში იყო დაჭრილი და მერე სისხლისდენით გარდაიცვალა; პოლიტიკური კეკლუცობაა, როცა ორფოლოს პოლიგინზე, როცა პრეზიდენტი უმნიშვნელოვანესი ვიზიტით არის წასული აშშ–ში, გამოდიხარ და იძახი, რომ შენ ქვეყანა გაქვს გასაერთიანებელი და არ გაინტერესებს ევროპელი მეგობრები  რას ფიქრობენ ამასთან დაკავშირებით.  და უამრავი სხვა საკითხი, რომელიც ნამდვილად შემიძლია, როგორც ბატონი ოქრუაშვილის კეკლუცობა მოვიყვანო“, – განაცხადა ხაინდრავამ.


მისი თქმით, მისი პრეტენზიები რუსეთის ოფიციალური პირების დაკავებასთან დაკავშირებით “სამართლიანი“ იყო. ხაინდრავამ კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ ეს იყო დიპლომატიური ურთიერთობების შესახებ ვენის კონვენციის დარღვევა.


ხაინდრავამ ასევე გააკრიტიკა სამხედრო პოლიციის უფროსი ალექსანდრე სუხიტაშვილი და მას “კონტრაბანდისტი“ უწოდა.


სამხედრო პოლიციის უფროსად დანიშვნამდე, სუხიტაშვილი შიდა ქართლის რეგიონალური პოლიციის უფროსი იყო, თუმცა 2005 წლის მარტში გაათავისუფლეს, მას შემდეგ, რაც მისი ქვეშევრდომები კონტრაბანდის ბრალდებით დააპატიმრეს. სუხიტაშვილი ოქრუაშვილის ახლო მოკავშირეა.


ხაინდრავამ ასევე გააკრიტიკა “რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორი ნიკა ტაბატაძე ოქრუაშვილისთვის მისი დასმული კითხვის გამო. თოქშოუს “თავისუფალი თემა“ მსვლელობისას თავდაცვის მინისტრმა განაცხადა, რომ რუსეთის სახმელეთო ძალების მეთაურის მოადგილე ვალერი ევნევიჩი “ჟულიკია“. ევნევიჩი იმ მანქანაში იმყოფებოდა, რომელიც სამხედრო პოლიციამ გააჩერა.


ნიკა ტაბატაძემ ჰკითხა ოქრუაშვილს: “ხაინდრავა ჟულიკს იცავს?“  


“დიახ, რა თქმა უნდა“, – უპასუხა ოქრუაშვილმა.


ხაინდრავამ განაცხადა, რომ ის ფორმა, რომლითაც ოქრუაშვილმა ის დაახასიათა “შეურაცხმყოფელი“ იყო და დასძინა, რომ ნიკა ტაბატაძის მიერ კითხვის დასმის ფორმაც “აბსოლუტურად მიუღებელი“ იყო.


“ჟულიკს იცავს თავად ტაბატაძე  და ბოლო ორი წელია იგი აიძულებს უამრავ ღირსეულ ჟურნალისტს, რომელიც იმ ტელევიზიაში მუშაობს, დაიცვას ჟულიკები“, – განაცხადა ხაინდრავამ. მან იმ ვარაუდებზე მიანიშნა, რომლის მიხედვით “რუსთავი 2“-ს ხელისუფლება აკონტროლებს.


ტელეკომპანიის მფლობელი ბიზნესმენი ქიბარ ხალვაშია, რომელიც, ქართული მედიის ცნობით, ირაკლი ოქრუაშვილის ახლო მეგობარია.


ხაინდრავამ თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ ჟურნალისტებისგან გაიგო და აღნიშნა, ეს გადაწყვეტილება მისთვის მოულოდნელი იყო.


“ჩემთვის უცნაურია გაათავისუფლო სახელმწიფო მინისტრი კონფლიქტების მოგვარების საკითხებში, როდესაც თავდაცვის მინისტრი უხვევს კურსიდან“, – განაცხადა ხაინდრავამ. 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button