ახალი ამბები

თბილისი რუსი სამშვიდობოების გაყვანისთვის სამართლებრივ საფუძველს ამზადებს

პრეზიდენტი სააკაშვილი 21 ივლისს მოსკოვში გაემგზავრება, სადაც დსთ-ლიდერთა არაფორმალუტი სამიტის პარალელურად, თავის რუს კოლეგასთან ვლადიმერ პუტინთან გამართავს მოლაპარაკებებს. თბილისის საბოლოო გადაწყვეტილება რუსი სამშვიდობოების შესახებ სწორედ ამ შეხვედრის შედეგებზე იქნება დამოკიდებული, განაცხადა სააკაშვილმა 18 ივლისს.


ამავე დროს, ოფიციალური თბილისი, პარლამენტის 18 ივლისის დადგენილების თანახმად, უკვე შეუდგა მუშაობას პროცედურებზე, რომლებიც სამშვიდობოების გაყვანისათვის იურიდიული საფუძვლის მოსამზადებლად არის საჭირო.


საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა გელა ბეჟუაშვილმა19 ივლისს განაცხადა, რომ იმ შეთანხმებებიდან გამოსვლა, რომელთა საფუძველზეც რუსი სამშვიდობოები  კონფლიქტების ზონებში არიან განლაგებული, “რთული პროცესია“, თუმცა სავსებით შესაძლებელი.


“საერთაშორისო ხელშეკრულებებიდან გამოსვლის პროცესი საკმაოდ რთულია, შეიძლება იდავო ამაზე, თუმცა, თუ იქნება მიღებული პოლიტიკური გადაწყვეტილება, ჩვენ ჩვენი არგუმენტები გვაქვს, თუ როგორ შეიძლება გამოხვიდე ამ შეთანხმებებიდან“, – განაცხადა ბეჟუაშვილმა.  


პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ კოტე გაბაშვილმა 19 ივლისს განაცხადა, რომ ცხინვალის რეგიონთან დაკავშირებით, სადაც სამშვიდობოები რუსეთსა და საქართველოს შორის 1992 წელს მიღწეული შეთანხმების თანახმად განთავსდნენ, არ არსებობს შეთანხმება, რომელიც განსაზღვრავს სამშვიდობო ოპერაციის შეწყვეტის წესებს.


“იყო დოკუმენტი, რომელშიც ოდესღაც იყო მოთხოვნა, რომ უნდა ყოფილიყო ვადები განსაზღვრული, მაგრამ ეს დებულება არასოდეს შესრულებულა. აქ შედის ძალაში ძალიან მარტივი პრინციპი: ეს პრინციპია საქართველოს სოვერენული სურვილი არ განალაგოს თავის ტერიტორიაზე უცხოური ძალები. ამის განხორციელების უფლება აქვს ნებისმიერ ქვეყანას და არ არსებობს არავითარი წესი, რომელიც ამას წინ აღუდგება“, – განაცხადა გაბაშვილმა.


აფხაზეთთან დაკავშირებით გაბაშვილმა განაცხადა, რომ “ვითარება აქ კიდევ უფრო ადვილია“ და მაგალითად მოიყვანა რუსეთის და საქართველოს პრეზიდენტებს შორის 2003 წელს მიღწეული შეთანხმება, რომელიც იმავე წელს დსთ-ს ლიდერებმა ოფიციალურად გააფორმეს.  


რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის და საქართველოს ექს-პრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძის სოჭში 6-7 მარტს გამართული შეხვედრის საბოლოო განცხადებაში ნათქვამია: “პრეზიდენტები შეთანხმდნენ, რომ ამიერიდან ეს [კოლექტიური სამშვიდობო] ძალები დარჩებიან [აფხაზეთის] კონფლიქტის ზონაში მანამ, სანამ ერთ-ერთი მხარე არ მოითხოვს სამშვიდობო ოპერაციის შეწყვეტას“.


ეს დებულება დადასტურდა დსთ-ს ლიდერების მიერ მოსკოვში 2003 წლის 22 მარტს მიღებული გადაწყვეტილებით. ამ დებულების მიღებამდე რუსი სამშვიდობოების მანდატი ყოველ ექვს თვეში ერთხელ გრძელდებოდა.


“ამდენად, ლაპარაკი იმაზე, რომ ეს სამართლებლივად ბუნდოვანი მოვლენაა და რუსეთში გაკეთებული განცხადებები, რომ ეს მოთხოვნები უკანონოა, სიმართლეს არ შეესაბამება“, – განაცხადა გაბაშვილმა.


რუსეთი, ისევე როგორც აფხაზური და სამხრეთ ოსური მხარეები აცხადებენ, რომ საქართველოს არ აქვს უფლება ცალმხრივად მოითხოვოს არსებული სამშვიდობო ოპერაციის შეწყვეტა.


ოპოზიციონერი პარლამენტარები აცხადებენ, რომ საქართველოს გამოსვლა დსთ-დან იქნებოდა საუკეთესო გზა აფხაზეთში სამშვიდობო ოპერაციის შესაწყვეტად.


თუმცა, გაბაშვილის განცხადებით, დსთ-დან გამოსვლა ავტომატურად არ გამოიწვევს არსებული სამშვიდობო ოპერაციის შეწყვეტას. “დსთ-დან გამოსვლა არაფერს შეცვლის ამ კუთხით“, – დასძინა მან.


საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა კონფლიქტების მოგვარების საკითხებში გიორგი ხაინდრავამ 19 ივლისს განაცხადა, რომ რუსი სამშვიდობოები არ ასრულებენ იმ შეთანხმებების არც ერთ დებულებას, რომლებიც სამშვიდობო ოპერაციების იურდიულ საფუძველს წარმოადგენენ. მისი თქმით, ეს უნდა გახდეს ამ შეთანხმებებიდან გამოსვლის მიზეზი.    


პარლამენტმა ასევე დაავალა მთავრობას უზრუნველყოს კონფლიქტების ზონებში საერთაშორისო პოლიციური ძალების განთავსება.


“მთავარი პრობლემა ამ კუთხით არის, თუ ვისი ეგიდით განხორციელდება სამშვიდობო ოპერაციები“, – განაცხადა ბეჟუაშვილმა, თან იქვე დასძინა, რომ რუსეთს გადამწყვეტი ხმა აქვს როგორც გაეროში, ისე ეუთოში.

Back to top button